როგორ პასუხობს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შექმნილ გამოწვევას
ნანა აბულაძე: 577 20 35 90
ახალი კორონავირუსი მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც ახალი გამოწვევაა. აუცილებელია სხვა რელსებზე გადასვლა. როგორ უნდა უპასუხოს მას კონკრეტულად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რას აკეთებენ წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად აღნიშნულ უწყებაში, ამასთან დაკავშირებით გაზეთ „აჭარას“ მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესაუბრა, იგი ამომწურავად გვამცნობს სამინისტროს მიერ დაგეგმილ, ასევე უკვე განხორციელებული სიახლეების შესახებ. სასიამოვნოა, რომ მას არც ჩვენი გაზეთის იუბილე გამორჩენია მხედველობიდან:
– უპირველესად, გილოცავთ გაზეთ “აჭარის” 99 წლის იუბილეს! თქვენი გუნდის თითოეულ წევრს ვუსურვებ ჯანმრთელობას, წარმატებებს, მუდმივად საინტერესო სიახლეების გამოქვეყნებას და ერთგული მკითხველის სიმრავლეს.
ბუნებრივია, არსებული ვითარება გამოწვევაა ყველა უწყებისთვის. განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში 2020 წლისთვის დაგეგმილი, მათ შორის უკვე განხორციელების ეტაპზე არსებული, პროექტების ნაწილი, რომელთა ჩამონათვალი და შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში მათი დაფინანსებისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა უპრეცედენტოდ დიდი იყო, შეჩერდა ან მათი შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება მიმდინარეობს. ამჟამად, სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებები გადიან პრიორიტეტების გადახალისებას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, როგორც აჭარის მთავრობის ერთ-ერთი რგოლი, ჩართულია იმ ღონისძიებების განხორციელებაში, რომლებიც რეგიონში მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით პირველივე დღიდან აქტიურად მიმდინარეობს. ამ ღონისძიებების ამოცანა მოსახლეობის უსაფრთხოება, მათი ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური პრობლემების მოგვარებაში დახმარება და ახალ კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლაა.
მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობის ვადით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეჩერებულია სასწავლო პროცესი, აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია, დაიცვას მოსწავლეების, სტუდენტების, ლექტორ-მასწავლებლების ჯანმრთელობა, მათი უსაფრთხოება და ამავდროულად, გამოძებნოს გზები სწავლა-სწავლებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. სამინისტრო ყველა მიმდინარე ღონისძიებას ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკის სხვა სამთავრობო დაწესებულებებთან, ცენტრალურ სამინისტროსთან მუდმივი კოორდინაციით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით.
მინისტრმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, სამინისტროს საქმიანობა რამდენიმე მიმართულებით ხიორციელდება. როგორც მან გვითხრა, ეს მიმართულებებია:
დისტანციური სწავლების ხელშეწყობა
ზოგადი განათლების სფეროში სამინისტროს უფლებამოსილება ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობაა. საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან ამ კუთხით გადაიდგა არსებითი ნაბიჯები, რომელთა დანერგვის პროცესი უნდა დასრულდეს მიმდინარე კვირის ბოლოსთვის. აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში. რესურსცენტრებთან ერთად ვმუშაობთ რეგიონში თითოეულ მოსწავლეზე დაზუსტებული ინფორმაციის შეგროვებისთვის – დისტანციური სწავლების რა ფორმატს გამოიყენებს, ასევე, რა შეფერხებებია ონლაინსწავლებასთან დაკავშირებით და სხვა. ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე იგეგმება კონკრეტული ნაბიჯები ხელისშემშლელი გარემოებების აღმოსაფხვრელად.
დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეა პროექტი ,,ტელესკოლა“. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლა“იწყებენ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოსწავლისათვის ინტერნეტკავშირის გარეშეც. ასევე, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამომცემლობები გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე უფასო წვდომას სთავაზობენ.
იმისათვის, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილებებმა და განათლების სფეროში დასაქმებული სპეციალისტების მიერ გაწეულმა უდიდესმა შრომამ გამოიღოს საუკეთესო შედეგები, მნიშვნელოვანია პროცესში მშობელთა ჩართულობა. მინდა ვთხოვო მშობლებს, აქტიურად ჩაერთონ დისტანციური სწავლების პროცესში, ვიყოთ ერთმანეთთან კომუნიკაციაში, ერთად შევუწყოთ ხელი ბავშვებს სირთულეების დაძლევაში. თქვენი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნება სკოლასა და მოსწავლეს შორის ეფექტური კავშირის არსებობა.
რეგიონში მოქმედი უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები თითქმის სრულად გადავიდა ონლაინსწავლებაზე. ასევე, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელოვნებო დაწესებულებების ადმინისტრაციებთან და პედაგოგიურ კოლექტივებთან ერთად ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, რომლის შედეგად, პირველი აპრილიდან აღნიშნული დაწესებულებებიც გადავა დისტანციური სწავლების ფორმატზე.
ინფრასტრუქტურული პროექტები
არსებულ ვითარებაში ამ პროექტების გაგრძელება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენ ვაგრძელებთ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს 10 ახალი მშენებლობა, დაგეგმილია ოცზე მეტი სკოლის შენობის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გათვალისწინებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, აქტიურად გრძელდება რეგიონში არსებული უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის პროექტები.
სკოლებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა
ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს დავახვედროთ უსაფრთხო და შინაარსობრივად კიდევ უფრო გამრავალფეროვნებული გარემო მას შემდეგ, რაც ყველა ერთად დავძლევთ კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რაშიც დიდი როლი ენიჭება არაფორმალურ განათლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 10 საჯარო სკოლას გადაეცა სპორტის სხვადასხვა სახეობის ინვენტარი (საერთო ღირებულებით 32 000 ლარი), შეძენილია ვირტუალური ლაბორატორიები, მიმდინარეობს საბიბლიოთეკო ფონდის შევსება.
აღსანიშნავია ის პროექტიც, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს არაფორმალური განათლების მიღებაში ინტერნეტრესურსების გამოყენების კუთხით. მარტის თვეში, არდადეგების პერიოდში, აჭარის საჯარო და კერძო სკოლებში რეგისტრირებულ მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, უფასოდ ჩართულიყვნენ პროექტში და მიეღოთ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილი ტესტები. პროექტი გაგრძელდება მომდევნო ორი თვის განმავლობაში.
არაფორმალური განათლების კუთხით, სამინისტროს ინიციატივით, შესაბამის კულტურულ-შემეცნებით აქტივობებს ახორციელებენ რეგიონში მოქმედი კულტურის დაწესებულებები – მუზეუმები, თეატრები, სახელოვნებო სკოლები და სხვა. სოციალური ქსელებითა და ინტერნეტპლატფორმების მეშვეობით, რეგიონის მცხოვრებთ სთავაზობენ ხელოვნების სხვადასხვა შინაარსის პროდუქტს.
სოციალური შინაარსის პროექტი
სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ერთი მილიონი ლარი. პროგრამის ფარგლებში კონკურსის გზით დაფინანსდებიან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები სოციალურად დაუცველი, ობოლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე, მრავალშვილიან ოჯახთა და მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებელთა კატეგორიებიდან.
თანამშრომლობა ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში
2020 წლის 5 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, შედგება თანამშრომლობა ბავშვთა უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი თემის, აკადემიური წრეებისა და ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების დონეზე.
ინკლუზიური სკოლამდელი განათლების მიმართულებით, დაინერგება ინოვაციური მიდგომები, შემუშავდება ერთობლივი პროექტები ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ.
მოხალისეები
პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი სოციალური დისტანცირებაა. ამ სიტუაციაში ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახლში დარჩენა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონი თორნიკე რიჟვაძის ინიციატიავით, რისკჯგუფში შემავალ ჩვენს თანამოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარტოხელა პენსიონერებს, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე, სარეცელს მიჯაჭვულ ადამიანებს დაურიგდებათ სასურსათე კალათები და მედიკამენტები. ეს პროექტი ხორციელდება მოხალისეებით დაკომპლექტებული ჯგუფებისა და საქართველოს „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის წარმომადგენელთა დახმარებით. პროექტის წარმართვას კოორდინაციას უწევს სსიპ „აჭარის რეგიონული ცენტრი“, რომელმაც ფუნქციონირების მოკლე პერიოდში დაამტკიცა, რომ შეუძლია ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელება.
მადლობას ვუხდი თითოეულ ახალგაზრდას, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა, ჩაერთოს ამ პროექტში. განსაკუთრებით სასიხარულოა იმის აღნიშვნა, რომ ასეთი სამოქალაქო პასუხისმგებლობით აღსავსე ახალგაზრდები მრავლად გვყავს. მოხალისეთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. აქ არიან ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის თანამშრომლები, სტუდენტები, სპორტსმენები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საზოგადოების აქტიური წევრები. ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანია პროექტში მონაწილე ყველა პირის ჯანმრთელობის დაცვა, მათი უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, მოხალისეები გადიან სპეციალურ ტრენინგებს, გადაეცემათ შესაბამისი აღჭურვილობა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვებიან ამ სასარგებლო საქმეში.
შეჯამების სახით, მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად დისტანციური მუშაობის რეჟიმისა, სამინისტროს მთელი გუნდი, მათ შორის სისტემაში შემავალი ყველა ორგანიზაცია, მზად არის შეუფერხებლად შეასრულოს თავისი მოვალეობები, გვერდში დაუდგეს მოქალაქეებს მათ წინაშე მდგარი საკითხების მოგვარებაში.

