„რესპუბლიკური საავადმყოფო ამ ეტაპზე იქნება სრულად სპეციალიზებული მედიცინის ცანტრი კოვიდ 19 – ის წინააღმდეგ“
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს აჭარის რეგიონს სტუმრობდა. გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მოინახულა და განაცხადა, რომ საავადმყოფო რამდენიმე დღეში იქნება ამ ეტაპზე სრულად სპეციალიზებული, კოვიდ 19-ის მართვის მედიცინის ცენტრი.
გიორგი გახარიამ ვირუსით გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა და კიდევ ერთხელ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა მოსახლეობას.
-პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ არის ტრაგიკული შემთხვევა. სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ჩვენ ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. ამ შემთხვევამ უნდა დაგვანახოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს, მკაცრი ნაბიჯები ეს არ არის ვიღაცის სურვილი, ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, პირველ რიგში, პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მშობლების, მოხუცებულების წინაშე. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს და, ამასთან, მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ პაციენტის გადასარჩენად, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, აჭარაში რესპუბლიკური საავადმყოფო არ არის ერთადერთი კლინიკა, რომელიც მზადდება კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, პაციენტების მისაღებად და სამართავად.
-რესპუბლიკური საავადმყოფო, ეტაპობრივად, ფუნქციონირებას 4 დღეში დაიწყებს. სრულ სიმძლავრეზე გავა დაახლოებით 10 დღეში. ეს
კრიტიკულად მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და დასავლეთ საქართველოსთვის, რადგან რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ამ ეტაპზე სრულად სპეციალიზებული მედიცინის ცენტრი კოვიდ 19 – ის წინააღმდეგ, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აჭარაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ყველა რეგიონში აძლიერებენ როგორც სტაციონარულ სექტორს, ისე პირველადი ჯანდაცვის რგოლებს.
-ადგილზე ვნახულობთ კლინიკებს და ვეცნობით მათი მხრიდან მზაობას. ამასთან, თუ რა საჭირო აღჭურვილობაა დამატებით საჭირო, რომ პაციენტებს მოემსახურონ და, ასევე, ექიმების თავდაცვის კუთხითაც რა საჭიროებებია დღის წესრიგში, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გახსნაზე ამ დღეებში „აჭარასთან“ რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემაც ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ცოტა მოგვიანებით იგეგმებოდა მისი, როგორც პოლიპროფილური კლინიკის ამოქმედება, მაგრამ ახლა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს საავადმყოფოს აღჭურვა და ის იქნება კოვიდ 19-ის მართვის ცენტრი.