საქართველოში ხვალიდან საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
მთელი ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, 31 მარტიდან ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.
-დღეს, საბოლოო მონაცემებით, საქართველოში გვყავს 100 ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ამასთან ერთად, საბედნიეროდ, გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, ინფიცირებულთა ზრდის რაოდენობა შემაშფოთებელია. მინდა რამდენიმე საკითხზე აქცენტი გავაკეთო. გვაქვს 3 შემთხვევა, რომელთა წარმომავლობას ვერ ვადგენთ. მოგეხსენებათ, როდესაც პირველი მსგავსი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ მივიღეთ საგანგებო ღონისძიებები – მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა სრულ საკარანტინო ზონად. ამასთან, სამწუხაროდ გვაქვს სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ერთი შემთხვევა. ეს, ყველა იმ სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შესაძლებლობას შემდგომი ნაბიჯები გამკაცრდეს. გარდა ამისა, ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც არის გლობალური, ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, არა მხოლოდ მედიკოსების გმირული, ყოველდღიური 24 საათიანი შრომით, არა მარტო სახელმწიფო უწყებების, პოლიციის შრომით, არამედ ჩვენს საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან ერთგვარი შეთანხმებით. ეს არის ერთობლივი გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება.
– ჩვენ ვაცხადებთ, ფაქტობრივად, ხაზგასმით აღვნიშნავ – ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს: იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე – ქალაქებს შორის.
დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის, ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არგათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.
ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.
იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს ორმეტრიანი სოციალური დისტანცია.
ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული, ასევე, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.
აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი – საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.
პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.
ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი – ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
საკარანტინო რეჟიმზე კომენტარი გააკეთა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ხვალიდან კომენდანტის საათი იმოქმედებს მთელი რეგიონის მასშტაბით.
-ხვალ დილიდან საგუშაგოები სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას, ეს იქნება სპეციალური გამშვები საგუშაგოები – ადამიანები გადაადგილებისას დაექვემდებარებიან თერმოსკრინინგს, რათა მაქსიმალურად შევძლოთ გავრცელების ეტაპი მინიმალური დანაკარგით გავიაროთ. მთავარი გამოსავალი, რაც არაერთხელ გვითქვამს და კვლავ გავიმეორებ, ესაა დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა, ახლა ჩვენ ყველას გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება და განსაკუთრებული კანონმორჩილება, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, ბათუმში რამდენიმე გამშვები საგუშაგო იქნება.
-გამშვები საგუშაგო იქნება როგორც ქალაქის შემოსასვლელში, ისე სხვა კონკრეტულ ლოკაციებზე. როგორც შსს, ისე თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მიერ ყველა ადამიანი გადაადგილებისას დაექვემდებარება თერმოსკრინინგს. გაკონტროლდება მთელი რეგიონი, რომ არ მოხდეს კონკრეტული სიმპტომების მქონე ადამიანების შესაბამისი შემოწმების გარეშე გადაადგილება, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, კომენდანტის საათებში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ყველას ეკრძალება გადაადგილება. გამკაცრებული ზომები კი მიღებულია იმ მოტივით, რომ დაავადების გავრცელების რისკი ყოველდღიურად იმატებს.
-დღეს, ქვეყნის მასშტაბით, გვაქვს ინფიცირების 100 შემთხვევა. აქედან 8 ინფიცირებული გვყავს ბათუმში. სამწუხაროდ, მათგან ერთი კლინიკაში მომუშავე ექთანია, რაც იმის წინაპირობაა, რომ ჩვენ კიდევ მეტად დავიცვათ ის წესები, რაც აქამდე იყო შემუშავებული და რაც მომავალში შესაძლოა კიდევ გავამკაცროთ, ვინაიდან ახლა ფრონტის ხაზზე დგანან ჩვენი ექიმები, ექთნები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, სამართალდამცავები. მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ ამ ადამიანებს და ჩვენ ჩვენი დაუდევრობით, ან გარკვეული შეუთანხმებებლი მოქმედებებით საფრთხე არ შევუქმნათ საზოგადოებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა გაგებით ეკიდება ამ ყველაფერს, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, რისკჯგუფში შემავალ ადამიანებს, განსაკუთრებით კი 70 წელს გადაცილებულებს, ბინაზე მიუტანენ როგორც საკვებს, ისე მედიკამენტებს.
-ჩვენ გვაქვს ერთიანი ბაზა, დაახლოებით 7 ათასამდე ადამიანის სია, სადაც შედიან სოციალურად დაუცველები, მარტოხელები, სარეცელს მიჯაჭვული ადამიანები და სხვები. ჩვენმა მოხალისეებმა და საჯარო მოხელეებმა ადგილზე მიუტანეს მათ სასურსათო კალათა, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდა, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ და დასძინა, რომ რთული დღეები იქნება არა მხოლოდ ვირუსის გავრცელების კუთხით, არამედ იქნება პრობლემები ყოფით, სოციალურ საკითხებშიც.
-კარგად გვესმის რომ 7 ათასი სოციალური კალათა არ არის საკმარისი, ბევრი შეტყობინება შემოდის როგორც მთავრობის აპარატში, ასევე მუნიციპალიტეტებში და, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი დღესაც ელემენტარული საარსებო წყაროს გარეშეა. მაგრამ, შემდეგ დღეებში მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დ არც ერთი ადამიანი, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით, არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ბათუმის გარდა, შესაძლოა, გამშვები საგუშაგოები სხვა მუნიციპალიტეტებშიც განთავსდეს. თორნიკე რიჟვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ რეგიონში ყველა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს შეხვდა და ისინი მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, მოემსახურონ დაინფიცირებულ ადამიანებს.
შეგახსენებთ: „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით, ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 23 მარტს კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადდა.