„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა მზად იყოს სწრაფი განვითარებისთვის“
ირმა ცეცხლაძე 27 48 93
მძაფრდება ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. უმუშევრად დარჩენილი ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე ცდილობს დაემორჩილოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას, მასთან დაკავშირებულ კომენდანტის საათს და სხვა შეზღუდვებს, რათა საქართველოში შენარჩუნდეს შედარებით სტაბილური მდგომარეობა.
ხელისუფლების მიერ ამ კუთხით გატარებულ თუ ამიერიდან გასატარებელ ღონისძიებებზე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ილია ვერძაძე გვესაუბრება.
-ბატონო ილია, თქვენ, როგორც განათლებით ექიმი, როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ?
-პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის, რასაც ყველა აღნიშნავს ამ საკითხზე საუბრისას, თუ როგორ მაღალპროფესიულად ასრულებს სამედიცინო კორპუსი თავის მოვალეობას. მათი მო რომელიც სრულ თანხვედრაშია მთავრობის ღონისძიებებთან. ამით ის მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი საქმე, რომელსაც რამდენიმე უწყება ასრულებს, დამოკიდებულია მათ შორის არსებულ კოორდინაციაზე. სწორედ ესაა საამაყო, რომ აქაც დაფიქსირდა ჩვენი გუნდის მაღალორგანიზებულობა. სხვა შემთხვევაში ვერ მივიღებდით იმ დადებით შედეგს, რასაც აღნიშნავს მთელი მსოფლიო. კარგად გახსოვთ, რასაც აცხადებდა საარჩევნო სისტემის ცვლილებების პერიოდში ოპოზიცია, რომ „მთავრობა არაფრის გამკეთებელია“, „ქართული ოცნება ვერაფერს ახერხებს მართვის კუთხით“, „ხელისუფლება ჩამოიშლება“ და ა.შ. მთელი ეს შეფასებები აღმოჩნდა აბსოლუტურად უსაფუძვლო, რადგან არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობამ, მთელმა მსოფლიომ დაინახა, ჩვენი მთავრობის სრული მობილიზაცია. მიღებულია დროული, სწრაფი, მკაცრი და ადეკვატური გადაწყვეტილებები, რის შედეგიცაა დიდი წინსვლა კოვიდ-19-ის გავრცელების შეზღუდვის საქმეში. ეს, ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი არგუმენტია ხელისუფლების დადებითად შეფასებისთვის.
– პანდემიის პიკი ხომ ჯერ კიდევ წინ გვაქვს?
– დავიწყოთ იქიდან, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტია მოსახლეობა და მისი ჯანმრთელობის დაცვა. პიკი მართლაც ჯერ კიდევ წინ გვაქვს, მოვლენები როგორ განვითარდება, არავინ იცის. ძალიან ვერაგია ეს დაავადება, მაგრამ ის ნაბიჯები, რითაც დრო მოიგო ჩვენმა სახელმწიფომ, ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც ხვალ მკვეთრად რომ გაიზარდოს ინფიცირებულთა რიცხვი, მაინც მოვიგეთ ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი დრო. კერძოდ, მსოფლიო ნელ-ნელა უახლოვდება კოვიდ-19-ის სამკურნალო საშუალებების და ვაქცინის შექმნას. ქვეყანაში დაიჭირეს თადარიგი ფილტვების სავენტიცილაციო აპარტების, პირბადეების და სხვა აქსესუარების საწარმოებლად და მოსამარაგებლად. წარმოიდგინეთ, თუნდაც ერთი თვის წინ რომ დაფიქსირებულიყო ამდენი ინფიცირებული, დღეს რომ გვყავს, ხომ რადიკალურად გაიზრდებოდა ავადმყოფთა რიცხვი. . .კარგად ვხედავთ, რა დღეში აღმოჩნდა იტალია, ესპანეთი თუ გერმანია, რომელთაც თავიდანვე არ მიაქციეს ჯეროვანი ყურადღება ამ ვირუსს.
– ოპოზიცია თვლის, რომ ამ საქმეში მთავარი დამსახურება მიუძღვით ექიმებს, სამედიცინო კორპუსს, ხოლო მთავრობა ჩვეულებრივი ზომების გატარებას დასჯერდა და დიდი არაფერი გაუკეთებია.
– ეს არ არის მართალი. ყველამ კარგად დაინახა, რა სისწრაფით დაიწყო ხელისუფლებამ მოქმედება – საზღვრების კონტროლი და შეზღუდვა, სპეციალური ზონების შექმნა, თვითიზოლაციის დამრღვევთათვის ჯარიმის შემოღება, ლაბორატორიის ორგანიზება, საავადმყოფოების მობილიზება, ტრანსპორტის შეზღუდვა, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის შემოღება, ქალაქების და მუნიციპალიტეტების დროებით დახურვა, სავაჭრო ობიექტების გაჩერება (აფთიაქების და სურსათის მაღაზიების გარდა), კომუნალური გადასახადების გადახდა, შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეების პროდუქტებით უზრუნველყოფა და ბევრი სხვა რამ. ყოველ დღე ცხადდება ახალ-ახალი ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ატარებენ მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები. ხელისუფლების საგანგებო რეჟიმში მუშაობის შედეგად საქართველოს მოსახლეობამ მოიგო ის სამი კვირა, რომელიც შემდგომში დაგვიცავს უზარმაზარი ტრაგედიებისგან. ვერავინ გვისაყვედურებს, რომ დრო დავკარგეთ, რომ ზერელედ მივუდექით მსოფლიო პანდემიად გამოცხადებულ ვირუსთან ბრძოლას, რომ არაფრად ჩავაგდეთ მოსახლეობის ჯანმრთელობა და არ უზრუნველვყავით მისი მაქსიმალური დაცვა და უსაფრთხოება. ოპოზიციის ზოგიერთ განცხადებაში სამწუხაროდ, იკვეთება, რომ მათთვის დესტრუქცია და სიცრუე ხელისუფლებისთვის ზიანის მისაყენებლად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არსებული რეალობა. ვფიქრობ, ამას მოსახლეობა სწორად შეაფასებს. ასეთი მიდგომა მათივე ლუსტრაცია უფრო იქნება, ვიდრე იმ აშკარა წარმატების დაკნინება, რაც სახეზეა ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი მუშაობით, რასაც აღნიშნავს მთელი მსოფლიო.
– ამაში გეთანხმებით, მაგრამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც, დროებით მაინც, დაკარგა სამუშაო. ვგულისხმობ ბაზრობებზე, სავაჭრო ობიექტებში მომუშავეებს, კერძო სექტორში დასაქმებულებს. . .
– მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ვინაიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სერიოზული გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა მზად იყოს სწრაფი განვითარებისთვის და აღადგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ჰქონდა წლის დასაწყისში.
– რა პროგნოზებს აკეთებს პრემიერი ეკონომიკის შენარჩუნების კუთხით?
– გიორგი გახარიას თქმით, ამ კრიზისის პირობებში, პროგნოზების გაკეთება რთულია. მისი განცხადებიდან ჩანს, რომ მთავრობა მზადაა, დახმარება გაუწიოს როგორც მოქალაქეებსს, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებსა და ბიზნესში დასაქმებულებს. მთავრობა ითვალისწინებს, რომ თითოეულ მოქალაქეს მიადგა გარკვეული ზიანი აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მთავრობა დაფარავს ელექტრო ენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადებს 3 თვის განმავლობაში მათთვის, ვინც მოიხმარს 200 კვ.ს-მდე ენერგიას და 200 კუბ.მ.-მდე აირს. კრიზისის დასაძლევად მთავრობა იძულებულია მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად გამოიყენოს ჩვენი ეკონომიკის მწირი შესაძლებლობები. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს 2 მილიარდი არ მოიცავს ჯანდაცვისთვისბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას კოვიდ 19-ის წინააღმდეგ, რომელიც 351 მლნ ლარს შეადგენს. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საჭიროების შემთხვევაში, დახმარების ოდენობა გაიზარდოს. ვფიქრობ, სირთულეები შესაძლებელია იყოს, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწრაფად მოგვარდება. კომენდანტის საათი კიდევ უფრო დაგვაახლოებს ვირუსის შეჩერების დროსთან. თუკი დავემორჩილებით მთავრობის გადაწყვეტილებებს, ასევე ზედმიწევნით დავიცავთ ინფექციონისტებისა და ეპიდემიოლოგების ყველა რეკომენდაციას, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ კოვიდ-19-ის დამარცხებას. მახარებს ის ფაქტიც, რომ ამ ხნის განმავლობაში არც ერთი ლეტალური შედეგი არ გვქონია, რაც ისევ და ისევ ჩვენი მედიკოსების უზარმზარი, მუხლჩაუხრელი შრომის და ღრმა ცოდნის დამსახურებაა.