სოფლად საგაზაფხულო სამუშაოები არ შეჩერდება
ირმა ცეცხლაძე 27 48 93
„ფერმერების მუშაობა საქართველოს მოსახლეობის გადარჩენის ერთადერთი გზაა“
კოვიდ-19-ის გამო დამძიმებულ ვითარებაში, როდესაც თანდათან ჩნდება პროდუქტების დეფიციტის შიში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიდა სასოფლო სამეურნეო საქონლის წარმოება, რათა მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. იმაზე, თუ რა კეთდება ამ კუთხით აჭარაში, ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე გვესაუბრება.
-მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი უპირველესი მიზანია, არ შეჩერდეს სოფლის მეურნეობის არცერთი დარგი, ხელი შევუწყოთ როგორც დიდი მეურნეობების, ისე მცირე საოჯახო საწარმოების გამართულ მუშაობას. თუკი ადრე სახელმწიფო ნაკლებად ერეოდა კერძო მეწარმეების საქმიანობაში, ახლა ვეცდებით მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს განსაკუთრებულად ესაჭიროება, რათა საკმარისად მოვიწიოთ პროდუქტები და უახლოეს მომავალში შეივსოს ადგილობრივი ბაზარი. ამისთვის აუცილებელია, ფერმერებმა შეძლონ საგაზაფხულო სამუშაოების სრულყოფილად ჩატარება.
-ახალი კორონავირუსის ფონზე გატარებული შეზღუდვების გამო შეჩერდა თუ არა რიგი სამუშაოები?
-ფაქტობრივად, არ შეჩერებულა არცერთი პროექტი და ღონისძიება, რომელიც უშუალოდ სოფლის მეურნეობას ეხება. მათ შორის, ისევ ისე მოქმედებს ექსტენცია თუ სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე კონსულტირება. ფუქნციონირებს აგრომაღაზიები, სადაც იყიდება მოსავლის მოსაყვანად აუცილებელი პესტიციდები, სხვადასხვა სახის სასუქები, შესაწამლი პრეპარატები თუ შხამ-ქიმიკატები, ანუ აქ შესაძლებელია ყველა იმ პროდუქციის შესყიდვა, რაც სოფლის მეურნეობასთანაა დაკავშირებული.
-ბატონო ტიტე, პატრიარქის მოწოდებას – დავბრუნებოდით მამა-პაპათა მიწებს და თავად გვეზრუნა საკუთარი სარჩო-საბადებლის მოსაწევად, ბევრი ენთუზიაზმით მოეკიდა, თუმცა ამ ეტაპზე შეუძლებელია ელემენტარული შრომის იარაღის-თოხის, ბარის ან ფოცხის ყიდვა, ვინაიდან დაიკეტა ის ბაზრობები, სადაც მსგავსი ინვენტარის შეძენას შევძლებდით. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ კუთხით ის ქალაქელები, რომლებმაც მიწების დამუშავება გადავწყვიტეთ?
-სამეურნეო იარაღებს რაც შეეხება, ნებისმიერ მსგავსი ინვვენტარით მოვაჭრე მაღაზიას უფლება აქვს, მომხმარებელს დისტანციურად მოემსახუროს. საჭიროა მხოლოდ კონტაქტების მიწოდება მსურველებისთვის, რაც შესაძლებელია მაღაზიის კარებზე ფირნიშის გაკვრითაც კი. კლიენტი, უბრალოდ, დაურეკავს და მას მიაწვდიან საჭირო ნივთს. ამას კანონი არ ზღუდავს.
– რაც შეეხება ექსტენციის სამსახურს, ადგილზე მიდიან სპეციალისტები კომუფლაჟებით თუ ონლაინრეჟიმში აწვდიან დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას?
– გარდა იმისა, რომ გვაქვს ექსტენციის პროგრამით გათვალისწინებული დისტანციური სწავლება, რამდენიმე დღეში ამოქმედდება ვიდეოგაკვეთილების სისტემაც. ასევე, დღის განმავლობაში ფერმერებისგან ვღებულობთ 40-50 სატელეფონო ზარს და სპეციალისტები უწევენ კონსულტაციებს ამა თუ იმ საკითხზე. აუცილებელობის შემთხვევაში, მომართვის საფუძველზე, ფერმერებთან ვუშვებთ მობილურ ლაბორატორიას, სადაც დამონტაჟებულია ნიადაგის თუ მცენარის, ნაყოფის თუ მერქნის კვლევისთვის აუცილებელი დანადგარები. ცხადია, იქ ჩასული ჩვენი თანამშრომლები იცავენ ამ პერიოდისთვის აუცილებელ წესებსა და ნორმებს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ შეფერხება სოფლის მეურნეობაში ნაკლები გვექნება. ყველა დარგი მუშაობს გამართულად.
-მელიორაციის საქმე როგორ მიდის?
– მელიორაციის უზრუნველსაყოფად არ შეგვიჩერებია არცერთი პროექტი, ამიტომ იმედი მაქვს, სამელიორაციო სამუშაოები უმტკივნეულოდ ჩაივლის და გაზაფხულზე ფერმერები შეძლებენ ყველა სამუშაოს ჩატარებას, რაც ჭირნახულს მოგვიტანს. ამასთანავე, რამდენიმე დღეში დავაანონსებთ ახალ პროექტს, რის მეშვეობითაც ფერმერებს სახელმწიფო კონკრეტულად შეუწყობს ხელს საგაზაფხულო ხვნა-თესვის პროცესში.
– ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა ხომ არ შეჩერებულა?
-აქტიურად ვაგრძელებთ ფაროსანას საწინააღმდეგოდ მიმართულ ღონისძიებებს. უკვე დავიწყეთ ფერომონების დამონტაჟება დასავლეთ საქართველოში. მოგეხსენებათ, ეს არის ცენტრალიზებული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. შესაბამისად, ამ პროექტში ჩართული ვართ ჩვენც. აქ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი შტაბიც მოქმედებს. ასე რომ, არც ერთი დაგეგმილი აქტივობა არ ჩავარდება და იგივე რეჟიმში გავაგრძელებთ ფაროსანასთან ბრძოლას, როგორც შარშან. ერთი მხარეა ის შეზღუდვები, რაც სახელმწიფომ დააწესა ხალხის ჯანმრთელობის გადასარჩენად, მაგრამ მეორე მხარეა აგროსექტორი, რომლის მეშვეობითაც ფერმერები იღებენ თუნდაც მინიმალურ, მაგრამ მაინც მოსავალს და მის მოწევაშიც აუცილებლად უნდა დავეხმაროთ ჩვენივე ქვეყნის და მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
– რა პრობლემა შეიქმნა არსებულ ვითარებაში?ამ შეზღუდვების ფონზე წარმოუდგენელია, ყველაფერი იყოს კარგად. . .
– ერთადერთი პრობლემა შეიქმნა – სასათბურე მეურნეობებში, სადაც მოჰყავდათ სალათის ფურცლები, რომელსაც ძირითადად, მოიხმარდნენ საზკვების ობიექტებში – რესტორნებსა და კაფეებში. მათ დარჩათ არარეალიზებული ეს პროდუქცია და ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მის გასაღებაში. ამასთან, ვაკვალიანებთ ფერმერებს, რომ სათბურებში მოიყვანონ ისეთი პროდუქტები, რომლებიც უფრო გასაღდება სამარკეტო ქსელში. ვგულისხმობ ბოსტნეულს, მწვანილს, იმ პროდუქციას, რომელსაც მოსახლეობა ყოველდღიურ საკვებად იყენებს.
– ეხმარებით თუ არა მეურნეებს ჩითილებით და ნერგებით?
-ამ ეტაპზე არ გავცემთ მრავალწლიან ნერგებს, მაგრამ არ შეგვიჩერებია ჩითილებისა და თესლის დარიგება, რადგან ორიენტირებულნი ვართ მოკლევადიან ეფექტზე – მივეხმარებით მოსახლეობას ყველა იმ პროექტის განხორციელებაში, რომელიც ახლო სეზონზეა გათვლილი.
– პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სხვადასხვა პროექტი დაფინანსდება. . .
– არაერთხელ მომიცია ინტერვიუ ამ საკითხზე და კარგად იცით, რომ მსგავსი დაფინანსებები ადრეც იყო და ახლაც გრძელდება. ჩვენ ავამუშავეთ პროგრამა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მიმართულებით. ამ ეტაპზე გადავეწყვეთ და დავაფინანსებთ გადამამუშავებელ საწარმოებს, რომლებიც უშუალოდ სოფლის მეურნეობისთვისაა. ადრე გვქონდა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, რომელშიც სხვასთან ერთად გათვალისწინებული იყო პოპულისტური ობიექტები ანუ არასასოფლო მიმართულებები, მაგრამ ახლა მკაცრად სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებს ვუბრუნდებით, რადგან გადარჩენისთვის შრომაა აუცილებელი.
– რას ურჩევდით ფერმერებს და საერთოდ, ჩვენს მოქალაქეებს ამ ვითარებაში?
– პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ ყველას იმავეს, რასაც მთელი მსოფლიო გაიძახის: დარჩი სახლში! ეს მოწოდება არ გულისხმობს სოფლის მეურნეობის გაჩერებას, რადგან მიწას გააჩნია საკუთარი აგროკალენდარი, რომლის დარღვევა და უგულებელყოფა პროდუქტების დეფიციტს გამოიწვევს. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონკრეტული რეკომენდაციები უსაფრთხოების დაცვის ნორმების შესახებ. აუცილებელია, გავითვალისწინოთ და დავემორჩილოთ სახელმწიფო უწყებების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ჩვენივე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ისევ და ისევ გავიმეორებ, რომ არ უნდა შევაჩეროთ ფერმერების მუშაობა, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობის გადარჩენის ერთადერთი რეალური გზაა ამ ეტაპზე.