ზაალ მიქელაძე: ყველა გათვლით, როგორი პიკიც არ უნდა გვქონდეს, იმაზე მეტი სასუნთქი აპარატი არ დაგვჭირდება, რაც გვაქვს
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
კვლევა პირველი კლასის, ყველაზე მგრძნობიარე ტესტით ტარდება
აჭარაში „კოვიდ- 19-ის“ 11 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, რომლებმაც საქართველო მალევე დატოვეს. 1 აპრილს „კოვიდ- 19“ 10 წლის მოზარდს დაუდასტურდა. ის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა ბებიასთან ერთად. პაციენტს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ოჯახის თხოვნით, მოზარდი დედაქალაქში გადაიყვანეს – თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში, სადაც გააგრძელებს მკურნალობას. ზაალ მიქელაძის განცხადებით, მოზარდის მკურნალობის საშუალება იყო რეგიონშიც, თუმცა ოჯახი ცხოვრობს თბილისში და, ამდენად, გაითვალისწინეს მათი თხოვნა პაციენტის დედაქალაქში გადაყვანის თაობაზე. ბათუმში ამ ეტაპზე 8 ინფიცირებულს მკურნალობენ.
1 აპრილს, საღამოს, ხულოდან, მაღალი ტემპერატურით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 45 წელს გადაცილებული ქალბატონი შეიყვანეს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ამ ქალბატონის შემთხვევაში გასულია საკარანტინო პერიოდი საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ და ნაკლებადაა შესაძლებელი, კორონავირუსით იყოს ინფიცირებული, თუმცა იმ რისკების გათვალისწინებით, რომ შესაძლოა მას სხვა სავარაუდო ინფიცირებულთან ჰქონოდა კონტაქტი, რასაც არ ადასტურებს, აუცილებელია კვლევების ჩატარება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პაციენტს ცხელების კლინიკაში გადაიყვანენ, სხვა შემთხვევაში კი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაამისამართებენ.
რა მდგომარეობა გვაქვს რეგიონში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე აჭარასთან რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ისაუბრა.
– ბატონო ზაალ, პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, როგორია ინფიცირებული მედდის მდგომარეობა?
– მედდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, იქნებ ზოგიერთი მედიის წარმომადგენელმა, გარდა იმ მედიასაშუალებისა, სადაც მუშაობს, სხვა არხებზეც გადართონ და მოუსმინონ ჩვენი ქვეყნის პირველ პირებს. პირველ პირებში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ პირველ პირებს, სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური დარგის პირველ პირებსაც მოუსმინონ. როდესაც პრემიერი გამოდის და მადლობას უხდის ინფიცირებულ მედდას, როდესაც ბატონმა პაატა იმნაძემ თქვა, რომ მისი კოლეგა გმირია, ასეთ დროს ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი მედდის ოჯახში მიდის და, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უმტვრევს კარს დედას, არღვევს ყველაფერ იმას, რაზეც ამდენი ხანი ყველა ერთად ვიბრძვით – ადამიანების იდენტიფიცირება არ მოხდეს. ჟურნალისტმა საქვეყნოდ აჩვენა, თუ სად ცხოვრობს მედდა და მისი მარტოხელა დედა. ვინ იძლევა გარანტიას, რომ მეზობლები შემდეგ ცუდად არ გამოიყენებენ ამ ფაქტს იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც თავი გადადო? ის ყველაზე რთულ პაციენტთან მუშაობდა, თავისი ხელით აძლევდა წამალს და რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ჯანმრთელობა, ჟუნალისტი კი მიუვარდა სახლში და პირდაპირ ეთერში მეორეჯერ ჩართვისას თქვა, რომ ეს ადამიანი ჩემს დაკაკუნებაზე ისევ გამოვა გარეთ და დაარღვევს იზოლაციის წესებსო. სამწუხაროდ, მეორე ჩართვისას ძველი კადრები აჩვენა. ამით რა გვითხრა – გმირი ჟურნალისტი ვარო? ჯერ ერთი, იმ ზონაში არ უნდა მისულიყო ჟურნალისტი. ამ ეტაპზე ამის დროც არ არის, თუმცა აუცილებლად გავივლი კონსულტაციებს იურისტებთან, გპირდებით, მედდასთან და დედამისთან ერთად ვივლი სასამართლოში და უწყებებში, საჩივარს შევიტან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაშიც. როგორც ბატონმა პაატა იმნაძემ თქვა – გმირებთან და მათ ოჯახებთან ასე მოქცევა არ შეიძლება.
– როგორი მდგომარეობაა აჭარაში ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელების კუთხით?
– ჩვენ კვლავ ვართ იმ კარგ ეტაპზე, რასაც ჰქვია შეკავება. მადლობა მოსახლეობის 99 პროცენტს, მოქალაქეებს, რომლებმაც მხარი აუბეს ყველა იმ რეკომენდაციას და მაქსიმალურად იცავენ იმ რეჟიმს, რასაც ჰქვია თვითიზოლაცია, კარანტინი თუ მოწოდება-„დარჩი სახლში!“ ჩვენ ეს შესაძლებლობას მოგვცემს, შევაკავოთ შიდა გავრცელება, რისი რისკიც არსებობს. ინფიცირებულთა მატებას ველოდებით, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში 2 ათასზე მეტი ადამიანია საკარანტინო ზონაში-უცხოეთიდან შემოყვანილი მოქალაქეები, რთული რეგიონებიდან. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, ვიღებთ თავზე რისკებს და ჩვენს მოქალაქეებს ვაბრუნებთ სამშობლოში. ყველანაირ კომფორტს ვუქმნით, რომ მოვათავსოთ ისეთ სასტუმროებში, სადაც 24 საათის განმავლობაში მიეწოდებათ ყველა სერვისი – კვებიდან დაწყებული, მოვლის საშუალებებით დამთავრებული. პათოლოგიების გამოვლენისთანავე კარანტინიდან ადამიანები პირდაპირ გადაგვყავს კლინიკაში.
– რამდენმა ადამიანმა დატოვა საკარანტინო ზონა აჭარაში?
– 300-მა ადამიანმა ანუ იმათ, ვისაც 14-დღიანი პერიოდი გაუვიდა. ვისაც საეჭვო ნიშნები გამოუვლინდა, ყველას ჩაუტარდა ტესტირება.
– მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ამ დღეებში, თქვენ აჭარაში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდით. რა იყო მიზანი?
– შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი კლინიკების მხრიდან „კოვიდ-19-ის“ მართვა, საჭიროების შემთხვევაში, პროტოკოლების შესაბამისად და არა მხოლოდ კლინიკების იმ ნაწილის მხრიდან, რომლებიც უკვე ჩართულნი არიან და ყველა ეტაპი გავლილი აქვთ – კლინიკები, რომლებსაც სავარაუდო გავრცელების შემთხვევაში შეიძლება მოუწიოთ ჩართვა, მზად უნდა იყვენენ როგორც მედპერსონალის, ისე ინფრასტრუქტურის კუთხით. მივაწოდეთ ინფორმაცია დაგეგმილ ღონისძიებებზე. ეს არის ახალი თემა და იცით, რომ ინფექციის მართვასთან დაკავშირებით პროტოკოლები და მართვის სქემები ყოველდღიურად იცვლება. ამიტომ ყველა დეტალთან დაკავშირებით საქმის კურსში უნდა იყვნენ.
– ცხელების ცენტრებზე რას გვეტყვით?
– აჭარაში შეიქმნა ცხელების მართვის ორი ცენტრი – საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრსა და ბათუმის ნომერ პირველ პოლიკლინიკაში. ოჯახის ექიმებს გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგი და ყველა ზარი, რომელიც აჭარაში შემოვა, გადამისამართდება ამ ე.წ. ცხელების ცენტრებში. შესაძლო, სავარაუდო, საეჭვო შემთხვევისას, მათი რეფერალი გაკეთდება ცხელების ცენტრში. ამ ეტაპზე ცხელების კლინიკა არის ინფექციური საავადმყოფო, ანუ, საეჭვო შემთხვევები დასადასტურებლად გადავა სწორედ ამ კლინიკაში, სადაც პაციენტებს, ადგილზე დაყოვნებით, საჭირო სამედიცინო კვლევებს ჩაუტარებენ.
– ალბათ, ცხელების ცენტრი შესაძლებლობას მოგცემთ, მძიმე პაციენტები არ დარჩნენ კლინიკების მიღმა და შედარებით მსუბუქი ფორმის პაციენტების ბინაზე მართვის შესაძლებლობა იქნება.
– ჯერჯერობით ყველა დადასტურებული შემთხვევა იმართება კლინიკაში. თუ ჩვენ მივიღეთ გავრცელების ისეთი რაოდენობა, რომ შეუძლებელი გახდა ყველა პაციენტის განთავსება კლინიკებში, ამ შემთხვევაში, შეიძლება მსუბუქი ფორმების ბინაზე მართვა. თუმცა, ჯერჯერობით, ამის საჭიროება არ გვაქვს. რეგიონში არის 1600 საწოლი, აქედან გამომდინარე, ვიდრე ამ რაოდენობის შემთხვევა არ იქნება, ბინაზე მართვის საჭიროება არ დადგება დღის წესრიგში.
– რამდენადაც ცნობილია, უახლოეს პერიოდში იგეგმება რესპუბლიკური საავადმყოფოს გახსნაც.
– ცოტა მოგვიანებით ვგეგმავდით მისი, როგორც პოლიპროფილური კლინიკის გახსნას, მაგრამ დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს საავადმყოფოს აღჭურვა და ის იქნება „კოვიდ-19-ის“ მართვის ცენტრი.
– სასუნთქი აპარატების პრობლემა ხომ არ იქნება?
– 1600 საწოლი გვაქვს და 160-მდე სუნთქვის აპარატი. ევროპული სტანდარტით, 400 საწოლზე 5 სასუნთქი აპარატი მოდის. თუ დავთვლით, 1600 საწოლზე უნდა გვქონდეს 20-ან 30 აპარატი. ჩვენ გვაქვს 160. სულ იყო საუბარი, რომ რეგიონში ბევრი კლინიკაა, თუმცა, ამ შემთხვევაში, კლინიკების რაოდენობა გამოგვადგება დაავადების მართვისთვის. ინფიცირებულთა დიდ ნაკადს არ ველოდებით, მაგრამ თანხა გადარიცხულია და დამატებით 27 სასუნთქი აპარატი მალე გვექნება. ყველა გათვლით, როგორი პიკიც არ უნდა გვქონდეს, იმაზე მეტი სასუნთქი აპარატი არ დაგვჭირდება, რაც გვაქვს.
– რაც შეეხება ტესტებს, როდის იქნება და ვის ჩაუტარდება სწრაფი ტესტი?
– ტესტები არის, ყველა სავარაუდო შემთხვევას სწორედ ტესტების მეშვეობით ვიკვლევთ. ეს არის პირველი კლასის, ყველაზე მგრძნობიარე ტესტი, რომლითაც ტარდება კვლევები – 100-პროცენტიანი დადასტურებით. თუ საუბარია სხვა ტესტებზე, რომელიც გამოიყენება სხვა მიმართულებებში, თუნდაც სამედიცინო პერსონალისთვის, ამ კუთხით გადაწყვეტილება მიღებულია, გადამზადდება როგორც ცხელების კლინიკების, ისე სხვა კლინიკების ლაბორატორიის პერსონალი. სწრაფი ტესტით გავიგებთ, რომ ინფექცია არ იქნება გადამდები სხვისთვის 24 საათის განმავლობაში, მაგრამ ეს ტესტი არ ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელსაც ტესტირება ჩაუტარდება, 48 ან 72 საათის მერე ვირუსის მატარებელი არ იქნება. მხოლოდ პსრ ტესტი გვაძლევს საბოლოო პასუხს. სწრაფი ტესტი მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში იძლევა პასუხს, რაც უსაფრთხო არაა მასობრივი გამოყენებისთვის. ვიღაცა გაიგებს, რომ არ აქვს ვირუსი და შესაძლოა მთელი კვირა კონტაქტებს არ მოერიდოს. თუნდაც, ის გახმაურებული ქელეხები როგორ მოუბრუნდა გარკვეულ კონტინგენტს, ვიცით.
– ინფიცირებულის მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს?
– ყველა დადასტურებული შემთხვევის მკურნალობა და საეჭვო შემთხვევის კვლევა უფასოა.
– ახალი კორონავირუსის ირგვლივ გავრცელებულ მითებს თუ რეალობას გვერდს ვერ ავუვლით. გავრცელდა მოსაზრება, რომ ვისაც ბცჟ აცრა აქვს ჩატარებული, ინფიცირების ნაკლები შანსი აქვს.
– მსგავსი გავრცელდა წითურას აცრაზეც. „კოვიდ-19“ ახალდაბადებული ვირუსია და რომელს ჰგავს, ცოტა რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამას მომავალში გამოიკვლევენ, ახლა ამის დრო არ არის. იმუნიზაცია საუკეთესო საშუალებად რჩება და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, გააგრძელონ გეგმური აცრების ჩატარება. შესაძლოა გარკვეული პროგრამები შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ეხება იმუნიზაციას.
– ინფიცირებული პაციენტები ასაკის მიხედვით ხომ არ განთავსდებიან კლინიკებში?
-ამ ეტაპზე ყველა ასაკის პაციენტი არის ერთ სივრცეში, მაგრამ თუ შემთხვევები გაიზარდა, ბავშვთა ასაკის მართვაში ჩაერთვება იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრიც. კლინიკა ცხელებით ამჟამადაც იღებს ბავშვებს.
– ბატონო ზაალ, მოსახლეობას რას ეტყვით „აჭარის“ საშუალებით?
– დარჩით სახლში – ნიშნავს დარჩი სახლში და არა მეზობელთან, ნათესავთან ან ბირჟაზე! უნდა გავწყვიტოთ სავარაუდო შემთხევევბის ჯაჭვი. როცა ადამიანი ამბობს, მე ჯანმრთელი ვარ, ეს არაფერს ნიშნავს, გადამდებები სწორედ ისინი არიან, ვისაც არ აქვთ გამოხატული კლინიკური ნიშნები. ადამიანს თუ მაღალი ტემპერატურა აქვს, ის ისედაც დისტანცირებს სხვებისგან. მოწოდება „დარჩი სახლში“ – საკუთარ სივრცეში დარჩენას ნიშნავს. იმ საკუთარ ოჯახშიც, თუ ყავთ ასაკოვანები, სასურველია იყვნენ იზოლირებულები.
– მედპერსონალი, რომელთაც პაციენტებთან უწევთ ყოველდღიური ურთიერთობა, არ ვგულისხმობ მხოლოდ ინფიცირებულ პაციენტებს, წარმოადგენენ თუ არა საფრთხეს,ზოგადად, საკუთარი ოჯახებისთვის?
– მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციები არ იძლევიან რეკომენდაციას, რომ კლინიკის წარმომადგენლები არ დაბრუნდნენ სახლში. ამ ადამიანებმა უნდა დაიცვან და იცავენ კიდეც წესებს. მათ იციან, როგორ გამოიცვალონ სპეცტანსაცმელი, ჩაიტარონ შესაბამისი პროცედურები და დაბრუნდნენ ოჯახში. თუმცა, კოვიდ-ცენტრში მომუშავეებს გამოვუყავით სასტუმრო, ვისაც სურვილი აქვს, დარჩება, მაგრამ ოჯახში არ მისვლის რეკომენდაცია არაა. და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა: არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად რისკავენ, მაგრამ ეს რესურსი არ არის ამოუწურავი. მოგვეცით მაქსიმალურად საშუალება, რომ რესურსი სწორად გავხარჯოთ. ნუ დაგვაკარგვინებენ ეპიდემიოლოგების და ინფექციონისტების რესურსს სხვა წვრილმან თემებზე. კიდევ ერთხელ, მედიის წარმომადგენლების გასაგონად – ნუ ბრაზდებიან უმიზეზოდ. სამწუხაროდ, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა უთხრა – როგორ არ მაძლევთ ინტერვიუს, მე „ჭ“ კლასის სააგენტოდან არ ვარო. უკეთესი იქნებოდა, ექიმისთვის ეკითხა, რა ფორმაში იყო და მოახერხებდა თუ არა ინტერვიუს მიცემას. ეთერში გამოჩენის გამო, მედპერსონალი ვერ გაიხდის სპეცტანსაცმელს და ვერ დაკარგავს დროს მაშინ, როცა მის წინ 30 პაციენტი დგას. ისე, ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს „ა“ და „ჭ“ კლასებად.

