დეპუტატებმა პროდუქტების დარიგება დაიწყეს
ხატია იაშვილი 591 98 24 26
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს სახელმწიფო პროდუქტებით ეხმარება, თუმცა არიან ისეთი პირები, რომლებიც ამ ბაზაში არ აღირიცხებიან. სწორედ ამ ადამიანებთან მიიტანეს პროდუქტები ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა. ნატალია ზოიძემ და დავით მახარაძემ 10 ოჯახს სურსათი გადასცეს.
როგორც ჩვემთან საუბარში ბატონმა დავითმა აღნიშნა, ეს საჩუქარი ოჯახებს სააქციო საზოგადოება „ვაჭრობტრანსმა“ გადასცა.
„ჩვენს ქალაქში მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც სტატუსის მატარებლები არიან, მუნიციპალიტეტისგან დახმარებას იღებენ – ეს იქნება სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი ოჯახები თუ სხვა.მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, არ აქვთ სოციალური სააგენტოს მხრიდან სტატუსი და შეიძლება ვერ მომარაგდნენ იმ პროდუქტებით, რომელსაც მუნიციპალიტეტი გამოყოფს. ჩვენ, ბიზნესმენების საშუალებით, რომლებიც გვიკავშირდებიან და გამოხატავენ კეთილ ნებას, ვეხმარებით სწორედ ასეთ ოჯახებს. პირადად მე, როგორც საკრებულოს დეპუტატმა ჩემს სამაჟორიტარო უბანში მოვძებნე ასეთი ადამიანები და გადავეცით პროდუქტები. იქვე მოვუწოდეთ უსაფრთხოების წესების დაცვისკენ და დავურიგეთ საინფორმაციო ფლაერები. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის როგორც სასიამოვნო (ადამიანები გამოხატავდნენ მადლიერებას), ასევე შრომატევადი პროცესი. დიდი წილი ამ სასარგებლო საქმის ბოლომდე მიყვანისა მოდის მუნიციპალურ სერვისცენტრებზე. ვფიქრობ, რომ უნდა აღინიშნოს მათი კეთილსინდისიერი საქმიანობა და ადამიანებზე ზრუნვისთვის გადავუხადოთ მადლობა“, – გვითხრა ბათუმის საკრებულოს წევრმა ნატალია ზოიძემ.