„წავედი რეგიონში, სადაც ჩემი დახმარება სჭირდებოდათ“
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93
ბათუმელი ლევან ჩხაიძე, რომელიც მიუსაფარ ძაღლებს სახლებს უშენებს და აპურებს, ამჯერად გურიაში, ჩოხატაურის რაიონში იმყოფებოდა. მან თანაქალაქელების დახმარებით, ცხოველებისთვის განკუთვნილი მედიკამენტები, ასევე, დიდი რაოდენობით საკვები შეაგროვა და იმ ჯგუფს ჩაუტანა, რომელიც კარანტინის დროს ოჯახებს მიუსაფარი ცხოველების გამოკვებაში ეხმარება.
– ჩემი ჩოხატაურში წასვლა განაპირობა გაუბედურებული ცხოველებისადმი სიბრალულმა, რომლებსაც ყურადღებას აღარავინ აქცევს. დაკეტილია მარკეტები, რესტორნები, ყველაფერი, რაც ძაღლებს უქმნიდა გამოკვების თუნდაც ელემენტარულ პირობებს. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა გამხდარი, სახლიდან გამოგდებული ძაღლის სურათები. ამიტომაც გადავწყვიტე და წავედი რეგიონში, სადაც ვფიქრობ, ჩემი დახმარება სჭირდებოდათ არა პროდუქტით, არამედ მოტივაციით, რომ ხალხისთვის მეჩვენებინა – როგორ უნდა გაერთიანდნენ. შევკრიბე პროდუქტი ცხოველთა მოყვარულების დახმარებით, იმ ადამიანების თანადგომით, რომლებიც დღემდე გვერდით მიდგანან. სოფო დოლიძემ, რომელსაც სამკერვალო ატელიე აქვს, გაიღო თავისი წილი და დაამზადა დიდი რაოდენობით სადეზინფექციო ხსნარები (რომელიც აფთიაქებში ამჟამად 20 ლარი ღირს). ჩოხატაურში ძალიან ბევრი ადამიანი დამხვდა. იქ მცხოვრებ ბიჭებს, რომლებიც ოჯახების დახმარებაში მონაწილეობენ, მიუსაფარი ძაღლებისთვის ჭიაზე დასამუშავებელი, კანის დაავადების მედიკამენტები, ასევე, 120 კგ ე. წ. კორმი და 120 ცალი პური ჩავუტანე, რომლებსაც გადაანაწილებენ და ცხოველებს ნელ-ნელა მოახმარენ. ყველა რეგიონს, სადაც ჩავდივარ, ფეისბუქგვერდზე ვუქმნი ჩატს, სადაც ერთად განიხილავენ პრობლემებს. უკვე არსებობს სამტრედიის, ზესტაფონის, ოზურგეთის, სენაკის, ხაშურის ჩატები. ახლა უკვე-„ჩოხატაური და ოთხფეხა მეგობრებიც“ შეიქმნა, სადაც თითქმის მთელი რეგიონი გაერთიანდა.
ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩოხატაურის მერმა დამირეკა და მადლობა გადამიხადა იმისთვის, რაც გავაკეთეთ, მითხრა, რომ პირადად დაეხმარება ბიჭების ჯგუფს,–აღნიშნა ლევან ჩხაიძემ ჩვენთან საუბრისას.