საკონტეინერო ტერმინალები ის არხებია, რომლებითაც ჩვენს ქვეყანას ვამარაგებთ
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
გიორგი გახარია – ბათუმში
ჯანდაცვა და ეკონომიკა-ეს ორი მიმართულებაა, რომლისთვისაც იბრძვის ხელისუფლება, – განაცხადა აჭარაში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაური დღეს ბათუმის პორტში მივიდა და ადგილზე გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სწორედ, საზღვაო-საპორტო გადაზიდვებია.
გიორგი გახარია „აჭარა ტექსტილსაც“ ესტუმრა და ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. საწარმოში 3200 ადამიანია დასაქმებული. პრემიერის თქმით, ეს ნიშნავს, რომ 3200 ადამიანს აქვს შემოსავლის წყარო.
შეგახსენებთ, არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში პირბადეების დეფიციტია, 2 კვირის განმავლობაში კი 6-მა ქართულმა საწარმომ უკვე მილიონი პირბადე დაამზადა. მომავალი კვირიდან მათ რიგებს კიდევ ორი საწარმო შეემატება. ამით, როგორც პრემიერი ამბობს, შიდა ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება.
– ჩვენმა კომპანიამ სრული პასუხისმგებლობა აიღო, რომ დეფიციტი, რაც არსებობს ქვეყანაში, აღმოიფხვრას. პირველ ეტაპზე, ჩვენ გადავწყვიტეთ, მილიონი პირბადე უსასყიდლოდ გადავცეთ სახელმწიფოს, – აცხადებს „აჭარა ტექსტილის“ ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე.
დღეს ბათუმის პორტში ორი გემი შემოვიდა, ერთმა 40 ათასი კილოგრამი საკვები პროდუქტი შემოიტანა, ხოლო მეორემ – 23 ათასი კილოგრამი მედიკამენტი. ბათუმის პორტში გემებს გამკაცრებული კონტროლით იღებენ, სკრინინგს გადიან ეკიპაჟის წევრები, მოწმდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეზღუდებათ ხმელეთთან კონტაქტი. საჭიროების შემთხვევაში, სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება როგორც ტვირთს, ისე იმ მანქანებს, რომლებიც ნავსადგურების მეშვეობით შემოდის ქვეყანაში.
-ჩვენ მთავრობის დონეზე გამოვყავით რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის მიმართულება, რაზეც ვთქვით, რომ ეს ის სისტემური მიმართულებებია, რომელთა სწორად მართვის პირობებში კოვიდ-19-ს გავუმკლავდებოდით და ვთქვით, რომ პირველი იყო ჯანმრთელობა, მეორე – მარაგების მართვა და აქ შედის, სწორედ, სამედიცინო მარაგების მართვაც. ეს ჩაბარებული აქვს ლევან დავითაშვილს. მინდა გითხრათ, რომ სულ უკეთ და უკეთ მიმდინარეობს ეს პროცესი. დღეს არის საჭირო მარაგები და ის მუდმივად ივსება. სწორედ ამიტომ გახლდით დღეს ბათუმის პორტში და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საპორტო ინფრასტრუქტურა არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არცერთი წუთით არ გაჩერდება, – განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა, -სწორედ ამიტომ ვიყავით ჩვენ დღეს, რომ შეგვემოწმებინა, როგორ გამართულად მუშაობს, პირველ რიგში, საკონტეინერო ტერმინალი, ბათუმის და ფოთის. ჩვენთვის ეს უკიდურესი აუცილებლობაა და უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის არხებია, რომლებითაც ჩვენს ქვეყანას ვამარაგებთ, ასევე – ჩვენს მეზობლებს, ესეც ჩვენი დიდი პასუხუსმგებლობაა, რამეთუ გამოდის, რომ საზღვაო კავშირი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანია.
გიორგი გახარიამ აჭარაში საგანგებო შტაბთანაც გამართა შეხვედრა.
-თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი დღეს არის სარფიდან ახლად შემოსული ჩვენი მოქალაქეების კონტროლი, რომლებიც მაშინვე გადადიან კარანტინში. დღეს აჭარაში კარანტინში მოქალაქეთა დიდი რაოდენობაა და მათი თერმოსკრინინგი უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს არის ყველაზე მარტივი, სწრაფი და, რაც მთავარია, ობიექტური ინსტრუმენტი, რითაც შეიძლება გამოვავლინოთ რისკის შემცველი შემთხვევები. თქვენ უნდა იცოდეთ ერთი რამ, აჭარაში რაღაც პერიოდის განმავლობაში, რაღაც რაოდენობით კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტები გეყოლებათ. ვერავინ გეტყვით, ეს იქნება ერთი თვე, სამი თვე, 6 თვე თუ ერთი წელი. ჩვენი ამოცანაა, ამ პროცესთან ადაპტაცია და მისი მართვა ისე, რომ სხვა თანმდევი პროცესები – სახელმწიფოს ფუნქციონირების, ბიზნესის, ეკონომიკის, ტურიზმის, ჩვეულებრივი სამოქალაქო ცხოვრების – ნელ-ნელა აღვადგინოთ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ერთდროულად გავიმარჯვოთ ამ ორივე ფრონტზე – ჯანმრთელობა, ადამიანის სიცოცხლე და ეკონომიკა. მხოლოდ ჯანდაცვის ნაწილში წარმატებას არანაირი ფასი არ ექნება, თუ საბოლოოდ გავანადგურეთ ჩვენი ეკონომიკა. ამ ვირუსთან ბრძოლის ნაწილში უნდა გავიმარჯვოთ ისე, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკა და მას მივაყენოთ მინიმალური ზიანი. დღეის მდგომარეობით, აჭარის ეკონომიკას, ტურისტული სეზონის ფაქტობრივად გაუქმების შედეგად, ძალიან დიდი ზიანი ადგება. მოთხოვნა-მიწოდების სტრუქტურა ქვეყანაში და გლობალურადაც შეიცვლება და ამისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი პირველი ამოცანაა, გავუმკლავდეთ ვირუსს და მეორე ამოცანაა, ეს გავაკეთოთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას და შევინარჩუნოთ ეკონომიკის სწრაფი ზრდის პოტენციალი, – განაცხადა გიორგი გახარიამ.