რა რეკომენდაციებით მიმართავს განათლების სამინისტრო საზოგადოებას?
ნანა აბულაძე: 577 20 35 90
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არაერთ სიახლეს სთავაზობს საზოგადოებას იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სახლშივე ჰქონდეთ მრავალფეროვანი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა.საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლის“ შემდეგ, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე 30 მარტს დაიწყო და მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს მოიცავს, ეროვნული კინოცენტრი ფილმების ონლაინჩვენებებზე გვეპატიჟება სლოგანით – „დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს!“ კინოჩვენებების განრიგის ნაწილი უკვე ცნობილია.როგორც ეროვნულ კინოცენტრში აცხადებენ, მათ ინიციატივას არაერთი ქართველი რეჟისორი და პროდიუსერი შეუერთდა, შესაბამისად, ისინი ყოველდღიურად ახალ ქართულ ფილმს შესთავაზებენ მაყურებლებს და იზრუნებენ იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მეტი ქართული ფილმი გახდეს მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი. თანამედროვე ქართული ფილმების ბმულები ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჭადრაკის მოყვარულებისთვისაც აქვს სიახლე – უწყება მათ დისტანციური თამაშის შესაძლებლობას აძლევს. ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, დაიწყო ონლაინტურნირები ელვისებურ ჭადრაკში, რომელიც შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად იმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე. ტურნირისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველდღე 19:00 საათიდან, ხოლო ასპარეზობა 20:00 საათზე დაიწყება.
განათლების სამინისტრო, ასევე, რეკომენდაციებით მიმართავს მშობლებს. უწყების ვებგვერდზე არაერთი ინფორმაციაა განთავსებული მათთვის. სამინისტრო თხოვს მათ, არ გამოხატონ შფოთვა და უიმედობა ბავშვების თანდასწრებით.
«მშობლებო, დღის განმავლობაში, დაუთმეთ გარკვეული დრო საკუთარ თავს,შეინარჩუნეთ ონლაინკონტაქტი სხვა მშობლებთან, გაუზიარეთ აზრები და გამოცდილება, თუ რით შეიძლება დაკავდეთ სახლში და გაართოთ ბავშვები. ეს ყველაფერი იზოლაციის განცდას შეამცირებს და ემოციების მართვაში დაგეხმარებათ. შეადგინეთ კვირის გეგმა, გაუწერეთ ბავშვებს კონკრეტული აქტივობები, დაწყებისა და დასრულების დროების მითითებით, მათ შორის, აუცილებლად განუსაზღვრეთ შესვენების დროც. ცხრილი უნდა მოიცავდეს როგორც სასწავლო, ისე გასართობ აქტივობებს. სასურველია, ეს ყოველივე წარმოდგენილი იყოს ვიზუალურად, ადვილად აღსაქმელი ფორმით (მაგ., თვალსაჩინო ადგილას გამოკრულ ფორმატზე, ცხრილის სახით).ამით დაეხმარებით ბავშვებს მიზნებზე ფოკუსირებასა და დროის ნაყოფიერად განაწილებაში. ყოველდღიური რეჟიმის შექმნით, გარკვეულწილად, შეინარჩუნებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შეამცირებთ ბავშვის სტრესტის დონეს», – ნათქვამია სამინისტროს მიერ მშობლებისთვის გაცემულ რეკომენდაციებში.
უწყება აფრთხილებს მშობლებს, დაიცვან ბავშვების ძილისა და გაღვიძების რეჟიმი, მოუსმინონ ბავშვებს, გაიგონ, ისინი როგორ რეაგირებენ და როგორ აღიქვამენ მიმდინარე მოვლენებს. მოუსმინონ მათ და შეძლებისდაგვარად გასცენ ყველა კითხვაზე პასუხი:
«ნუ მიაწვდით მცდარ ინფორმაციას ბავშვებს, ეცადეთ, მშვიდად, მისთვის გასაგებ ენაზე, ასაკისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუხსნათ ვირუსთან დაკავშირებული ფაქტები. ესაუბრეთ ჰიგიენის დაცვის წესების აუცილებლობაზე და ეს ყველაფერი გააკეთეთ სახალისო ფორმით, შეშინებისა და დაძაბულობის გარეშე, უთხარით, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ. შექმნილმა უჩვეულო სიტუაციამ, შესაძლოა ბავშვში ძლიერი შფოთვა გამოიწვიოს, ამიტომ, საჭიროა, ყურადღებით იყოთ, არ გამოგრჩეთ შეცვლილი ქცევები და ემოციები. გახსოვდეთ, რომ ასეთი სიმპტომები, არსებულ მდგომარეობაში, აბსოლუტურად ნორმალურია. აუხსენით ბავშვებსაც, რომ მათი განცდები სრულიად შეესაბამება შექმნილ სიტუაციას, თქვენ მათ გვერდით ხართ და მათი გესმით. ბავშვებს სჭირდებათ ყურადღება. როგორი დატვირთულიც უნდა იყოთ სამსახურისა თუ სახლის საქმეებით, დღის განმავლობაში, გამოყავით გარკვეული დრო ბავშვებისთვის, დაკავდით საერთო სახალისო საქმიანობით, მოაწყვეთ ოჯახური საღამოები, კარაოკე, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, ხატეთ, ძერწეთ ერთად, დაათვალიერეთ ძველი ოჯახური ალბომები, დაიწყეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშები და, რაც მთავარია, ბევრი იცინეთ. შეამცირეთ გაჯეტებთან ურთიერთობა, დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე, ბავშვებს ისედაც დიდი დოზით უწევთ ეკრანთან მუშაობა. ამიტომ შეეცადეთ, აკონტროლოთ, რას აკეთებს კომპიუტერში, ტელეფონში. დაეხმარეთ წიგნიერების ამაღლებაში, ერთად შეარჩიეთ მისთვის საინტერესო წიგნი, წაიკითხეთ ხმამაღლა ან უსმინეთ აუდიო-ვერსიას, იმსჯელეთ წაკითხულის შესახებ, დაახასიათეთ მთავარი გმირები, ისაუბრეთ მათ ქცევებსა და ემოციებზე და ასე შემდეგ», – ნათქვამია სამინისტროს მმიერ გაცემულ რეკომენდაციებში.
იმ შემთხვევაში, თუ გაჭირდება შექმნილ სიტუაციასთან გამკლავება, განათლების სამინისტროს რეკომენდაციაა, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზთან დაკავშირება. ნომერზე 08 00 00 00 88 დარეკვის შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში გვიპასუხებენ და მოგვცემენ შესაბამის რჩევებს.