საქართველოში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა!
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარიძემ გუშინ განაცხადა. კორონავირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა. შუა ხნის მამაკაცი საქართველოს ტერიტორიაზე ირანიდან შემოვიდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
– მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და შესაბამისად არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, კორონავირუსის შემთხვევა საქართველოში დროულად იქნა აღმოჩენილი, რამაც შეზღუდა ინფიცირებული პირის მიერ სხვა ადამიანებთან კონტაქტის შესაძლებლობა და შესაბამისად შეამცირა ვირუსის გავრცელების ალბათობა. აღნიშნული პიროვნება ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ გუშინ ღამით განხორციელდა ინფექციური საავადმყოფოდან 13 პაციენტის საკარანტინო ზოლში გადაყვანა. ამ მომენტისთვის საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი. აქედან 5 შემოსულია იტალიიდან, 5 კი ირანიდან. მათ შორის 5 არის საქართველოს მოქალაქე, 1 იტალიის, 4 კი აზერბაიჯანის მოქალაქე.
– ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას და ამ დროისათვის, ჩვენ გვაქვს საკმარისი ადგილები იმისათვის, რომ მოვახდინოთ იმ მოქალაქეების იზოლაცია, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან. კარანტინისთვის განკუთვნილი დაწესებულებები განთავსებულია საქართველოს სხვა და სხვა ადგილზე. ჩვენ ვზრუნავთ იმისათვის, რომ მათ ქონდეთ შესაფერისი პირობები, ასევე მობილიზებულია საავადმყოფოები, როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში და თბილისში. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ 24 საათიან რეჟიმში მუშაობას ამ მიმართულებით, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის: 26 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კორონა ვირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს. 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

