ხელფასის ერთ მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებიც გადარიცხავენ
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავისრუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ. ამის შესახებ რეგიონის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა „ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
-აჭარის მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით, უერთდება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში ჩვენი ხელფასებიდან ერთი მესამედი ჩაირიცხება კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში. იცით, რომ ისევე როგორც მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაშიც პანდემიას ახლავს შესაბამისი პრობლემები. ბევრ ადამიანს შეექმნა რიგი პრობლემები და მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა, სოლიდარობა. ამ ნაწილში დარწმუნებული ვარ არაერთი სხვა უწყებაც აგვიბამს მხარს და გვაქვს მოლოდინი, ხელისუფლების ყველა დონეზე მოხდება ჩართვა ამ პროგრამაში. ინფექციასთან ბრძოლა მოითხოვს ერთიან ძალისხმევას. დარწმუნებული ვარ ერთიანი ძალისხმევით და სოლიდარობით, შევძლებთ ამ ომში გავიმარჯვოთ, გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა, – განაცხადა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
ინიციატივას უერთდება არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების გუნდი, არამედ უმაღლესი საბჭოც.
-შემთხვევით ვისარგებლებ და მადლობას ვეტყვი ექიმების ძალიან კარგ არმიას, რომელიც კარგად იბრძვის კორონავირუსის წინააღმდეგ. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ პოლიციელს, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, მებაჟეებს, რომლებიც ამ პროცესებში მონაწილეობენ. აქვე მინდა დავადასტურო, რომ სოლიდარობის აქციას უერთდება უმაღლესი საბჭო და, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ხელფასის მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს სამი თვის განმავლობაში. ეს იქნება მაგალითი ჩვენი გუნდის სხვა წარმომადგენლებისთვის და ძალიან ბევრი, გზადაგზა შემოგიერთდება, – განაცხადა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ.
შეგახსენებთ, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის მესამედის გადარიცხვის ინიციატივა 2 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გააჟღერა.
„პანდემია საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე მათ კეთილდღეობას. პანდემიასთან ბრძოლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ამ ბრძოლაში „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, ვითარების მართვაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებული როლი აკისრია. ჩვენი გუნდის ლიდერები და რიგითი წევრები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წევრები, ჩვენი პარტიის სხვა წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ეპიდემიამ რაც შეიძლება მცირე ზიანი მიაყენოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. საერთაშორისო შეფასებებით აღიარებულია, რომ „ქართული ოცნების“ ერთიანმა სახელისუფლებო გუნდმა მაქსიმალურად ეფექტურად გაართვა თავი ამ ეტაპზე ჩვენ წინაშე მდგარ გამოწვევებს. მიუხედავად ამისა, პარტიაში არ წყდება დისკუსია იმის შესახებ, თუ რა დამატებითი წვლილის შეტანა შეუძლია პარტიას და მის თითოეულ წევრს ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლის საქმეში. პარტიის წევრები ყოველდღიურ რეჟიმში გვთავაზობენ საკუთარ იდეებსა და კონკრეტულ ინიციატივებს, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის თქმითაც, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოლიდარობის გამოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
-ამგვარი სოლიდარობის მაგალითი იყო ჩვენი პარტიისა და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მოხალისეობრივი ჩართულობა ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველი წარმომადგენლებისთვის სოციალური დახმარების მიწოდებაში. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და პარლამენტის თითოეულმა წევრმა, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი მომდევნო სამი თვის ხელფასის ერთი მესამედი. მზად ვართ შევიტანოთ წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში ჩართული ადამიანების პროფესიონალიზმთან ერთად, სოლიდარობა არის მთავარი რამ, რაც საშუალებას მოგვცემს, პრობლემა დავძლიოთ მინიმალური ზიანით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.