დისტანციური სწავლება გამოწვევაა, თუმცა ბევრი დადებითი მხარეც ახლავს
ნათია იმნაიშვილი 27 48 93
არც ისე ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. თითოეულ ბავშვს აქვს უფლება, ჰქონდეს ყველა საშუალება სრულფასოვანი განათლების მისაღებად. ამ კუთხით, საინტერესოა, როგორ ახერხებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დისტანციური სწავლების პროცესში ჩართვას. ჩვენი დღევანდელი სტუმარია სპეციალური განათლების მასწავლებელი მერი ჩიმაკაძე.
-ბოლო დროს შექმნილმა მდგომარეობამ უპრეცედენტო შემთხვევის წინაშე დაგვაყენა. შეიცვალა არა მხოლოდ საგანმანათლებლო სისტემა, არამედ ჩვენი ცხოვრების ჩვეული სტილიც. დისტანციური სწავლება არის ახალი გამოწვევა და ყველა ჩვენგანში გამოიწვია გარკვეული შიში, მაგრამ თუ ამას სხვა მხრივ შევხედავთ, მივხვდებით, რომ ბევრი დადებითი მხარე აქვს, რასაც დღეს ნაკლებად ვამჩნევთ, რადგან ჯერ კიდევ სისტემის ჩამოყალიბების პროცესში ვართ. ბევრი ოჯახი ინტერნეტთან წვდომის პრობლებას ასახელებს, ასევე, ახალი ინტერნეტრესურსების ვერ გამოყენებას, არცოდნას და სხვა. ამიტომაც, მასწავლებლები აქტიურად ეხმარებიან მოსწავლეებს ამ სიახლესთან დაკავშირებული ყველა პრობლემების აღმოფხვრაში. ესეც, თქვენ წარმოიდგინეთ, სწავლების ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგიაა. ასწავლე მოსწავლეს მისთვის საინტერესო ენით. აქ იგულისხმება ის, რომ ტექნოლოგია ყველა მოსწავლისათვის საინტერესოა. ვისაუბრებ საკუთარი, წინა წლის გამოცდილებით, მაშინ არ არსებობდა დისტანციური სწავლება. მოსწავლეს, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ჰოსპიტალიზებული, არ სურდა შინ სწავლებაზე გადასვლა. თვეების განმავლობაში იმყოფებოდა სახლში. მას მიეცა რეკომენდაციები, რომ ესწავლა სახლში მისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოებიდან, მაგრამ რამდენად ეფექტური იყო ეს სწავლება? რა თქმა უნდა, ეს არ მოგვცემს იმ შედეგს, როგორსაც უშუალოდ მასწავლებელთან კომუნიკაცია. შემიძლია ვთქვა, რომ დისტანციური სწავლება არის ეფექტური საშუალება იმისათვის, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ეროვნული გეგმის სტანდარტით გათვალისიწნებული განათლება, განსაკუთრებით იმათ, ვინც ახლა ამთავრებს სკოლას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის.
-ქალბატონო მერი, როგორია დისტანციური სწავლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის?
-ვმუშაობ ბათუმის N3 საჯარო სკოლაში უსინათლო მოსწავლეების სპეციალურ მასწავლებლად და N26 საჯარო სკოლაში – კლას-კომპლექტის მასწავლებლად. ასევე, გახლავართ ინგლისური ენის მასწავლებელი, მაგრამ ამჟამად მთელ დროს ვუთმობ ინკლუზიურ განათლებას. ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს ყოველთვის გვიწევს სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავება. მაგალითად, სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლის ადაპტაციის პროცესი, საწყის ეტაპზე, უკავშირდება გარკვეულ სირთულეებს, როგორიცაა რთული ქცევის მართვა და სხვა. აქედან გამომდინარე, სპეციალისტებისთვის ეს პროცესი არ არის რთული, თუმცა მაინც დიდ შრომას მოითხოვს. ჩვენ გვიწევს მოსწავლეებთან მუშაობა სიახლეებთან შეგუების მიზნით. საგნის სპეციალური მასწავლებლები მშობლებთან ვთანამშრმლობთ ბავშვის უკეთ განვითარების მიზნით, ვიზიარებთ ერთმანეთის გამოცდილებას. მოსწავლეებს ვაძლევთ დავალებებს, ვუტარებთ ვიდეოგაკვეთილს, რომლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მასალასა და ბავშვის ფსიქოლოგიურ განწყობაზე. იგი შესაძლებელია გაგრძელდეს 20-30 წუთი, ბავშვის უარყოფითი განწყობის შემთხვევაში – 10-15 წუთი. ვმუშობთ როგორც ჩვენ მიერ შექმნილი, ისე უკვე არსებული თვალსაჩინო რესურსებით, რაც გაკვეთილს უფრო მრავალფეროვანს ხდის. ვაწვდით ვიდეოჩანაწერებს შესაბამისი თემის გათვალისწინებით. გვაქვს ონლაინწიგნებთან და სხვადასხვა სახის რესურსთან შეუზღუდავი წვდომა. ყოველივე ეს ამაღლებს სსსმ მოსწავლეების ჩართულობას. რაც შეეხება უსინათლო მოსწავლეებს, ისინი, მშობლების დახმარებით ახერხებენ ჩართვას და ზეპირმეტყველებით მუშაობენ მასწავლებელთან საერთო საგაკვეთილო პროცესის დროს. აღნიშნული მოსწავლეები სწავლობენ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, რომელსაც წარმატებით სძლევენ. კორონავირუსის მიერ გამოწვეულმა პრობლემამ გადამაწყვეტინა, გამეერთიანებინა მხედველი და უსინათლო ბავშვის სწავლების სხვადასხვა მიმართულების მეთოდიკა. ჯერ კიდევ ნოემბერში დაწყებული გვქონდა კომპიუტერთან მუშაობა. დიდძალი ინფორმაციის დამახსოვრება უწევთ უსინათლო მოსწავლეებს იმისათვის, რომ შეძლონ კომპიუტერის დამოუკიდებლად გამოყენება. სწორედ ამიტომ უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ ამ საქმიანობას. მათი ინტერესი ამ მიმართულებით დიდია.
-რამდენად ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დისტანციური სწავლება ?
-როგორც დასაწყისში აღვნიშნე, არის შემთხვევები, რომ მოსწავლეები ვერ ახერხებენ საგაკვეთილო პროცესში ჩართვას გარკვეული მიზეზების გამო. განსაკუთრებით ეს პრობლემა გამოიკვეთა მაღალმთიან რაიონებში. ამიტომაც საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დაიწყო ,,ტელესკოლა“, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მოისმინონ ყველა გაკვეთილი შესაბამისი კომპენტენციის მქონე მასწავლებლებისგან. ასევე, შესაძლებელია მოსწავლემ დამოუკიდებლად ან მშობლის დახმარებით გააკეთოს სწავლის პროცესის მოკლე ვიდეოჩანაწერი, რომელსაც შემდეგ გადასცემს მასწავლებელს. ყველა მასწავლებელი ცდილობს, ხელი შეუწყოს მოსწავლის ჩართულობას.
-ქალბატონო მერი, ჯერ არც ისე დიდი დრო გავიდა, რაც მთელი მსოფლიო და, მათ შორის, საქართველო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, თქვენი შეფასებით, რა არის სწავლების ამ მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარე?
-იქიდან გამომდინარე, რომ დისტანციური სწავლება ახალი დაწყებულია მსოფლიოს მასშტაბით, რთულია ბევრი ისაუბრო მის უარყოფით და დადებით მხარეებზე. დავიწყოთ დადებითი კუთხით. აქამდე მოსწავლეები, ასე ვთქვათ, მინდობილი იყვნენ მხოლოდ მასწავლებელს და მშობელი ნაკლებად ერთვებოდა მის განვითარებაში. ახლა პირიქით, მასწავლებელმა შეძლო მშობლის ჩართულობის ამაღლება. მათაც ეძლევათ დავალებები, რომლის შესრულებაც უწევთ, რადგანაც მასწავლებლები, სპეციალური მასწავლებლები, პერიოდულად ვამოწმებთ დავალებებს. ბათუმის N26 საჯარო სკოლის მაგალითს მოვიყვან, სადაც სსსმ მოსწავლეები გარდა აკადემიური განათლებისა ჩართული არიან სახელოვნებო მიმართულებაშიც. ონლაინმუშაობის პროცესში მასწავლებლებს უწევთ მხოლოდ ვერბალური კომუნიკაციით დახმარება, რაც მათი დამოუკიდებელი მუშაობის ხარისხს ამაღლებს. კლასში ურთიერთობის დროს მოსწავლეს ყოველთვის აქვს იმედი, რომ მასწავლებელი გაასწორებს მის ნამუშევარს. ასევეა უსინათლო მოსწავლეების შემთხვევაშიც, მათ უწევთ დამოუკიდებლად აკონტროლონ შეცდომა კომპიუტერში მუშაობის დროს და აღმოფხვრან ისინი. ზოგადად, მოსწავლეებში, თავდაპირველად, იყო დავალებების შესრულების დაგვიანების ფაქტები და ასევე, გაკვეთილზე დასწრებისთვის თავის არიდება, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი შეიცვალა და ახლა იგრძნობა უფრო მეტი პასუხისმგებლობა და დისციპლინა. ყველას უჭირს ახალ რელსებზე გადასვლა, თუმცა თავად სწავლების ხარისხში არაფერი შეცვლილა. ეს ჩვეულებრივი გაკვეთილია ახალ, აქამდე უცნობ სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ჯერ კიდევ არ არის სრულად გამართული, მაინც ამაღლებს მოსწავლეების ინტერესს, თუნდაც იმით, რომ ეს ინოვაციური გარემო ჯერ არ აქვთ შესწავლილი და ამავდროულად ავსებს ერთმანეთის მონატრებას. რაგინდ ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთოს დისტანციურმა სწავლებამ, მასწავლებელს და მოსწავლეს ყოველთვის გვირჩევნია ძველ გარემოში დაბრუნება, სადაც სოცოცხლე იგრძნობა და არ ვართ ერთმანეთისგან განცალკავებულები. არაფერი სჯობს სკოლის დერეფნებში მოსწავლეების ჟრიამულს.
-და მაინც, რა არის გამოსავალი?
-ყველა პრობლემას აქვს თავისი გამოსავალი, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ამაზე ფიქრი რთულია. პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია, მსოფლიოს გადარჩენა. ყველას ვუსურვებ მხნეობას და ჯანმრთელობას. მჯერა, სულ მალე ჩვენ ისევ გავათბობთ სკოლის გაყინულ კედლებს.

