რა დარღვევები გამოვლინდა ბათუმის სკოლებსა და ბაღებში –სანიტარული ნორმების კონტროლის შედეგები
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოწმდება საჯარო და კერძო ობიექტები. ბათუმში სკოლებსა და ბაღებს ამოწმებს როგორც სურსათის უვნებლობის სამსახური, ისე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება.
შემოწმებისას ყურადღება ექცევა ჰიგიენურ ნორმებს, რეცხვა-დეზინფიცირებას, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინვენტარის, ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და ა.შ.
რა სახის დარღვევები გამოავლინა ბათუმის მერიამ მიმდინარე წელს სხვადასხვა დაწესებულების შემოწმებისას, ამ და სხვა საკითხებზე ბათუმის მუნიციპალური ინპექციის სანიტარული ზედამხედველობის, აკუსტიკური ხმაურის, ბიოდეგრადირებადი პარკების, მწვანე ნარგავებისა და ნარჩენების მონიტორინგის განყოფილების უფროსი ნუგზარ ცეცხლაძე გვესაუბრა.
მისი განმარტებით, ბათუმის სამი საჯარო სკოლის კვების ბლოკში დარღვევა სისუფთავის ხარისხთან დაკავშირებით გამოვლინდა, შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციულ დარღვევათა ოქმები. 50 ლარით დაჯარიმდნენ ის ინდმეწარმეები, რომლებიც კვების ბლოკში სკოლასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობენ.
–მიმდინარე წელს შემოწმდა 23 საჯარო სკოლა და, მათ შორის, არსებული კვების ბლოკებიც. შემოწმება ხორციელდებოდა როგორც სანიტარულ კვანძებში, ისე წყალმომარაგების, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებისა და მომარაგების კუთხით. საკლასო ოთახებში ლაბორატორიული კვლევები ჩავატარეთ, შემოწმდა განათების კოეფიციენტის ნორმები. ვიმუშავეთ კვების ბლოკებში სისუფთავის ხარისხის დადგენაზე, ლაბორატორიული კვლევის მეთოდებით სპეციალური სინჯები ავიღეთ. სკოლებში, გასულ წელთან შედარებით, მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებული დაგვხვდა თხევადი საპნების, ტუალეტის ქაღალდების მომარაგების კუთხით. თუმცა, იყო რამდენიმე სკოლა, სადაც არ ჰქონდათ ხელსაშრობები. ასევე, რამდენიმე სკოლაში არ იყო შესაბამისობაში მოყვანილი განათების კოეფიციენტის ნორმები. ზოგიერთი სკოლის საპირფარეშოებში ინდივიდუალურ სექციებს (ტიხრებს შორის) არ ჰქონდა კარი. როგორც ჩანს, ეს დაპროექტების დროსაც არ იყო გათვალისწინებული. სამი საჯარო სკოლის კვების ბლოკში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების გადამეტება გამოვლინდა. შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათი ოქმები და ეს ობიექტები დაჯარიმდნენ, – გვითხრა ნუგზარ ცეცხლაძემ.
სანიტარული განყოფილების ფუნქციებში შედის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, რომელიც ხორციელდება როგორც საჯარო სკოლების, ისე ბავშვთა ბაღებისა და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებების შემთხვევაში.ზედამხედველობა ხორციელდება სასტუმროებზე, სასადილოებზე, სილამაზის სალონებსა და კოსმეტიკურ კაბინეტებზე.
– საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით შემოწმება ახლახანს დავიწყეთ. შემოწმდა ერთი კერძო ბაღი, სადაც გარკვეული ლაბორატორიული დარღვევები დაფიქსირდა, შესაბამისად, ბაღი დაჯარიმდა. მოგეხსენებათ, პირველი მარტიდან სწავლა როგორც სკოლებში, ასევე ბაღებშიც შეწყდა, აქედან გამომდინარე, შემოწმებები ვეღარ გავაგრძელეთ, – ამბობს განყოფილების ხელმძღვანელი.
–სილამაზის სალონებში მოწმდება სტერილიზაციის, დეზინფექციის, ასევე ნარჩენების შეგროვებისა და მისი გატანის წესები. მოწმდება, სალონი არის თუ არა აღჭურვილი სადეზინფექციო საშუალებებით, შესაბამისი ინვენტარით, ცივი და ცხელი წყლით და ა.შ. მიმდინარე წელს ორი სალონი შევამოწმეთ. არცერთმა დააკმაყოფილა მოთხოვნები და ორივე სალონზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომელიც სასამართლოში განსახილველადაა გადაგზავნილი. ასევე, შემოწმდა 59 სტომატოლოგიური კლინიკა ინსტრუმენტების სტერილიზაციის წესების დაცვასთან დაკავშირებით. დარღვევა კლინიკებში არ გამოვლენილა, რაც აღნიშვნას იმსახურებს, – გვითხრა ნუგზარ ცეცხლაძემ.
შემოწმდა მუნიციპალური სასადილოებიც.
– ჩვენს დაქვემდებარებაში სულ 6 მუნიციპალური სასადილოა, რომელსაც პერიოდულად ვამოწმებთ. იანვრის თვიდან ექვსივეში შემოწმდა როგორც სისუფთავე, ისე კვების ხარისხი და კალორიულობა. დარღვევა არც ერთ შემთხვევაში დაფიქსირებულა. სასადილოების თორმეტივე სახის ნედლეული, კვების პროდუქტი (ხორცეული, რძის ნაწარმი და ა.შ.) შესაბამისობაში იყო ნორმასთან, – განმარტა ნუგზარ ცეცხლაძემ.
სანიტარული განყოფილების დაქვემდებარებაშია ასევე პოლიეთილენის პარკების რეალიზაციის საკითხიც.
-პირველი ეტაპისთვის ტექნიკური რეგლამენტი 15 მიკრონის სისქის პლასტიკის პარკების სარეალიზაციოდ დაშვებას ითვალისწინებდა, თუმცა 2019 წლის ივლისის ბოლოს რეგლამენტში ცვლილებები შევიდა და ასეთი პარკებიც აიკრძალა. ობიექტების უმეტესობა სწორედ 15 მიკრონის სისქის პლასტიკის პარკებითაა აღჭურვილი. მფლობელებს სარეალიზაციოდ გამოაქვთ ნაკლები სისქის პარკებიც, ჰგონიათ, რომ ასეთი პარკები დაშვებულია და რეგლამენტის ცვლილების შესახებ არაფერი იციან. . . ამიტომ, ამ ეტაპზე მათ ინფორმაციას ვაწვდით, ვაფრთხილებთ. გამონაკლისის სახით დაშვებულია მხოლოდ 50 მიკრონის სისქის პლასტიკის პარკები, რომლის ზომაც 45–70 სანტიმეტრის ფარგლებში უნდა იყოს და ასევე, ქარხნული წარმოების შეფუთული პროდუქცია. სააფთიაქო ქსელები უკვე ბიოდეგრადირებად, ან ქაღალდის პარკების რეალიზებაზე გადავიდნენ. დიდ სუპერმარკეტებშიც ფასიანი, სპეციალური პარკები აქვთ. როდესაც ამოვწურავთ ობიექტების გაფრთხილების მექანიზმს, გადავალთ კანონით გათვალისწინებული ზომების განხორციელებაზე – დავიწყებთ საჯარიმო სანქციებს, რომელიც პირველი ეტაპისთვის 500 ლარს, განმეორებით იგივე დარღვევაზე კი უკვე 1000 ლარს ითვალისწინებს.