როგორ უმკლავდებიან კორონავირუსს გერმანიაში?
ნაირა ფუტკარაძე 27 48 93
გერმანიში მცხოვრები თეონა გოგიჩაიშვილის შესახებ ჩვენი გაზეთით უკვე გიამბეთ. თეონა ქალაქ რემშაიდის ხელოვნებისა და მუსიკის სკოლის ხელოვნების დეპარტამენტის უფროსია. იგი ამჯერად იმაზე გვესაუბრება, როგორ ებრძვიან ახალ კორონავირუსს გერმანიაში.
– ქალბატონო თეონა, რა მდგომარეობაა დღეს გერმანიაში, კონკრეტულად იქ, სადაც ცხოვრობთ?
– ჩვენთან, კიოლნში უკვე ერთ კვირაზე მეტია, საგანგებო მდგომარეობაა, რომელიც ჯერ 20 აპრილამდეა განსაზღვრული. ეს იმაში გამოიხატება, რომ ორ ადამიანზე მეტის ქუჩაში ერთად გასვლა იკრძალება, გამონაკლისს ოჯახის წევრები შეადგენენ. გარეთ სეირნობა, ვარჯიში,საყიდლებზე წასვლა არ იკრძალება. ყველა სკოლა, საბავშვო ბაღი, რესტორანი და მაღაზია დაკეტილია, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. სკოლებსა და ბაღებში შესაძლებელია მხოლოდ ექიმების, ექთნებისა და მოხუცების მომვლელთა შვილების დატოვება. სხვადასხვა სამსახურები მეტნაკლებად მუშაობენ,ზოგი “ჰომ ოფისში”, ზოგი, შემცირებული გრაფიკით, ადგილზე. ტრანსპორტი შაბათის განრიგით მოძრაობს.
– რიგითი გერმანელები როგორ იქცევიან, თქვენს სამეზობლოში როგორ რეაგირებენ ასეთ ვითარებაზე?
– გერმანიაში ბევრი აკრიტიკებს საფრანგეთში გამოცხადებულ შეზღუდვებს,ზედმეტად მკაცრად მიიჩნევს და საომარ მოქმედებას ადარებს. გერმანიაში, ბავარიისა და საქსონიის გარდა, სრულიად მისაღები შეზღუდვებია. არავის გვაქვს შეგრძნება, რომ პოლიცია გვითვალთვალებს. ზოგადად, გერმანიაში ხალხს დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ამიტომაცაა, რომ მოსახლეობის უმეტესობა წესებს იცავს.
– სად ან ვის უნდა მიმართოთ სამედიცინო მომსახურებისთვის საჭიროების შემთხვევაში?
– გერმანიაში თუ ვინმეს კორონავირუსის სიმპტომები აქვს, უნდა მიმართოს ჯანმრთელობის ცენტრს, სადაც პაციენტს ტესტს ჩაუტარებენ. ოჯახის ექიმთან მისვლა სასტიკად აკრძალულია, მასთან მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციაა ნებადართული.
– ხელოვნებისა და მუსიკის სკოლის ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი ხართ, როგორი მდგომარეობაა თქვენს სამსახურში კარანტინის პირობებში?
– რემშაიდის მუსიკისა და ხელოვნების სკოლა მოსწავლეებისათვის დაკეტილია, თანამშრომლები კი გადავედით ონლაინმოდუსზე და სახლიდან სხვადასხვა ონლაინგაკვეთილს, ვორქშოპებს ვატარებთ ჩვენი მოსწავლეებისათვის. ხელფასს წესისამებრ გვინაზღაურებენ. სავარაუდოდ, 20 აპრილამდე გაგრძელდება ასე მუშაობა. შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. მე დროს კვლევითი მუშაობისთვისაც ვიყენებ, ვწერ, აგრეთვე, საგანმანათლებლო სტატიებს და ვამზადებ ონლაინვორქშოპებს. ყოველ ოთხშაბათს ფოტოვორქშოპი მაქვს სხვადასხვა თემით. მაგალითად, გასული ოთხშაბათის თემა იყო „მოგზაურობა ჩემი ოთახის ირგვლივ”, ცნობილი ფრანგი მწერლის ქსავიე დე მესტრის 1794 წელს დაწერილი რომანის მიხედვით.
– მასობრივი ინფორმაციის საშუალებები როგორ აშუქებენ შექმნილ სიტუაციას?
– მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აქტუალურ ინფორმაციას გვაწვდიან პირველ რიგში, გერმანიის და ჩვენი მეზობელი ქვეყნების შესახებ, ტრაგიკული ფოტოები და ვიდეოები ძირითად არხებზე არ არის პირველ პლანზე. უფრო მოკლე ინფორმაციული ხასიათი აქვს ამ ყველაფერს. ჩვეულებრივი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება გრძელდება. საინტერესეოა ახალი ტენდენცია ინტერნეტში, ეს არის ონლაინარტი, მუზეუმების, გამოფენების ვირტუალური ჩვენებები.
– ნიღბებისა და სადენზიფექციო ხსნარების ნაკლებობას თქვენც განიცდით ?
– ნიღბები ჩვენს ქალაქში თითქმის არავის უკეთია. არც არის რეკომენდებული. დეზინფენქციის ხსნარები სამსახურსა და ოფიციალურ დაწესებულებებში არის, ხოლო აფთიაქებში – ამ მომენტში ნაკლებად. ამჯერად, მთელ გერმანიაში დიდი პრობლემაა ტუალეტის ქაღალდი! დანარჩენი ყველაფერი იშოვება. გვპირდებიან, რომ ეს სიტუაცია, ანუ ტუალეტის ქაღალდით მომარაგება, მალე გამოსწორდება. მანამდე ბევრი სახუმარო პოსტი ქვეყნდება ამ თემაზე.
– რა სირთულეები შეგიქმნათ კორონავირუსმა თქვენს საქმიანობაში?
– ჩემთვის და ხელოვნების სფეროში ბევრი მოღვაწისთვის დიდ სირთულეა ის, რომ კერძო შეკვეთები: ლექციები, ვორქშოპები, ფოტოგადაღებები, გამოფენისა და ფესტივალების მოწყობა სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში ამჟამად და სავარაუდოდ, ახლო მომავალშიც შეუძლებელი იქნება. საზღვრების ჩაკეტვის და კარანტინის გამო ჩვენი წლევანდელი ფოტოფესტივალი ,,ქოლგა” მხოლოდ ვირტუალურად გაიმართება. ჩემი აზრით, რა მაღალ დონეზეც უნდა მოეწყოს ვირტუალური ჩვენება, პირად შეხვედრას ადამიანებთან და ნამუშევრების ცოცხლად, ადგილზე აღქმას ვერასოდეს შეცვლის . . . რაც ძალიან კარგია! თორემ ხელოვნურ ინტელეტქსა და ჩვენს შორის მაშინ რა განსხვავება იქნებოდა.
– ამ რთულ პერიოდში განსაკუთრებით, სამშობლოში დაბრუნების სურვილი არ გაგჩენიათ ?
– რთულ სიტუაციაში ოჯახთან ერთად ყოფნა დიდი ბედნიერებაა, თუმცა თავს აქ ბევრად უფრო დაცულად ვგრძნობ, რადგან გერმანია სამედიცინო თვალსაზრისით, ძალიან მაღალ დონეზეა და კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული კრიზისისთვის ყველანაირად მომზადებულია. მაგალითად, მარტო რეგიონებში
– ალბათ თვალს ადევნებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, როგორ შეაფასებდით?
– საქართველოში დროულად მიიღეს შესაბამისი ზომები, რაც ნამდვილად მოსალოცია! სოციალურ ქსელში ხალხის რეაქციას რაც შეეხება, მგონია, რომ საქართველოში უფრო მეტი პანიკა და შიშია კორონავირუსთან დაკავშირებით, ვიდრე აქ – გერმანიაში, არადა, მხოლოდ ჩვენს ქალაქში 1200 ინფიცირებულია, მაგრამ უმრავლესობას, ძირითადად, რბილი სიმპტომები აქვს. მხოლოდ 9 ადამიანი გარდაიცვალა კიოლნში აქამდე, ყველა ხანდაზმული იყო და რთული ქრონიკული დაავადებების ჰქონდათ.ყველაფრის მიუხედავად, აქ ხალხი ცდილობს პოზიტიურად განეწყოს და წესები დაიცვას. ნამდვილად საამაყოა, რომ საქართველოში ამ რთული მდგომარეობის დროს სწორად შეაფასეს საფრთხე და შესაბამისი ზომები მიიღეს. მისასალმებელია, რომ კარანტინის პირობები მშვენიერია – კურორტებზე აქ კარანტინში მყოფებს არავინ ასვენებს. კარგი იქნება, თუ კორონავირუსის თემას ზედმეტად არ განიხილავენ და არ დაპანიკდებიან. აცტეკები ამბობდნენ, შიში სულს ჭამსო. ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, ჰიგიენის დაცვას და ყველაფრის მიუხედავად პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას.