„აჭარა ტექსტილის“ 4 ფაბრიკა პირბადეებს ამზადებს
ხატია იაშვილი 591 98 24 26
„საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, დავიწყეთ პროგრამა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე სამკერვალოში ადგილობრივი პირბადეების შეკერვა. ეს პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთში, „აჭარა ტექსტილი“ სამკერვალო ფაბრიკაში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
თავდაპირველად „აჭარა ტექსტილმა“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ 500 ათასი ცალი პირბადე გადასცა. როგორც ჩვენთან საუბარში საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ განაცხადა, ტექსტილის წარმოების კომპანია ასოციაციის წევრია, მუდმივად ჩართულია ქვეყნის აღმშენებლობაში და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისათვის მზადაა. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა გვითხრა, ქართული წარმოების პირბადეების პირველი პარტია იმ პრიორიტეტების მიხედვით დარიგდა, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა, სხვადასხვა რისკიდან გამომდინარე. ამ კატეგორიაში არიან 70 წელს გადაცილებული ადამიანები, ასევე, ის საჯარო მოხელეები, რომლებიც საკარანტინო ზონებთან არიან შეხებაში.
„ამ ეტაპზე „აჭარა ტექსტილის“ ყველა ქარხანა, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, ამზადებს პირბადეებს, სხვა ყველა საქმე მეორეხარისხოვანია. ჩვენ მინისტრთან კონსულტაციის დროს გადავწყვიტეთ, რომ იმ რაოდენობის პირბადეებს დავამზადებთ, რაც საჭირო იქნება მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ოსმან მჟავანაძე-ჩალიშქანმა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი პარტია პირბადეებისა დოლბანდისგან დამზადდება, რომელიც პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში შეიძლება მრავალჯერ გამოვიყენოთ. ის ირეცხება და მოჰყვება გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც მომზადებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინების შესაბამისად. უფრო სპეციფიკური მოხმარებისთვის, კერძოდ კი სამედიცინო მუშაკების საქმიანობის დროს, პირბადეები იქნება ერთჯერადი, რადგან იქ საჭიროა უფრო მეტი კონტროლი.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში პირბადეები, „აჭარა ტექსტილის“ გარდა, შეიკერება 10-მდე სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკაში, რომლებმაც გამოთქვეს პროგრამაში მონაწილეობის სურვილი.
„ამ ეტაპზე სახელმწიფო თვითონ ქმნის ამ მარაგს, რადგან ნედლეულის მიწოდება არის გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული, თუმცა ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან ვართ კონტაქტზე და ამ კონტაქტებს ვიყენებთ იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს დოლბანდის ნედლეულის მოწოდება. ამჟამად საკმარისი მარაგი გვაქვს, რომ პირველი პარტიის დამზადება დაიწყოს და ეს პარტია სახელმწიფოს მიერ გადანაწილებული იქნება იმ მოხელეთა კატეგორიებზე, ვისაც აქვს ყველაზე დიდი შეხება რისკის მატარებელ ჯგუფებთან, ხოლო ამის შემდეგ უკვე პრიორიტეტში გვყავს ის ბიზნესები, სადაც დასაქმებულები მაღალ კონტაქტში შედიან მომხმარებლებთან და ამდენად, რისკი მაღალია. ამის შემდეგ პირბადეები უკვე კომერციულ სექტორში გავა, ოღონდ ფასის კონტროლით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ დაიწყოს პირბადეების მასობრივი წარმოება.
„ნედლეული გზაშია. მარაგებს ვზრდით და აქედან გამომდინარე, პირბადეები გასაყიდად მალე გამოჩნდება. რადგანაც ეს არის სახელმწიფო პროგრამა, პირბადეების ფასი იქნება რეგულირებადი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.