მოსახლეობის ნაწილს კომუნალურ გადასახადს სამი თვის განმავლობაში მთავრობა დაუფარავს
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა განცხადება.
-მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება – თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს. აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის, – განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ მინისტრმა თქვა ისიც, რომ მოქალაქეებმა პირდაპირ მიიღეს ეკონომიკური ზიანი იმ ღონისძიებებიდან გამომდინარე, რომელთა გატარებაც მთავრობას უწევს ჩვენივე მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად.
-ადამიანებმა დაკარგეს შემოსავალი და დაკარგეს სამუშაო ადგილები. შეუძლებელია ამ კრიზისის წინასწარი პროგნოზი როგორც დროის თვალსაზრისით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება, ასევე ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა. ამიტომ, ჩვენ ვალდებულები ვართ, მაქსიმალურად სწორად გამოვიყენოთ ეკონომიკის ის მწირი შესაძლებლობები, რომელიც გვაქვს. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეის მდგომარეობით, გამოიყო 2 მილიარდი ლარი, რაც მიმართული იქნება როგორც სამუშაო ადგილების, ისე მიმდინარე ბიზნესების შესანარჩუნებლად. ეს არის მხოლოდ დასაწყისი და პირველი ეტაპი, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, მთავრობის გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, შეღავათი იქნება ოჯახებისთვის, რადგან საკვებ პროდუქტებზე ფასები დღითი დღე იზრდება. მარტივად რომ ვთქვათ, ოჯახებს, რომლებსაც თვეში 36 ლარამდე ექნებათ ელექტროენერგიის გადასახადი, დავალიანებას სახელმწიფო დაუფარავს. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, 200 კუბური მეტრის საფასური დაახლოებით 114 ლარია.
-აჭარაში ბუნებრივი აირის მომხმარებელი დაახლოებით 90 ათასი აბონენტია, – გვითხრა „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა, – 200 კუბური მეტრი ეს არის 114 ლარი, თუმცა რეგიონში რამდენი ოჯახი იქნება, რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის გადასახადს, ვერ გეტყვით. ამასთან შეღავათი არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხას. სათქმელია ისიც, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ აბონენტი მოიხმარს 50 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, მოხდება მხოლოდ მოხმარებული აირის საფასურის გადახდა და დანარჩენი 150 კუბური მეტრის თანხა დეპოზიტზე არ დარჩება. ამასთან, აბონენტი, რომელსაც 201 კუბური მეტრი აირი ექნება გახარჯული, თავად გადაიხდის სრულად გადასახადს. ზოგადად, აირის მოხმარება სეზონურია და ზამთარში უფრო მეტს მოიხმარენ ოჯახები. ახლა ისეთ ფაზაში გადავდივართ, ბუნებრივი აირის მოხმარება ნაკლები იქნება, თუმცა საშუალოდ, ოჯახი თვეში 50 კუბურ მეტრ აირს მაინც მოიხმარს.
აბონენტებს, რომლებმაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 მ3-სა, სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად ბარათზე. სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას. მთავრობის შეღავათით ვერ ისარგებლებენ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები და ისინი მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს თავად დაფარავენ.