ახალგაზრდა მშენებელი მოდის სამყაროში საკუთარი სიტყვის თქმას აპირებს
ნინო მელაძე 27 48 93
რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა, რომ ბიზნესის კეთების სურვილი რეალობად უნდა ექცია. თვითდამკვიდრებისთვის საკმაოდ ბევრი იშრომა და დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემდგარი ადამიანია იმ სფეროში, სადაც ფეხის მოკიდება არცთუ ისე იოლია.
. . . ყველაფერი კი ერთი პატარა ფქვილის საწყობიდან დაიწყო. ხშირად მტვირთავებსაც კი ეხმარებოდა, რადგან შრომა არ ეთაკილებოდა. ცხოვრებაში მიზანდასახულობასთან ერთად იღბალიც წამოეშველა და დღეს სამშენებლო ბიზნესში ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის “ელიტ მშენის” მფლობელია.
სერგო ხიმშიაშვილი ახალსოფელში დაიბადა, იქვე დაამთავრა სკოლა. ბავშვობაში მოუსვენარი ყოფილა. გარკვეული პერიოდი სპორტით იყო დაკავებული – ბერძნულ-რომაული ჭიდაობით. ორჯერ იყო აჭარის ჩემპიონი. რამდენიმე წელი თბილისში “ფალავანთა კლუბში” ვარჯიშობდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, სამწუხაროდ, სპორტზე უარის თქმა მოუწია.
– დამთავრებული მაქვს საბანკო საქმე და ფინანსები. სწავლის პარალელურად ბიზნესით დავინტერესდი, – ამბობს ახალგაზრდა ბიზნესმენი.
– ბატონო სერგო, გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები როგორ გადადგით ბიზნესში?
– გონებაში სულ იდეები მიტრიალებდა, მაგრამ თუ მათ რეალობად ქცევაზე არ დაიხარჯე, ვერაფერს მიაღწევ. არ ვამბობ, რომ იდეის ხორცშესხმა იოლი საქმეა, თუმცა, დაუღალავი შრომით ყველაფერი გამოვა. პირველად ძალები ფქვილის ბიზნესში მოვსინჯე. ეს მართლაც პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო. ავტოსადგურში საწყობი ავიღე და ფქვილით ვაჭრობა დავიწყე. ერთ ტომარაზე 50 თეთრს ვიგებდი (იცინის). საღამომდე 3 ტომარას ვყიდდი. რაღაც დროის შემდეგ ჩემმა ერთმა მომხმარებელმა საკმაო რაოდენობის ფქვილი წაიღო და თანხა არ გადაიხადა, ვალის სანაცვლოდ კი პურის საცხობი მომცა. ასე დავიწყე პურის ცხობა. საწყობი რომ მქონდა, თავადაც მიმუშავია ფიზიკურად, მტვირთავებს ვეხმარებოდი და ხშირად ფქვილშიც ამოვსვრილვარ. . . მიზანი უნდა გქონდეს ადამიანს და იცოდე, რას გინდა მიაღწიო ცხოვრებაში. მიზნის მისაღწევად კი შრომისმოყვარეობა აუცილებელი პირობაა. სირთულეების დაძლევაც უნდა შეგეძლოს. პურის ბიზნესში 3 წელი დავყავი. კონკურენციამ რომ იმატა, ბუნებრივია, მეც ახალი საქმის წამოწყებაზე დავიწყე ფიქრი.
– რა იყო შემდეგი საქმე?
– იმპორტზე დავიწყე ფიქრი, თუ რისი შემოტანა და რეალიზაცია გაამართლებდა. მალევე ერთმა მეგობარმა შემომთავაზა ფილიპინებიდან ბანანის შემოტანა. დავთანხმდი და საინტერესოდაც განვითარდა მოვლენები. შევისწავლე ბანანის დამწიფების ტექნოლოგია, საწყობიც სწორად შევარჩიე, მაგრამ. . . ბოლომდე მაინც ვერ გავთვალე. . . აღმოჩნდა, რომ ჩვენი საქონელი ვიზუალურად არ იყო კარგი, შესაბამისად, რეალიზაციაც გაჭირდებოდა და ზარალიც დიდი იქნებოდა.
– საინტერესოა, რა მოიფიქრეთ ზარალის თავიდან ასაცილებლად?
– საკმაოდ საინტერესო რამ და გაამართლა კიდეც. სამსახურში ავიყვანე სამი გოგონა, ორი ბიჭი და დავალება მივეცი. ვიდრე ისინი ჩემს დავალებას ასრულებდნენ, მანამდე რამდენიმე დიდ სუპერმარკეტში მივედი და შევთავაზე, ბანანი ჩემგან აეღოთ. იმდენად უსახური იყო ეს ჩვენი ბანანი, თავდაპირველად უარი თქვეს, მაგრამ ისიც ვუთხარი, ბანანი თუ არ გაიყიდებოდა, უკან წავიღებდი. დამთანხმდნენ. მეორე დღეს იმ სამ გოგონას ფული მივეცი და იმ სუპერმარკეტებში გავუშვი ბანანის შესაძენად, სადაც წინა დღეს ჩავაბარე. გოგონების “მისია” ასეთი იყო – ბანანის ყიდვისას ხმამაღლა, ყველას გასაგონად უნდა ეთქვათ – ეს ხომ საბავშვო ბანანია, რამდენი ხანია ვეძებთ და თქვენთან ყოფილა ყიდვა შესაძლებელიო. უწყინარმა ოინმა გაამართლა (იცინის). იმდენად სწრაფად გაიყიდა ბანანი, მერე თავად მიკავშირდებოდნენ მარკეტებიდან და მთხოვდნენ ბანანის მიტანას. ისე, პრინციპში, ბიზნესში თუ არ გარისკავ, არაფერი გამოვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბანანის მომწოდებელი კონტაქტზე აღარ გამოვიდა და ეს ბიზნესიც დავხურეთ, მაგრამ ამ საქმემ საკმაოდ კარგი მოგება დატოვა. ამის შემდეგ არმატურის შემოტანა დავიწყე თურქეთიდან. სხვათა შორის, იმ პერიოდში არც მიფიქრია, რომ სამშენებლო ბიზნესში გადავინაცვლებდი. პარალელურად, მეტალოპლასტმასის მოკრძალებული საწარმო გავხსენი, რომელიც დღემდე მოქმედებს. შემდეგი ეტაპი უკვე სამშენებლო ბიზნესი იყო. კომპანია “ელიტ მშენმა” 4 პროექტი წარმატებით განახორციელა. სამომავლოდ რას მოვიფიქრებ ან რომელი მიმართულებით გავაგრძელებ ბიზნესსაქმიანობას, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი.
– ვინც გიცნობთ, დამეთანხმება, რომ შემოქმედი ადამიანი ხართ და ტანისამოსის მოდელებს ქმნით.
– მოდელების შექმნა ჩემი ჰობია, თუმცა არ არის გამორიცხული სამომავლოდ სამშენებლო ბიზნესიდან მოდის სამყაროში გადავინაცვლო და ჩემი სიტყვა ვთქვა. ისე, მოდელების შექმნაზე რომ ვმუშაობ, ეს მართლაც მხოლოდ ჩემმა ახლობლებმა იციან და ბათუმში საუკეთესო მკერავმა, ქალბატონმა ვიოლამ. სხვათა შორის, რამდენიმე ცნობილი სახისთვის მაქვს შარვლის დიზაინი გაკეთებული. მეც ხშირად მაცვია “სერგოს” მარკის შარვლები. კლასიკურს სპორტული სტილი მირჩევნია – ჯინსის შარვლები და ქურთუკები. ასე რომ, ცხოვრებას წინასწარ ვერ დაგეგმავ, ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
– თქვით, რომ გადაწყვეტილებებს ადვილად იღებთ. რამდენად ამართლებს ეს ბიზნესში?
– ნათქვამია: “ვინც რისკავს, ის სვამს შამპანურს”. . . წარუმატებლობას ყოველთვის მოჰყვება წარმატება. არ მეშინია იმისიც, რომ რაღაც არ გამომივა. რამდენჯერაც უნდა დავმარცხდე, გაორმაგებული ძალებით ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის.
– ბატონო სერგო, სოციალურ პასუხისმგებლობაზე რას ფიქრობთ და თქვენთვის სიკეთის კეთება რას ნიშნავს?
– სოციალურ პასუხისმგებლობას კომპანია “ელიტ მშენი” არასდროს არიდებს თავს, თუმცა ჩვენზე მსხვილი მოთამაშეებიც არიან ბაზარზე და კარგი იქნება, სოციალურ პასუხისმგებლობას ცხოვრების წესად თუ აქცევენ. რაც შეეხება სიკეთის კეთებას, ვფიქრობ, ამაზე ადამიანმა ხმამაღლა არ უნდა ილაპარაკოს. ქვაზე დადებული მადლი ჯობია, რომ გაივლი და წინ დაგხვდება, თუმცა სიკეთეც ხომ გადამდებია. . . ამიტომ, ქველმოქმედებას რომ ვაკეთებ, იმ მომენტში ნაკლებად ვფიქრობ პიარზე, თუმცა ესეც აუცილებელი ყოფილა – გადამდები რომ იყოს სიკეთე.
– არ შემიძლია ქართველ ხელოვანებთან ერთად გადაღებულ ფოტოებზე არ გკითხოთ, რომლებიც, შეიძლება ითქვას, თქვენი კაბინეტის სავიზიტო ბარათია.
– ყველა ფოტოს თავისი ლამაზი ისტორია აქვს. მიყვარს ხელოვანი ადამიანები. საქართველოს კულტურის პალატის დასავლეთ საქართველოს მენეჯერი ვიყავი ოთხი წელი. იმ წლებმა დავით ოქიტაშვილთან იმდენად დამაახლოვა, რომ საქმიანი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. არ შემიძლია, არ ვთქვა, როგორი პოზიტიური მუხტის პატრონია გია ჯაჯანიძე. ბევრი რამ ვისწავლე მისგან. გია ჩემი ოჯახის ხშირი სტუმარია.
– მშენებელს კი არა, როგორც შემოქმედ ადამიანს გეკითხებით – როგორია თქვენი თვალით დანახული ბათუმი?
– ბათუმი ჩემთვის საუკეთესო ქალაქია, განსაკუთრებულად ლამაზი და მომხიბვლელი. მიყვარს ბათუმური წვიმაც და აბობოქრებული ზღვაც. ჩვენს ლამაზ ქალაქს დიდი რესურსი აქვს. ყველამ ჩვენი საკეთებელი საქმე უნდა ვაკეთოთ და წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში.
– ბათუმელების მოსაზრებაზე რას იტყვით, ქაოსური მშენებლობები, მაღალსართულიანი სახლები რომ არ მოსწონთ?
– თუ ვინმეს არ მოსწონს ის, რაც შენდება, ეს მშენებლის ბრალი არაა. ქალაქს განაშენიანების გეგმა უნდა ჰქონდეს და ყველას ეცოდინება – სად რა ტიპის შენობის აგებაა შესაძლებელი.
– მყარმა ფინანსურმა მდგომარეობამ რა შეცვალა თქვენში?
– ცხოვრებაში არაფერი შემცვლის, ვარ და ვიქნები ის, ვინც ვარ. ადამიანი ფინანსურად ძლიერი რომ ხარ, საშუალება გაქვს სიკეთე აკეთო. მერწმუნეთ, სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს. . .
– ნათქვამია, წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგასო.
– ჩემი სიძლიერე ჩემი ოჯახია. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე სალომე ზოიძე, რომელიც ჩემი ყველაზე ახლო მეგობარიცაა. მის გვერდით დგომას და მიზნის მიღწევაში დახმარებას ყოველ წამს ვგრძნობ. არა მხოლოდ ბედნიერი მეუღლე, ბედნიერი მამაც ვარ, რადგან მყავს ორი ულამაზესი ასული.
– დაბოლოს, რა არის თქვენი ცხოვრების პრინციპი?
– ოცნების მისაღწევად ჯობია იბრძოლო და დამარცხდე, ვიდრე უბრძოლველად გეწვიოს დამარცხება.

