ცირა ფუტკარაძე: ნაკლებად ვიყოთ აგრესიულები, თუნდაც უარყოფითი მოვლენების ანალიზისას
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69
კორონავირუსმა დიდი საშიშროების წინაშე დააყენა კაცობრიობა, სიცოცხლის დაცვა და გაფრთხილება ახლა უმთავრესია. ადამიანთა გადარჩენისათვის რიგი სავალდებულო წესები და რეკომენდაციები შემუშავდა. მათი დაცვა ბევრს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს უქმნის, პანიკაში ვარდება. როგორ შევინარჩუნოთ წონასწორობა და გავძლიერდეთ პიროვნულად – ესაა დღეს ყველაზე აქტუალური კითხვა, რომელზე პასუხსაც ამ ინტერვიუში იპოვით. მაშ ასე, კითხვებს პასუხობს ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის კლინიკური ფსიქოლოგი, მკვლევარი, ფსიქოთერაპევტი, საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების წევრი, ქალბატონი ცირა ფუტკარაძე.
– რთულ სიტუაციაში ვართ, საგანგებო მდგომარეობის გამო იზოლირებულნი. უარყოფითი ინფორმაციები პანიკურ შიშს იწვევს. . . რას ურჩევდით მოსახლეობას?
– ვითარება ჩვენს ქვეყანაშიც, მსოფლიო მოვლენების კვალდაკვალ, მოულოდნელად განვითარდა. დიახ, მოსახლეობის ნაწილს შეიძლება განუვითარდეს პანიკური შიში ეკონომიკური გათვლების და იზოლაციის ვადის გამო. პანიკა მედიცინაში მიღებული ტერმინია. მას ახასიათებს სიმპტომთა ერთობლიობა. როგორც წესი, ასეთ დროს ადამიანის გულისცემა ხშირდება, ოფლიანდება, ჰგონია, რომ ჰაერი არ ჰყოფნის, ბევრს ამ დროს ეწყება თავბრუხვევა, ციებ-ცხელება. ფიზიკური შეგრძნებების გარდა, პანიკური შეტევისას ადამიანს იპყრობს ძლიერი შიში, უბედურების მოახლოებული განცდა. ზოგიერთს ჰგონია, რომ კვდება ან გიჟდება. ასეთ დროს ადამიანები იძახებენ სასწრაფო დახმარებას. პანიკური შეტევები შეიძლება განვითარდეს კვირაში ან დღეში რამდენჯერმე, თვეში – ერთხელ. ინდივიდუალურია პაციენტის დამოკიდებულება პრობლემებისადმი. უფრო დეტალურად არ მოვყვები ამ დაავადების შესახებ. უბრალოდ, მინდა პანიკური შიშის დაძლევის რამდენიმე ხერხი შემოგთავაზით: ა) გააანალიზეთ პრობლემა, გააცნობიერეთ, რომ გარკვეული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და როლი ყველა ჩვენგანს აკისრია ამ საერთო , მასშტაბური პრობლემის დაძლევაში; ბ) წარმოიდგინეთ, თითქოს საკუთარი პანიკა თქვენს მიღმაა და არც ისეთი რთულია, როგორც წარმოგიდგენიათ; გ) შეეგუეთ და იცხოვრეთ თქვენს პანიკასთან ერთად ისე, თითქოს ყველაფერი წესრიგშია და ჩვეული წესრიგით ცხოვრობთ.თქვენი პანიკა როცა გააქტიურდება, სხვა რაიმეზე გადაიტანეთ ყურადღება. ამით მოახერხებთ, რომ განგაშს თავი დააღწიოთ.
– იძულებით შეცვლილი ცხოვრების წესის პირობებში ადაპტირებას როგორი ადამიანები შეძლებენ, ანუ რა არის ის უმთავრესი მახასიათებელი, პიროვნებას რომ აძლიერებს?
– ვიცით, რომ ვირუსი, რომელმაც რეალურად შეცვალა ჩვენი ცხოვრების რიტმი, გაურკვეველი დროით მოითხოვს ადეკვატური ნაბიჯების გადადგმას. ადაპტირებას შეძლებენ ძლიერი ადამიანები, რადგან ამ ვირუსთან ბრძოლა მოითხოვს წესების ზედმიწევნით დაცვას. სუსტი ნებისყოფის ადამიანებიც მოახერხებენ მასთან გამკლავებას . ორივე ტიპის ადამიანებმა იციან, რომ დაუდევრობა დააზიანებს მათ ჯანმრთელობას.
– ინფორმაცია, ტელევიზია, ინტერნეტი, სოცქსელი, მათი გამუდმებული გამოყენება ფსიქოტრონულ საფრთხეს ხომ არ ქმნის?
– ვერ ვიტყვი, რომ ინტერნეტი, სოცქსელები, ტელეინფორმაციები მხოლოდ საფრთხის შემცველია. მთავარია რას ვეძებთ ინტერნეტში, როგორ ვახდენთ ინტერპრეტირებას და როგორია ჩვენი ემოციური მიმღებლობა. მთავარია ვიცოდეთ, რომ ნეგატიურ მოვლენებზე მუდმივი ფიქრიც კი ასნებოვნებს ადამიანს. თითოეული სიტუაციის სწორი ანალიზი უნდა შევძლოთ, ნაკლებად ვიყოთ აგრესიულები, თუნდაც უარყოფითი მოვლენების ანალიზისას. რა ვისწავლეთ კონკრეტული მოვლენიდან – ეს შევაფასოთ და დასკვნა გამოვიტანოთ.
– დღეს ადამიანები ჩაკეტილ სივრცეში აღმოჩნდნენ. მათ, ვისაც სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდათ, ასეთ სიტუაციას როგორ გაართვან თავი?
– ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, კეთილგანწყობა, ასევე, მედიკამენტების მიღება,თუ ამის აუცილებლობა არსებობს. საჭიროა, მათი უნარ-ჩვევების განვითარება,რათა გარკვეულად ხდებოდეს მათი პიროვნული ზრდა.
– რამდენად მოსალოდნელია, გახშირდეს ოჯახური ძალადობა,პრევენციისთვის რა უნდა გაკეთდეს?
– არა მგონია, ოჯახური ძალადობის რაოდენობა გაიზარდოს. ინსტიტუციები საკმაოდ მომზადებული შეხვდნენ ამ პრობლემას. სასურველია მასმედიამ მეტი დრო დაუთმოს ოჯახურ თანადგომას, სიყვარულს, მოსახლეობის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას იმ კუთხით, რომ სხვისი ჭირი და სნეულება ჩვენც გვეხება, მსგავსი პრობლემები ხომ შესაძლოა ჩვენც გაგვიჩნდეს!
– როგორია თქვენი რჩევები, არსებულ სიტუაციას რომ თავი გავართვათ?
– ჩამოვთვლი: 1. გავიაზროთ, რომ პრობლემა სერიოზულია და მოითხოვს მთავრობის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას; 2. დავკავდეთ სასარგებლო საქმით, რისი რესურსიც გვაქვს; 3. გამოვიმუშაოთ უნარები პირადი ჰიგიენისა და იმ სივრცის დასუფთავებისა, სადაც ვიმყოფებით; 4. ვაწარმოოთ დღიური იმის შესახებ, რა სარგებელი მივეცით საკუთარ თავს ჩაკეტილობაში, იზოლირებისას. იგულისხმება პიროვნული განვითარება და სხვაზე დახმარება.
– დასვით კითხვა, რომელიც აუცილებლად მიგაჩნიათ და უპასუხეთ.
– რამდენად კეთილსინდისიერად ვასრულებ მთავრობის რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებით? ამ კითხვას ასე ვუპასუხებ: ვცდილობ ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს ერთგული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე ვიყო, შევასრულო ის რეკომენდაციები, რასაც გვთავაზობენ მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად.რთულია მათი შესრულება, მაგრამ ვიცი, თავს გავართმევ,რადგან მარტო არ ვარ! ჩვენ ყველანი ერთად გადავლახავთ ამ სიძნელეს.