დავით ჩხარტიშვილი: იბადება ახალი სამყარო და ბრმა უნდა იყო, რომ ვერ ხედავდე ამას
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა “კომერსანტთან” საუბრისას თქვა, რომ ურთიერთობებს იმ დოზით განავითარებენ, რა დოზითაც ამისთვის საქართველო იქნება მზად. გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირად წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში შეხვედრაზეც.
– ბოლო დროს გახშირდა ქართველი პოლიტიკოსების მკვეთრი განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანის მხრიდან. ისინი საუბრობენ ნატოსკენ დაჩქარებულ სვლაზე, დემოკრატიული ევროპის მიმართ რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ უწყობს ხელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ორმხრივი მიზიდულობის ატმოსფეროს გაძლიერებას. თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს: ან აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამის ერთდროულად გაკეთება რთულია და ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. გასაგებია, რომ თუ სამხრეთ კავკასიაში ნატომ სამხედრო აქტიურობა განავითარა, ადრე თუ გვიან ეს პრობლემებს გამოიწვევს. ჩვენ კარგად გვახსოვს, რით დაიწყო უკრაინული პრობლემა. აქაც საკითხი აბსოლუტურად იგივენაირად დგას. მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და ჩვენს ურთიერთობებში არსებული პრინციპული სირთულეების გათვალისწინებით, საქართველო ჩვენთვის ახლო ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ურთიერთობებს იმ დოზით განვავითარებთ, რა დოზითაც ამისთვის საქართველო იქნება მზად. ისტორია გვიჩვენებს, რომ ორ დაფაზე ერთდროულად თამაშის მცდელობები გაუგებრობას იწვევს და ამას ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს, – აცხადებს გრიგორი კარასინი.
ასეთი მძაფრი განცხადების შემდეგ, ჩნდება კითხვა – რას უნდა ველოდეთ რუსეთისგან? ამ და სხვა კითხვებს პუბლიცისტმა დავით ჩხარტიშვილმა უპასუხა.
– გვახსოვს, ცოტა ხნის წინ კარასინის უშუალო ხელმძღვანელმა ლავროვმა სალომე ზურაბიშვილს უსურვა – გამხდარიყო ყველა ქართველის პრეზიდენტი, დაუდასტურა კეთილგანწყობა და რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესების იმედიც გამოთქვა: “ზურაბიშვილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩემი პარტნიორი 2005-2006 წლებში. როდესაც ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ, იქვე შევთანხმდით საერთო ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ მოგვიანებით უარი განაცხადა ამ ცენტრის შექმნაზე. . . სამწუხაროა, რადგანაც მათ გაწყვიტეს კომუნიკაციის კიდევ ერთი ხაზი”. თუ ვინმე საქართველოში ვერ მიხვდა ლავროვის მესიჯს, გეტყვით, ხსენებული ცენტრი თავის დროზე რომ გახსნილიყო, 2008 წლის კონფლიქტი სხვაგვარად გადაწყდებოდა, შესაბამისად, მომდევნო მოვლენებიც ჩვენს სასარგებლოდ განვითარდებოდა. ის კი, რაც კარასინმა გააჟღერა ამ დღეებში “ყვითელი ბარათია”, რაც წაყრუებას მოჰყვა. რუსულ გამონათქვამს მოვიშველიებ: „Включение дурачка“, ხომ ალასანიას და “ნაცების” კადრებით გადატენილი საგარეო უწყების საფირმო სტილია.
– როგორ ფიქრობთ, შეძლებს სალომე ზურაბიშვილი “ყველა ქართველის პრეზიდენტი” გახდეს? იქცეს ერთგვარ ბიფურკაციის წერტილად შიდაპოლიტიკურ და საგარეო ასპარეზზე – გაარღვიოს ის მოჯადოებული წრე, რომელშიც ჩვენი ქვეყანა უკვე მესამე ათწლეულია იმყოფება?
– სალომე ზურაბიშვილი “ყველა ქართველის პრეზიდენტი” ვერ გახდება. რატომ? არჩევნებმა გვაჩვენა – “ქართული ოცნება” ყოველწლიურად კარგავდა იმ მორალურ უპირატესობას, რომელიც 7 წლის წინ გააჩნდა. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის ფიგურის ირგვლივ ხარბი და რუხი პერსონები გაერთიანდნენ. ამასთან, მისი მომხრეები სიტყვა-სიტყვით იმეორებენ სააკაშვილის ადეპტების მანტრებს როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, ეს ვერ შობს მასებში ახალ ტალღას და პერსპექტივას. წინა ხელისუფალმა სიბრიყვით შეიყვანა ქვეყანა ევოლუციურ ჩიხში, ხოლო ამჟამინდელს არ შეუძლია მისი ჩიხიდან გამოყვანა არაკომპეტენტურობის გამო. სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების სურვილში კი დღევანდელი ხელისუფლება ტოლს არ უდებს ყოფილს. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, უბრალოდ, ამ ეტაპზე უკეთესი არჩევანი არ ჩანს. . .
– “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე მოვლენებმა ხალხი დააბნია. ისინი, ვისაც პარტიის მთავარ ძალად თვლიდა საზოგადოება, მმართველი გუნდის რიგებს ტოვებენ…
– “ქართული ოცნება” გადაჭედილია მიხეილ სააკაშვილის ლატენტური მომხრეებით. იდეის არქონამ უმაღლეს ეშელონებში განაპირობა ლექის აღზევებაც ქვედა რგოლებში. “კადრები ყველაფერს წყვეტენ!” ამიტომაც არ ღირს კოლექტიური სალომე ზურაბიშვილისგანაც ველოდოთ რაიმე ტიპის გარღვევებს რუსულ მიმართულებაზე – ზედაპირული, გლამურული ხალხის საქმე არაა ეპოქალური გარღვევები, მით უფრო “ლეველზე”, რომელზეც შეიძლება ანტიტერორისტული ცენტრის საკითხის წამოჭრა, ან მაგალითისთვის, სხვა ტიპის საქმიანი საუბრის გაბმა რუსეთთან სეპარატისტული რეგიონების დაშოშმინებაში დახმარების სანაცვლოდ. ამისათვის არც მას, არც მის მომხრეებს ზოგადად, არ გააჩნიათ მორალური უპირატესობა და სიცხადე, არც “სტრატეგიული მეგობრების” დაინტერესება, არც ნება – შეეწინააღმდეგონ ისეთ რეანიმირებულ და თვითდაჯერებულ ძალას, როგორიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი ჟურნალისტებისა და მედიაბერკეტების ლეგიონითურთ. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის იდეას, როგორ წარმოგიდგენიათ 800 000-იანი ელექტორატის მქონე პარტიის აკრძალვა 3 მილიონიან ქვეყანაში? გაგიგიათ ასეთი რამ მომხდარიყო სადმე? პარტია კი არ უნდა ავკრძალოთ, იდეურად უნდა გავაკოტროთ. შენი გზის უპირობო უპირატესობა უნდა აჩვენო, მაგრამ ამისათვის მეტი დაფიქრება და მორალური სიცხადეა საჭირო. ბიძინა ივანიშვილის პარტია თვალსა და ხელს შუა ინგრევა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ირგვლივ მიმდინარე სკანდალი კი აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. დამოუკიდებლობის 27 წლის შემდეგაც საქართველოში არ არსებობს მკაფიო კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც უნდა აირჩიონ მოსამართლეები, რაც ყველა გაიძვერას საშუალებას აძლევს, დაიკავოს ადგილები სისტემაში. “ქართულ ოცნებაში” ისეთი მდგომარეობაა, სათუოა “გადატვირთვამ” უშველოს. ყველაფერი მიშვებული იყო ამ წლების განმავლობაში. უავტორიტეტო, უცნობი, უიდეო ხალხი შეიკრიბა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, რომელსაც სულ უფრო უახლოვდება “ნაციონალების” ხროვა მაიდანის ტექნოლოგიებით. თანაც, სადაცაა დაიბადება “მესამე ძალაც”, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდება ხალხი. ამის დასტურია საპრეზიდენტო არჩევნებზე არმისული ჩემი ქვეყნის ის 50 პროცენტი ამომრჩეველი, რომლებსაც მობეზრდათ სისხლისმსმელი “ნაციონალები” და უუნარო “ოცნებაც”, ერთგვარი “პოჩვენიკები”, “შუალედური გზის” მომხრეები, რომლებსაც ძალუძთ საღი აზრიდან გამომდინარე დაალაგონ ურთიერთობები რუსეთთან და შესაბამისად, რამდენიმე წელიწადში ააღორძინონ ეკონომიკა რუსეთის უკიდეგანო გასაღების ბაზრის წყალობით, ანუ კვლავ ევროპული კვოტირებული ბაზრის იმედად არ დარჩნენ ოკეანისგაღმელი პარტნიორის გულის მოსაგებად. ძალას, რომელიც შეძლებს სააკაშვილის მომხრეების წინაშე და “დასავლელი პარტნიორებისადმი” შიშის გარეშე მოახდინოს ახალი პრიორიტეტების დეკლარირებაც – შეუძლია თამამი გარღვევები მოახდინოს აფხაზურ და ოსურ მიმართულებებზე, შეუძლია თანაბრად ესაუბროს პუტინს, მიკიბ-მოკიბვის გარეშე. არ გამოვრიცხავ, რომ თავად ივანიშვილმაც გააკეთოს ეს – “მოკლას საკუთარი შვილი”, ჩარეცხოს ძველი, რომ დაეხმაროს ახალ ძალას ინსტიტუციონალიზაციაში, ანდა უარეს შემთხვევაში – არ შეუშალოს მას ხელი. აი, როგორ დგას დღეს ეს საკითხი საქართველოში, სოფოკლეს დრამატურგიაზე უფრო მძაფრად – “ან-ან”, თავისუფალი, ნებელობითი, სახელმწიფო მოღვაწის და მეცენატის ჭკვიანური საქციელი თუ ბედისწერის მძევალი ოლიგარქის და ბუღალტრის ქცევის მოდელი. გამოსავალი არის – “ოცნების” დაშლის შეჩერება მხოლოდ მისი რიგების გადაფორმატირებას შეუძლია და ასევე ახალ იდეას, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, გადააფასონ ფუნდამენტური ცნებები, რაც უკვე ახალ რაკურსში დაანახებს “ოცნების” ბოსებს როგორც სტრატეგიულ მოკავშირეებს, ისტორიულ მეგობრებს და მტრებსაც, ასევე, კონფლიქტების გამომწვევ მიზეზებსა და ქვეყნის ახალ პრიორიტეტებსაც.
– ზემოთქმული რუსულ პროპაგანდაში რომ ჩაგითვალონ?
– ეს საღი აზრია და საერთაშორისო ანაბანას ცოდნაა, იბადება ახალი სამყარო და ბრმა უნდა იყო, რომ ვერ ხედავდე ამას, ის უფრო ავია, პრაგმატული, უფრო ნაციონალისტური, ვიდრე ძველი სამყარო. იტალიაში სალვინია – პუტინის ფანატი, მერკელს ყურში “ალტერნატივა გერმანიისათვის” ჩაესმის და თავადაც ეკეკლუცება რუსეთს, ესპანეთს კატალონიის პრობლემის გამო დაშლა ემუქრება, “ბრექსიტმა” ბრიტანული საზოგადოება გაყო, უნგრეთიდან სოროსს აძევებენ, ავსტრიაში ულტრამემარჯვენეებია, საფრანგეთში ფაქტობრივად, სახალხო აჯანყებაა, “რედნეკ” ტრამპს სირიიდან ჯარები გამოჰყავს, ამერიკის ერთგული არაბული ქვეყნები კი ერთი მეორის მიყოლებით იწვევენ რუსეთს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში შეძლო და დაარწმუნა ყველა, რომ მისი სიტყვა და საქმე ერთია. თურქეთი, რომელსაც აჭარაზე უჭირავს თვალი – “საქართველოს ისტორიული მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი”, დღეს თუ არა ხვალ იქცევა თეოკრატიულ ისლამურ სახელმწიფოდ და სრულიად უნიჭო, ანდა სოროსზე და გლობალისტურ წრეებზე ორიენტირებული ქართველი პოლიტიკოსი უნდა იყო, რომ ვერ დაინახო მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები, რომ ისევ და ისევ სექტანტის შემართებით უნერგო ქართველ ხალხს ათიოდე წლის წინანდელი შავ-თეთრი შტამპი, სადაც რუსეთი “აბსოლუტური ბოროტებაა”, დასავლეთი კი “აღთქმული მიწა”, რომელიც ჩვენ ხელგაშლილი გველოდება. უნდა დავიწყოთ გადაფასება სულ თავიდან, ყველა სფეროდან – კერპების მსხვრევით გამოწვეული ტკივილიც კი უნდა ავიტანოთ, რადგანაც აღარ გვაქვს ასარჩევად საქმე!
– გონიერ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეებს, რომლებიც საკმაოდ არიან საქართველოში, რას ეტყოდით?
– საკმაოდ არიან კი, მაგრამ დეზორგანიზებულნი არიან, გამაერთიანებელი იდეის და ლიდერების გარეშე. ვეტყოდი: თუკი ჩვენ მეტამორფოზა გვინდა და არა უსასრულო ტრანსფორმაციები, საფუძველი უნდა შევცვალოთ. მაგალითად, სოროსს ანტისოროსი დავუპირისპიროთ და ამით საქართველოს ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნებას შევუწყოთ ხელი. შევთავაზებდი მათ იდეას, რომლის გარშემოც შეიძლება გაერთიანება – ფუნდამენტს, რომელზეც ყველა დაინტერესებული თავის აგურს დადებს. ამასთან, არ მინდა დოგმა გამომივიდეს, ამიტომ მხოლოდ ახალი დოქტრინის პროექტის მონახაზს შევთავაზებდი და თანაავტორობასაც, რათა არ დავემსგავსო მოწინააღმდეგეთა ბანაკს, მათი სექტანტური მეთოდოლოგიებით, სადაც ითრგუნება ინდივიდუალიზმი ბრბოს ინსტინქტების გასახარად და კიდევ – პოლიფონიით მორალური უპირატესობაც მოვიპოვოთ მათზე, კრიტიკულად და მოქალაქეობრივად მოაზროვნე წრეებმა. უფრო კონკრეტულად კი, პირველ ყოვლისა, უნდა შევწყვიტოთ ევროატლანტიკური კურსის (მისი რადიკალურ-ლიბერალური ფორმის) ერთგულების ხაზგასმა და ანტირუსული რიტორიკის გაღვივება. ასევე საჭიროა აშშ-ზე ავადმყოფური დამოკიდებულების შემცირება და ეს ტენდენცია თვალშისაცემი უნდა გახდეს სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზეც. საჭიროა პირდაპირი დიალოგი შიშის გარეშე, რომ რომელიმე ფანატიკოსი “ნაცი” ანდა ანგაჟირებული არასამთავრობო არ წამოგაძახებს “რუსეთუმეობას”. გამოვიტანოთ რეფერენდუმზე საკითხი – “გვჭირდება კი ნატოში გაწევრიანება?” ნატოში შესვლა ბლეფია, რომლითაც კვებავენ საქართველოს ბოლო 27 წელია, როგორც მოლა ნასრედინის ვირს. ასევე საჭიროა ახალი ფასეულობითი ორიენტირების პროგრამირება, სადაც დომინანტად უნდა იქცეს ევრაზიულობის პოლიტიკური იდეოლოგია, რათა შემდგომში ამ საფუძველზე ავაშენოთ საერთო სახლი ოსებთან და აფხაზებთან და პარალელურად, მთავრობამაც უნდა შეწყვიტოს ყოყმანი, არჩეულ გზას მიჰყვეს ბოლომდე, ხოლო რაც შეეხება მთელ ამ ვესტერნიზირებულ და ულტრალიბერალურ პანოპტიკუმს, რომლებსაც არასამთავრობოებმა, სააკაშვილის ადეპტებმა და მეინსტრიმულმა მედიამ ტვინი გამოურეცხა, უნდა ვებრძოლოთ მათივე საპირწონე “ენჯეოებისა” და პროქართული მედიასაშუალებების შექმნით. შემდეგ კი, ზოგადეროვნულ დონეზე, “მრგვალი მაგიდის” ფორმატში დავსხდეთ აფხაზებთან და ოსებთან და მათთან ერთად გადავაფასოთ ჩვენი უახლესი ისტორიაც. ბოლოსდაბოლოს უნდა გასამართლდნენ კონფლიქტის გაჩაღებაში ბრალდებული პირებიც და ა.შ.
– აშკარაა, რომ არ ხართ ნატოსა და ევროინტეგრაციის მომხრე, მაგრამ რუსეთუმეობასაც უარყოფთ, მაშ, როგორ შეიძლება განისაზღვროს თქვენი ფასეულობების სისტემა?
– მადლობა ასეთი შეკითხვისთვის, ვარ პრაგმატისტი ლიბერალი, რომელიც ტრადიციულ-კონსერვატიული პარადიგმის ფორმატში მოძრაობს და სწორედ რომ, ჩემი მიდგომაა ლიბერალიზმი კლასიკური გაგებით. ილიას, ბენჯამინ ფრანკლინის, ჯეფერსონის, კანტის, იუმის და ადამ სმიტის ლიბერალიზმის მშვენიერება და ძალა სწორედ რომ მარადიული იდეების მრავალფეროვნებაშია, რომლებიც ეფუძნება არჩევანის თავისუფლებას და ზნეობას და არა ეს სოროსისეული გაუკუღმართებული ცხოვრების სტილი და იდეოლოგია, რომელსაც გვისაღებენ ევროპულად. არ უნდა აღვიქვათ სამყარო შავ-თეთრ ფერებში, ის გაცილებით ღრმა, მრავალწახნაგოვანია და ის, რომ დღეს საქართველოში სოროსის აქტივისტობა პროევროპელობის სინონიმია, მერწმუნეთ, გაუგებრობაა, გარედან თავსმოხვეული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის ერთგვარი ჩიხური განშტოებაა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ანტონიმები არ გახდებიან. ტენდენციაც კი სახეზეა, ზეგ კი საერთოდ, სრულიად განსხვავებული რამ შეიძლება წარმოიშვას, რაც სხვა კუთხიდან დაანახებს მაგ კონტინგენტს დღევანდელ პოზიციასაც და იძახონ მერე პრორუსი, პროევროპელი თუ პროჩინელი – პროქართველი უნდა იყო, საქართველოს მოქალაქე და ქართულ საქმეს აკეთებდე.

