მოხალისეები თანაქალაქელებს ეხმარებიან
ნაირა ფუტკარაძე 27 48 93
ახალ კორონავირუსთან ბრძოლამ გააერთიანა ჩვენი ქვეყანა. მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფიც შეიქმნა, რომლებიც სპეციალური ინსტრუქტაჟის შემდეგ მზად არიან დაეხმარონ მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. სასურსათო კალათებსა და პირველადი დახმარების მედიკამენტებს მაღალი რისკჯგუფის წარმომადგენლებს აწვდიან. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც დამოუკიდებლად ეხმარებიან ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს.
ბათუმში „წითელი ჯვრის“ მოხალისეთა ჯგუფი ამოქმედდა. იგი აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდა. ეს გუნდი მოწყვლადი ჯგუფების აჭარის მთავრობის ბაზით ხელმძღვანელობს.
-დღეს უნდა გავერთიანდეთ იმ გამოწვევის დასამარცხებლად, რომელიც კორონავირუსის სახელით მოგვევლინა,-გვითხრა საქართველოს „წითელი ჯვრის“ბათუმის ფილიალის კატასტროფების კოორდინატორმა გიორგი ბოლქვაძემ.
დარიკო შაინიძე ერთ-ერთია, ვინც „წითელი ჯვრის“ კამპანიაში აქტიურადაა ჩართული. ის მიიჩნევს, რომ მოხალისეობრივ საქმიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ რთულ პერიოდში, როგორშიც ამჟამად ვართ.
-აჭარის ბევრ სოფელში მოსახლეობა ინფორმაციის სიმცირეს განიცდის. მათ მნიშვნელოვან ნაწილს ტელევიზიის სხვადასხვა არხთან და ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, ჩვენ კი შეგვიძლია ავუხსნათ, როგორ დაიცვან საკუთარი თავი და ოჯახები ვირუსისგან. ამასთან, ვაწვდით საჭირო ნივთებს, რომლებიც გამოადგებათ არსებულ სიტუაციაში,-გვითხრა დარიკომ.
რამდენიმე დღეა ბათუმში მოხალისედ მუშაობს თიკო აბაშიძეც.იგი საქველმოქმედო ფონდ„იალქანის“ ხელმძღვანელია.
– ჩვენ არ ვართ რეგისტრირებული მოხალისეებად, რადგან საქველმოქმედო საქმიანობას ფონდი „იალქანი“ უკვე წლებია ახორციელებს და მოხალისეებიც გვყავს, რომლებიც ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებაში გვეხმარებიან გვაქვს გამოცდილება, ვიცით, როგორ გადავამოწმოთ ოჯახები და დავადგინოთ საჭიროებები, ვთანამშრომლობთ სოციალურ სამსახურთან და გვაქვს ჩვენი ბაზაც. აქედან გამომდინარე, ოჯახებს ვაწვდით იმას, რაც სჭირდებათ. მაქსიმალურად ვიცავთ რეკომენდაციებს ჩვენი და სხვისი უსაფრთხოებისთვის, გვაქვს ხსნარები, ხელთათმანები, პირბადეები, ბახილები და ხალათები, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, რომ მათი შოვნა ძალიან გვიჭირს. უკვე ბოლო მარაგიც გვეწურება და არ ვიცი, რას ვიზამთ. ვიდეომიმართვაც ჩავწერეთ იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ჩვენსავით საქველმოქმედო საქმიანობას ეწევიან, რათა მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოება და უნებურად, სიკეთის ნაცვლად უბედურება არ გაავრცელონ. ბიზნესკომპანიების დახმარებას ველოდებით, მაგრამ არ ჩანს.არჩიეს, მსხვილი თანხები სახელმწიფო ფონდებში გადარიცხონ. ჩვენ კერძო პირები გვირიცხავენ თანხას. რასაც ვახერხებთ, იმას ვაკეთებთ.ვცდილობთ იმ ოჯახებს დავეხმაროთ, რომლებიც არ ხვდებიან სახელმწიფო დახმარების პროგრამაში. ასეთი იოჯახი ძალიან ბევრია, ყველას ვერ ვეხმარებით, ფულადი რესურსი არ გვყოფნის. მივმართეთ რამდენიმე მსხვილ კომპანიას, რომლებიც აჭარაში ოპერირებენ, ვებგვერდის ლინკიც ჩავუგდეთ, რომ გაცნობოდნენ ჩვენს საქმიანობას და გადაწყვეტილება ისე მიეღოთ, მაგრამ ამაოდ.არადა, ძალიან გვჭირდება ბიზნესის მხრიდან მხარდაჭერა, ჩვენთვის კი არა, არამედ შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახებისთვის. იქნებ გაითვალისწინონ ეს, გვითხრა თიკო აბაშიძემ.
მოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული ბათუმის ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრი.
-საბედნიეროდ, ბევრმა გამოთქვა მოხალისეობის სურვილი. მათგან ისინი შევარჩიეთ, რომლებიც ჯანდაცვის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ. ახალგაზრდები ენთუზიაზმით შეუდგენ კეთილ საქმეს, რომელიც დღეს აუცილებელია ბევრი თანამოქალაქისთვის,-თქვა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა თენგიზ დოლიძემ.