სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-მოწესრიგება გრძელდება
ირმა ცეცხლაძე 27 48 93
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონტრაქტორ კომპანიებს გადაუგზავნა ახალი კორონავირუსით (კოვიდ-19) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამშენებლო სექტორისთვის, რომელიც გამოაქვეყნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. ამ დროისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება 8 საჯარო სკოლის ახალი შენობის (სპორტული და სააქტო დარბაზებით) და 2 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის მშენებლობა. ასევე, დადებულია ხელშეკრულებები 6 საჯარო სკოლის სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს განხორციელებაზე.
კონკრეტულად რა გაკეთდა და რა კეთდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საჯარო სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების ინფასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოსაწესრიგებლად და რა თანხებია ამისთვის გამოყოფილი, გვესაუბრება მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე:
– ბატონო ჯემალ, განვიხილოთ რა გაკეთდა 2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად?
– ჩვენი სამინისტრო ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, რომელთაგანაც უმნიშვნელოვანესია საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროგრამა. სულ აჭარის ტერიტორიაზე 229 საჯარო სკოლაა, რომელსაც ემატება დაწყებითი კლასების 100 მიერთებული კორპუსი. ამ ნაგებობათა უმეტესობა ან ახალაშენებულია, ან ახალგარემონტებული, თუმცა გვხვდება ისეთებიც, რომლებიც საჭიროებს განახლებას, სხვადასხვა სარემონტო თუ ინფრასტრუქტურული (სახურავის, ფასადის შეცვლა) სამუშაოს ჩატარებას ან სულაც რეაბილიტაციას და ახლის აშენებას.
– თუ გაქვთ მონაცემები , სულ რამდენია დახარჯული „ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლიდან დღემდე ამ ტიპის სამუშაოებზე?
– 2013-დან 2019 წლის ჩათვლით გახარჯულია 34 მილიონი. ამ თანხის ფარგლებში აშენდა 17 ახალი და სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100-მდე სკოლას.
– რაც შეეხება 2019 წელს წარმოებულ სამუშაოებს?
– შარშან ჩვენ განვახორციელეთ 20 საჯარო სკოლის სრული ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და პარალელურად, დავიწყეთ 8 ახალი სკოლის და ორი სპორტული დარბაზის მშენებლობა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან სხვა წლებში ამდენი სკოლის მშენებლობა ერთად არასოდეს დაწყებულა. აქვე გეტყვით, რომ ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. წელს, გასულ წელთან შედარებით, 2 მილიონით გაიზარდა და ვვარაუდობთ, რომ მომავალშიც კიდევ 2 მილიონი დაგვემატება ამ პროგრამის მთლიან თანხაზე.
– თუ შეგიძლიათ პირდაპირ თანხების დასახელება?
– 2019 წელს ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 7 მილიონ 725 ათასი ლარი. 2020-ში კი, პროგრამის ღირებულება ამ მომენტისათვის შეადგენს 9 მილიონ 300 ათას ლარს. 2021 წელს პროგნოზირებენ 11-12 მილიონის გამოყოფას საჯარო სკოლების, სპორტული დარბაზების და, საერთოდ, ამ სფეროს ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგებისთვის, თუმცა თანხა ჯერ კიდევ ზუსტდება.
– წელს რა სამუშაოები გაქვთ დაგეგმილი?
– გაგრძელდება ის სამუშაოები, რომლებიც შარშან დავიწყეთ, საუბარია ისევ იმ 8 სკოლის და 2 სპორტული დარბაზის მშენებლობაზე. ესაა 24-თვიანი პროექტები და ამიტომ ზოგი 2020 წელს დასრულდება და ზოგიც – 2021 წლის დასაწყისში. გარდა ამისა, წელს კიდევ ერთი ახალი სკოლის და ერთი სპორტული დარბაზის მშენებლობა დავიწყეთ. აგრეთვე, ვგეგმავთ 25 საჯარო სკოლის სრულ და ნაწილობრივ რეაბილიტაციას. უკვე დაწყებულია ამისთვის აუცილებელი იურიდიული და საპროცედურო სამუშაოები, ძირითად ნაწილზე ტენდერები გამოცხადებულია, ხოლო რაც შეეხება მშენებლობებს, იმ 10 ობიექტზე, რიგ შემთხვევაში, კონსტრუქციული სამუშაოები დასრულებულია, რიგ შემთხვევაში კი ერთი სართულია აშენებული ან საძირკველია ჩაყრილი. ყველა ამ ნაგებობის მშენებლობა აღდგა წელს, მაშინვე, როგორც კი დასრულდა ზამთარის სეზონი. მუშაობა ყველა ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს.
– ხომ ვერ დაგვიკონკრეტებდით სად მიმდინარეობს ეს სამუშაოები?
– მაგალითად, ხულოში ვაშენებთ ორ საჯარო სკოლას – განახლებასა და ბეღლეთში. განახლებაში უკვე სამი სართული აშენდა და ახლა გადახურვა მიმდინარეობს, ხოლო ბეღლეთში მხოლოდ პირველ სართულზე ვართ. ასევე, დიდი მშენებლობაა გაჩაღებული დაბა შუახევში, სადაც ვაშენებთ საჯარო სკოლას. იქ საძირკველი უკვე ჩაყრილია და ვიწყებთ კედლებს. ქედაში მიმდინარეობს საჯარო სკოლის თანამედროვე სტანდარტების ნახევარმილიონიანი ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა ისეთი დარბაზით, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სპორტული სახეობის ღონისძიების, შეჯიბრების, ჩემპიონატის მოწყობა. დამონტაჟდება ტრიბუნებიც. რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, აქ ერთდროულად სამი მშენებლობა მიმდინარეობს. კერძოდ, ახალი სკოლა შენდება ქედქედში – იქ ამჟამად გადახურვის სამუშაოები სრულდება. მშენებლობაა სოფელ ფერიაშიც, სადაც არსებული სკოლა ვერ აკმაყოფილებდა მოსახლეობის მოთხოვნებს. ამიტომ განვახორციელეთ ძველი შენობის დემონტაჟი, რადგან რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებოდა და დავიწყეთ 4-სართულიანი, საკმაოდ დიდი ნაგებობის მშენებლობა. სამი სართული უკვე აშენებულია და ალბათ მალე დასრულდება. აგრეთვე, შენდება მახოს საჯარო სკოლის სპორტული დარბაზი.
– ქობულეთში თუ აშენებთ სკოლებს?
– შარშან დავიწყეთ დაბა ოჩხამურის სკოლის დაწყებითი კლასებისთვის განკუთვნილი კორპუსის მშენებლობა. იქ უკვე გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. წელს დასრულდება და სექტემბრისთვის ექსპლუატაციაში შევა. აგრეთვე, ხუცუბანში ვაპირებდით სკოლის რეაბილიტაციას, მაგრამ სპეციალისტების დასკვნის შედეგად გადავწყვიტეთ ახალი ნაგებობის აშენება. სოფელ ზენითში ვიწყებთ ახალი სკოლის მშენებლობას ძველის ნაცვლად, რადგან ძალიან პატარა იყო, თან არ გააჩნდა სპორტული დარბაზი.
რაც შეეხება ბათუმს, აქ ძალიან დიდი მშენებლობებია დაწყებული. ერთ-ერთია ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე მე-6 საჯარო სკოლა, რომელსაც გაფართოება დასჭირდა ამ უბანში გაზრდილი მოთხოვნის გამო. სკოლას გააჩნდა დიდი ტერიტორია, ამიტომ გადაწყდა იქვე დამატებითი კორპუსის აშენება. ამჟამად პირველი სართული შენდება. ვამატებთ კორპუსს 23-ე სკოლას, რომელიც მახვილაურის დასახლებაში მდებარეობს. აქ ნაგებობა დასრულებულია, ახლა მიმდინარეობს გადახურვის და კეთილმოწყობის სამუშაოები.
– რეაბილტაცია წელს რამდენ სკოლას ჩაუტარდება?
– განსაზღვრულია 25 სკოლას ჩაუტარდეს (როგორც სრული, ისე ნაწილობრივი). ტენდერები უმეტეს ნაწილზე გამოცხადებულია.
– სკოლების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასაც სამინისტრო უზრუნველყოფს?
– დიახ, სამინისტროს პროგრამით ხორციელდება. წლებია, რაც საჯარო სკოლებსა თუ სპორტულ დარბაზებში შეგვაქვს ავეჯი და ინვენტარი. ამისთვის გათვალისწინებული თანხებიც იზრდება წლითიწლობით. თავდაპირველად პროგრამაში შედიოდა მერხების, სკამების, დაფების, მაგიდების, კარადების შეძენა. თანდათან იზრდებოდა ამ ინვენტარის დასახელება. ამჟამად ზემოთ ჩამოთვლილებს ემატება ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის ლაბორატორიების მოწყობილობები. გარდა ამისა, შარშან დავიწყეთ სპორტული ინვენტარის და ინოვაციური სწავლებისათვის აუცილებელი აღჭურვილობის შეძენაც. რამდენიმე სკოლაში შევიტანეთ ვირტუალური ლაბორატორიები. ასევე, სკოლებში შედის მხატვრული ლიტერატურა ბიბლიოთეკების შესავსებად, მიმდინარეობს ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა. პირველად შარშან შევიძინეთ და წელს მოვაწყვეთ ერთ სკოლაში მსგავსი საბიბლიოთეკო სივრცე. ახალია ისიც, რომ წელს ვიწყებთ სკოლებში მუსიკალური ინსტრუმენტების შეტანას. ძალიან საინტერესო პროექტია. აქ არ იგულისხმება ფოლკლორის განვითარება, ამჯერად, ჯაზის შესრულებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტებით მომარაგდება სკოლები. ამით მაღალმთიანეთის მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, მუსიკის სხვადასხვა მიმართულებები შეისწავლონ და დაეუფლონ ხელოვნების ამ დარგს.
– ბიუჯეტი გეყოფათ ასეთი ძვირად ღირებული ინვენტარის შესაძენად?
– ბიუჯეტი ამ ნაწილშიც გაიზარდა, უკვე 700 ათასი ლარია გამოყოფილი. ტენდერები გამოცხადებულია, ხელშეკრულებების ნაწილი გაფორმებულია.
– რეგიონის უმაღლეს სასწავლებლებს თუ უფინანსებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს?
– სამინისტრო აჭარაში მოქმედ რიგ უმაღლეს სასწავლებელს უფინანსებს სხვადასხვა მიმართულებას. თავიდან ეს პროექტი დაიწყო იმით, რომ ფინანსდებოდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რასაც შემდეგ დაემატა ინფრასტრუქტურული ნაწილიც, რაც მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებისათვის. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2017 წლიდან მოყოლებული, საკმაოდ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კორპუსს. გარდა ამისა, აღიჭურვა ინვენტარით. 2019 წელს მოეწყო უცხო ენების და სინქრონული თარგმნის შემსწავლელი ციფრული ლაბორატორია, ლინგოფონის კაბინეტი. წელს შევა ავეჯი და სხვა ინვენტარი. დიდი პროექტები განხორციელდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაშიც. წლების განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სტიმულატორების შესყიდვას ვაწარმოებდით. წელს უნდა მოეწყოს საწვრთნელი აუზი. საკმაოდ დიდი პროექტია. ბიუჯეტიდან დაფინანსება გათვალისწინებულია 2019-2020 წლებში. წლის ბოლომდე აკადემია მიიღებს ამ აუზს, რომელიც დაეხმარება კურსანტებს, ადგილზე დაეუფლონ ღია ზღვაში აუცილებელ უნარ-ჩვევებს და გაიუმჯობესონ სწავლის ხარისხი. ყველაფერი ეს უფრო ეფექტურს გახდის აკადემიაში სწავლებას.
– ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტშიც გაქვთ განხორციელებული მსხვილი პროექტები. . .
– დიახ, აქ მართლაც დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მოგეხსენებათ, გორგილაძის ქუჩაზე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობას, რისთვისაც თითქმის სამი მილიონი ლარი გაიხარჯა. ამ თანხაში შევიდა კეთილმოწყობაც და ინვენტარით აღჭურვაც. სამომავლოდაც აჭარის მთავრობა მზადაა, დააფინანსოს მსგავსი პროექტები, რათა სასწავლებლებში ჩვენმა ახალგაზრდობამ მიიღოს მაღალი დონის ცოდნა კომფორტულ გარემოში.
– განათლებისა და მეცნიერების ქალაქში თქვენი სამინისტრო რომელ პროექტს ახორციელებს?
– აქ ვგეგმავთ სახელოვნებო სკოლის აშენებას უკვე 2020 წლიდან. მზადდება პროექტი, რომელიც მოიცავს რამდენიმე ეტაპს. ამ დღეებში გამოცხადდება ტენდერი ტექნიკურ ზედამხედველობასა და შესყიდვების პროცესების რევიზიაზე. გამარჯვებული კომპანია ჩაერთვება პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებში, რომ უკეთესი პროექტი მივიღოთ.
– რომელმა კომპანიამ გაიმარჯვა პროექტის მოსამზადებელ ტენდერში?
– ამხანაგობამ „ინჟარქიტექტი“. ეს იქნება დიდი პროექტი, რადგან ამ ნაგებობაში რამდენიმე სახელოვნებო სკოლა უნდა განთავსდეს. მოგეხსენებათ, თავად განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტია გრანდიოზული. ცხადია, იქ შენობები დახვეწილი გემოვნებით და თანამედროვე მოთხოვნებით აიგება. 2019 წელს ჩაიყარა ამ ქალაქის საძირკველი და დაიწყო კომაროვის სახელობის სკოლის ფილიალის მშენებლობა. კიდევ რამდენიმე შენობა დაემატება ამ ქალაქს, რაც საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქალაქისა და რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
– სკოლა-პანსიონების მშენებლობაზე უკვე კარგა ხანია საუბარია…
– სკოლა-პანსიონის საკითხი ხულოში ჯერჯერობით ტერიტორიის შერჩევის ეტაპზეა. საუბარია პანსიონის სოფელ ვაშლოვანში აშენებაზე. პროექტს სრულად აფინანსებს საქართველოს ბიუჯეტი. მშენებლობა უნდა განახორციელოს სსიპ „საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სამმართველომ“, თუმცა არის რიგი საკითხებისა, რაც დაზუსტებას საჭიროებს და ალბათ, ამაზე მომავალში გაკეთდება სათანადო განცხადებები.

