„დღეს ჟამია ერთად სწავლისა, გიგზავნით გამოწვევას, ერთად ვისწავლოთ მომავალი!”
ნანა აბულაძე: 577 20 35 90
გლობალურმა გამოწვევამ, სახელწოდებით კოვიდ-19 სრულებით შეცვალა მსოფლიოს ცხოვრების რიტმი. როგორც ყველა სხვა უწყება, განათლების სამინისტროც მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. შესაბამისად, სკოლებს, უნივერსიტეტებს, სხვადასხვა სასწავლებელს სწავლების მეთოდების შეცვლა მოუხდათ. როგორ უმკლავდებიან გამოწვევას აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში? ამაზე დირექტორი ვახტანგ ბერიძე გვესაუბრება.
– რამდენად ახერხებთ განათლების სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევას?
– ყველამ კარგად ვიცით, რომ მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიის შემდეგ, ჩვენს ცხოვრებაში შეიცვალა ბევრი რამ. ადამიანები ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, ყოველდღიურად ვიზეპირებთ ქცევის ახალ წესებს ის, რაც გუშინ არ მოგვეთხოვებოდა, დღეს სავალდებულო ხდება. ვიზიარებთ რა საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებს, ჩვენი სკოლაც გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. ვიყენებთ სხვადასხვა ხერხს- ფაილებად თემების მიწოდებას, ონლაინ ჩართვებს და ვიდეოგაკვეთილებს, რომლებსაც ვამზადებთ და მალე სკოლის სოციალურ გვერდზე განვათავსებთ. მიმაჩნია, რომ ადამიანს ყველა გამოწვევის დაძლევა შეუძლია, მითუმეტეს ისეთ ერს, როგორიც ქართველია. სკოლას ჰყავს კომპეტენტური, კრეატიული და პროფესიონალი გუნდი, სამუშაოები დაწყებული გვაქვს. რასაკვირველია, პირველ ეტაპზე იქნება გარკვეული ხარვეზები და ეს ბუნებრივიცაა როცა სიახლეს ეჭიდები.
– რამდენი განყოფილება გაქვთ სკოლაში და ყველა ერთნაირად თუ არის ჩართული დისტანციური სწავლების პროცესში?
-სკოლაში ფუნქციონირებს სამი განყოფილება და შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპისთვის სამივე განყოფილება სრულად ჩართულია. ის, რაც ჩვენთვის სიახლეა, კარგად დავიწყებული სიძველეა მსოფლიოს წამყვანი სასწავლებლებისთვის. საუხერხულო არაფერია, უამრავი ინფორმაციაა სხვადასხვა საიტზე განთავსებული. მათი მოძიება და გამოცდილების გაზიარებაა საჭირო, რასაც გულწრფელად გეტყვით, ჩვენი სკოლა აკეთებს.
– როგორ ფიქრობთ, დისტანციური სწავლებით, რომ ყველა თქვენი მოსწავლისათვის ერთნაირად ხელმისაწვდომი იყოს განათლება?
-დღევანდელი გამოწვევაა ახალი შესაძლებლობების, უნარ-ჩვევების აღმოჩენა როგორც პედაგოგებისთვის, ისე მოსწავლეებისათვის. ჩვენ მაქსიმალიური მონდომებით ვაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დარჩეს მოსწავლე, ვისთანაც ინფორმაციას ვერ მივიტანთ.
–არის თუ არა მოსალოდნელი რაიმე ტიპის ხარვეზები დისტანციურ სწავლებაში და ხომ არ მოითხოვს ეს გარემოება რომელიმე დისციპლინაში აკადემიურის აღების საკითხს?
-ხარვეზები თავისთავად, იქნება. უპირველესად ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშრებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან და ყველგან არ არის ინტერნეტი ხელმისაწვდომი. ასევე, ყველას არ აქვს კარგი ტექნიკა და ასე შემდეგ. რაც შეეხება აკადემიურს, თუ ეს არ იქნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არცერთ სასწავლო დისციპლინაში აკადემიურის აღების საჭიროება არ დადგეს
– და ბოლოს, რას მოუწოდებდით თქვენი სასწავლებლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და ზოგადად, საზოგადოებას, როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, დავრჩეთ სახლში?
-ახალი საქმე ჯერ გვაშინებს, მერე ვეგუებით და ბოლოს გვიყვარდება. . . მჯერა, ვინც მოინდომებს, ყველა გამოწვევას დაძლევს. გავიაზროთ ისიც, რომ ყველაფერი გადაივლის, ახალი სამყარო იბადება და უფრო მეტად დაჭირდება კაცობრიობას მცოდნე, განათლებული და პროფესიონალი ადამიანები. ნუ გაატარებთ ამ ტექსტს მხოლოდ თვალის ზედაპირზე, დაფიქრდით და ჩაერთეთ ერთიანი გამოწვევის გადალახვის პროცესში. ისწავლეთ და ასწავლეთ ყველგან. ჩვენ მზად ვართ, შორიდანაც ემოციებით, შინაარსითა და სიყვარულით გასწავლოთ, უფრო სწორად, დღეს ჟამია ერთად სწავლისა. გიგზავნით გამოწვევას, ერთად ვისწავლოთ მომავალი ერთიანი, თავისუფალი სამშობლოს გასაძლიერებლად. გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას, წავიკითხოთ ბევრი წიგნი, ვნახოთ კარგი ფილმები, მოვუსმინოთ კარგ მუსიკას, ვიზრუნოთ ოჯახის წევრებზე. მალე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება!