“მზად ვართ ყოველდღიურად ვემსახუროთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს დასჭირდება”
სურსათი 7 ათასზე მეტ ოჯახს გადაეცემა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
აჭარაში 7 ათასზე მეტი ოჯახისთვის სურსათის გადაცემა დაიწყო. პროდუქტები აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს და მარტოხელა პენსიონერებს გადაეცემათ.
ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა, ასევე, ძალიან ბევრმა მოხალისემ გამოთქვა აქციაში ჩართვის სურვილი. მათ წითელ ჯვართან ერთად გაიარეს შესაბამისი ტრენინგი და უსაფრთხოების წესების დაცვით ოჯახებში სასურსათო კალათის დარიგება დაიწყეს.
ორი დღის განმავლობაში აჭარის მასშტაბით 3 000–ზე მეტ ოჯახს დაურიგდა პროდუქტი. აქტივობა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება
-როგორც კი გააჟღერა ახალგაზრდულმა ცენტრმა ამ ბრწყინვალე იდეის შესახებ, მოხალისეებს მაშინვე შევუერთდი. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელივანია და ვთვლი, რომ ჩემი ვალიცაა, ვიზრუნო უფროს თაობაზე, ჩვენს ბებიებსა და ბაბუებზე, ასევე, იმ ოჯახებზე, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება თავიანთი სოციალური ფონიდან გამომდინარე. აღსანიშნავია ჩვენი მთავრობის თავმჯდომარის ბატონი თორნიკე რიჟვაძის სამაგალითო საქციელი და ის ნამდვილად მისაბაძი პიროვნებაა! ძალიან დიდი ხანია, რაც ჩართული ვარ სხვადასხვა ღონისძიებაში, მაგრამ ვერ ვიხსენებ ფაქტს, რომ ასეთი ფართო მასშტაბით დახმარება მიეღოთ მოწყლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებსა თუ შშმ პირებს.ეს მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან ნათელი მაგალითია იმის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია! ასევე, მინდა მადლიერება გამოვხატო იმ ახალგაზრდა გოგო–ბიჭების მიმართ,რომლებიც დაუზარლად, მთელი სულითა და გულით არიან ჩართულნი ამ პროცესში. ახალგაზრდები მზად ვართ ყოველდღიურად ვემსახუროთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს დასჭირდება. უბრალოდ, ჩვენი თხოვნაა–დარჩნენ სახლში –გვითხრა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი გიორგაძემ.
როგორც ქალაქ ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, ბათუმის მასშტაბით პროდუქტები დაახლოებით 1600 ოჯახს გადაეცა. პროცესში ჩართულები არიან როგორც ბათუმის მერი, ასევე ვიცე-მერი და საკრებულოს დეპუტატები. არსებული ინფორმაციით, ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ოფიციალურ გვერდზე მოქალაქეების მხრიდან ყოველდღიურად შემოდის შეტყობინებები. ქალაქის მერი ვიცე-მერთან ერთად პირადად სტუმრობს ოჯახებს და მათ სასურსათო პროდუქტებს გადასცემენ. ლაშა კომახიძემ მობილიზება გაუკეთა კერძო კომპანიებსაც და სწორედ მათი ჩართულობით ხდება ყველა შემოსულ შეტყობინებაზე რეაგირება.