სამასი ახალგაზრდა – ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე
ირმა ცეცხლაძე 577 20 45 63
აჭარის მოწყვლად ჯგუფებში 7 ათასი სასურსათო კალათა დარიგდა
შეიცვალა დრო და სხვადასხვა პროცესის მართვის სქემაც. ის რაც იოლად კეთდებოდა ადრე, ახლა სირთულეების დაძლევის შედეგად ხდება. რას აკეთებენ მოხალისეთა ჯგუფები ამ ეტაპზე და ძირითადად, რა საქმიანობას ეწევა ახალგაზრდული რეგიონალური ცენტრი, ამაზე საუბრობს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე:
– მოგეხსენებათ, ახალაგზარდული რეგიონალური ცენტრის შექმნიდან ჯერ წელიწადიც არ გასულა. მისი მთავარი ფუნქციაა ახალგაზრდების ჩართვა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ასევე, მისი მოვალეობაა ახალგაზრდა მოხალისეების კონსოლიდაცია ამა თუ იმ ღონისძიების გასატარებლად. ჩვენ უკვე გვაყვდა და ახლაც ვაგრძელებთ მოხალისეთა ჯგუფების მობილიზებას. მით უმეტეს, რომ ქვეყანა დადგა ამ ადამიანების დახმარების საჭიროების წინაშე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, დავიწყეთ ახალგაზრდების შეკრება. მათი მხრიდანაც იყო კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის სურვილი.
-სულ რამდენი მოხალისის შეკრება შეძელით?
– რეგიონში უკვე სამასი ახალგაზრდაა ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე. აქედან 134 გვყავს ბათუმში. მათი დახმარებით, სასურსათო კალათებს ვურიგებთ მოწყვლად ჯგუფებს მთელ აჭარაში.
– ადრე რა საქმეს ასრულებდნენ ეს მოხალისეები?
– „წითელ ჯვართან“ ერთად ვახორციელებდით რიგ პროექტებს. კატასტროფებსა თუ სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებით შესაბამის მართვის ჯგუფებს ვაყალიბებდით. ისინი არიგებდნენ პირველადი დახმარებისთვის საჭირო პროდუქტებს, მედიკამენტებს და ინვენტარს. თუმცა ამ ეტაპზე არსებული ჯგუფები არ იყო საკმარისი ამ ოდენობის ტვირთის დასარიგებლად. წარმოიდგინეთ, 7 ათასი პაკეტი დარიგდა აჭარის მასშტაბით. ამიტომ გამოვაცხადეთ „ქოლი“ (გამოძახება) და დავიმატეთ მოხალისეები აქტივისტთა ჯგუფებში. ისინი „წითელ ჯვართან“ ერთად გადავამზადეთ იმ საკითხებში, რომლის ცოდნაც აუცილებელია ვირუსთან საყოველთაო ბრძოლის ამ ეტაპზე. ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი, თუ რა წესები უნდა დაიცვან მოხალისეებმა პროდუქტების დარიგების მიზნით ქალაქში გადაადგილების დროს.
– რა ნიშნით შეირჩნენ მოხალისეები, დარწმუნდით თუ არა, რომ რომელიმე მათგანი არ მიეკუთვნება რისკის ჯგუფს?
– ძალიან მკაცრი კრიტერიუმებით შევარჩიეთ. პირველ რიგში, ჯგუფები დაკომპლექტდა 18-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებით, რომლებსაც არ აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები. ამასთან, გაირკვა, რომ მოხალისეების ოჯახებშიც არ უნდა იყვნენ 70 წელს ზემოთ ასაკის ან ქრონიკული დაავადების მქონე წევრები.
– კონკრეტულად ვის დაურიგდა სასურსათო კალათები?
– ბენეფიციართა სიას ადგენს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად, სადაც ითვალისწინებენ მოწყვლადი ჯგუფების სხვადასხვა კატეგორიას. ამ ეტაპზე ესენი იყვნენ 70 წელს გადაცილებული პენსიონერები, შშმ პირები და საწოლს მიჯაჭვული ჩვენი მოქალაქეები. სახელობითი სიები ჩვენთან მისამართების თანხლებით მოვიდა, რის საფუძველზეც დავარიგეთ სასურსათო კალათები.
– ხდება ისეც, რომ ბენეფიციარი არ ცხოვრობს რეგისტრირებულ მისამართზე, შესაძლებელია რისკს მოარიდეს და სხვა ბინაში ან სულაც სოფელში გადაიყვანეს. როგორ არკვევთ სად მიუტანოთ სურსათი?
– საერთოდ, სიის შედგენაში მონაწილეობენ მიკროგამგებლებიც ანუ მენეჯერები, რომლებმაც ძირითადად, იციან საკუთარი ბენეფიციარების რეალური მისამართები. მათ აქვთ კონტაქტებიც და იცნობენ კონკრეტულ ოჯახებს. ამის მიუხედავად, ასეთი შემთხვევა თუ იქნება, შეეცდებიან პირის ადგილსამყოფელი ახლო ნათესავების მეშვეობით დაადგინონ. თუკი მაინც ვერ იპოვეს, მაშინ პაკეტი უკან გვბარდება და შეინახება მანამ, სანამ არ გამოჩნდება ადრესატი.
– რა შედის ამ პაკეტებში?
-ზეთი, წიწიბურა, რამდენიმე სახის მაკარონი, ბრინჯი, ბურღული, ფქვილი და შაქარი. ეს პროდუქტები ექვსივე მუნიციპალიტეტში დაარიგეს მოხალისეებმა. ხუთივე მუნიციპალიტეტში აქედან ჩასული ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე არიან ბოლო დღემდე და კოორდინაციას უწევენ დარიგების პროცესს. ახალგზრდებს უზრუნველვყოფთ სათანადო სადენზიფექციო საშუალებებით, კომუფლაჟით, პირბადეებით, სათვალეებით, ხელთათმანებით და საწვიმრებითაც კი. ისინი ხსნარით იმუშავებენ ხელებს ბენეფიციართან მისვლის და უკან დაბრუნების დროს. ასევე ხსნარებით დეზინფიცირდება კარის სახელურები რომელსაც ეხებიან და ტრანსპორტი, რომლითაც მოძრაობენ.
– აღნიშნული აქცია ერთჯერადია?
– ეს დამოკიდებულია მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზე. ალბათ გაიზრდება კალათების დარიგების არეალიც და ბენეფიციართა რიცხვიც. წინასწარ შეუძლებელია ამის პროგნოზირება. ყოველ შემთხვევაში, თუკი ისევ დასჭირდა რეგიონს, ჩვენი მოხალისეები მზად არიან თანამემამულეთა დასახმარებლად. მინდა მადლიერებით აღვნიშნო, რომ „წითელი ჯვრის“ მოხალისეები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესებში და გვეხმარებიან კალათების დარიგებასა თუ მოხალისეთა გადამზადებაში, მათთვის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. საჭიროებისამებრ გვიტარებენ ტრენინგებს სათანადო თემაზე. თანაც, ჩვენი მოხალისეები არათუ არიგებენ, აფასოებენ კიდეც პროდუქტს, რაც მოგეხსენებათ, საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ისიც სათქმელია, რომ კომპანია „სპუტნიკ-ბათუმი“ დაგვეხმარა ჩვენი მოხალისეების კვების მხრივ.
– ბიზნესკომპანიებს ხომ არ გამოუთქვამთ სასურსათო კალათების დარიგების სურვილი?
– არის გამოხმაურება ამ კუთხითაც და მინდა განვაცხადო, რომ თუკი კონკრეტულად მოინდომებენ მსგავს აქციებს, დაგვიკავშირდნენ და დავაკვალიანებთ როგორ, რა ფორმით დაარიგონ რისკის გარეშე პროდუქტი ან სხვა რამ. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის წინ შექმნილია მოხალისეთა ცენტრი, სადაც ხშირად გვაკითხავენ ბიზნესმენები ამ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად.