კოვიდ-19-ის ერთი ახალი შემთხვევა ბათუმში
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30
„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია“
ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა 60 წლამდე ასაკის ქალბატონს დღეს დაუდასტურდა. ამის შესახებ მედიასთან კომენტარი რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გააკეთა და თქვა, რომ ისევე როგორც საკარანტინო ზონიდან, დისტანციური მართვის ცენტრებიდანაც ხდება პაციენტების გადამისამართება ცხელების ცენტრში.
– დისტანციური მართვის ცენტრებიდან, საუბარი მაქვს პოლიკლინიკებზე, სადაც 112-ზე შესული ზარები გადამისამართდება, ოჯახის ექიმი საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით, იღებს გადაწყვეტილებას და ყველა ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ, არის დაავადებული კორონავირუსით, გადადის ცხელების ცენტრში. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ასეთი 36 შემთხვევა გამოვლინდა. დასრულდა ყველა პაციენტის კვლევა და 35 უარყოფითი პასუხი გვაქვს, ერთი კი დადებითი. პაციენტი საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა, სადაც მორიგი თერმოსკრინინგის დროს მას დაუფიქსირდა ტემპერატურა. შესაბამისად, კვლევისთვის აიღეს ბიოლოგიური მასალა, პსრ კვლევით მას დაუდასტურდა კორონავირუსი, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
მისივე თქმით, 60 წლამდე ქალბატონი თურქეთის რესპუბლიკიდან ერთ კვირაზე მეტია, რაც გადმოვიდა. საბაჟო სკრინინგის გავლისას მას ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები არ ჰქონდა, თუმცა, ყველა მოქალაქე, ვინც საზღვარს გადმოკვეთს, საკარანტინე ზონაში გადაჰყავთ.
ცხელების ცენტრიდან 60 წლამდე ქალბატონი „მედალფას“ ბონის კლინიკაშია გადაყვანილი.
-პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. უტარდება შესაბამისი კვლევები და დაენიშნება ადეკვატური მკურნალობის კურსი, – გვითხრა ჰოსპიტალური ქსელი „მედალფას“ რეგიონალურმა დირექტორმა ლევან ანთაძემ. ბოლო მონაცემებით, აჭარაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 8 დადასტურებული შემთხვევაა. ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი რამდენიმე დღის წინ „მედალფას“ ბონის კლინიკიდან გაწერეს.