მიხეილ ჩხენკელი: ეს სემესტრი არ ჩავარდება
ნანა აბულაძე: 577 20 35 90
საქართველო დისტანციური სწავლების კუთხით ერთ–ერთ საუკეთესოდ არის შეფასებული, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მან საზოგადოებას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში გააცნო და მადლობა გადაუხადა თითოეულ მასწავლებელს, ზოგადად, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დისტანციურ სწავლებაში არიან ჩართულნი.
– ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო-დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ყველა ის ღონისძიება, რომელიც გატარებულია საქართველოში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. განსაკუთრებით არის გამოყოფილი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს საქართველოს პირველ არხთან ერთად. პროექტი „ტელესკოლა“ იძლევა ხელმისაწვდომობის გარანტიას, რადგანაც განკუთვნილია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ჩვენს მოსწავლეებს ინტერნეტთან წვდომა. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული სხვა ღონისძიებებიც დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ეს არის ის პროგრამები, რომლებსაც სკოლები იყენებენ დისტანციური სწავლებისთვის, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში, კერძოდ, მაიკროსოფტის პროდუქტები და, ასევე, სხვა საკომუნიკაციო პლატფორმები. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ენთუზიაზმით არის ჩართული დისტანციური სწავლების განხორციელებაში. განსაკუთრებით, რასაკვირველია, ყველა მასწავლებელს, რომელიც ასე აქტიურად, ასეთი მონდომებით, შემოქმედებითი მიდგომით მონაწილეობს როგორც ონლაინსწავლებაში, ასევე „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვან პროექტში. ეს ყველაფერი ჩვენ საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არცერთ შემთხვევაში არ ჩავარდება, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში, სადაც 98 ქვეყნის მაგალითია განხილული, როგორც აღვნიშნეთ, საქართველო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ღირსეული ნაბიჯებისათვის, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუში, ისეა შეფასებული. შეფასებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პროექტ „ტელესკოლას“, რომლის ტრანსლირება 30 მარტიდან დაიწყო და 1-12 კლასების ყველა აუცილებელ საგანს მოიცავს. როგორც ზემოთ აღნიშნულ კვლევაშია ნათქვამი, ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც მსოფლიოს განათლების სისტემა აწყდება, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა, ამ მხრივ კი საქართველო გაცილებით მომზადებული აღმოჩნდა, ვიდრე სხვა ქვეყნები.