პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი – ბათუმში
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
2 აპრილს, ბათუმის „მედალფას“ ბონის კლინიკიდან კოვიდ -19-ით გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი გაწერეს. ახალგაზრდა ქალბატონს, როგორც ჰოსპიტალური ქსელი „მედალფას“ რეგიონალურმა დირექტორმა ლევან ანთაძემ გვითხრა, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. პაციენტი 27 მარტს ბონის „მედალფას“კლინიკაში „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრიდან“ გადაიყვანეს.
-პაციენტი მსუბუქი სირთულის იყო. მას პირველი ტესტი გუშინ, პირველ აპრილს ჩაუტარდა, განმეორებითი კვლევა კი დღეს – 24 საათის შემდეგ და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო. პროტოკოლი ითხოვს, რომ ორმაგი დადასტურება იყოს 24 საათის განმავლობაში. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა, 2 კვირის განმავლობაში უნდა იყოს თვითიზოლაციაში, – გვითხრა ლევან ანთაძემ. მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდ 19-ით ინფიცირებული 7 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. აქედან ერთის, ასაკოვანი მამაკაცის, მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მამაკაცს ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს.