„ჩვენ ვრჩებით სამსახურში ჩვენი ბინადრებისთვის“
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63
ფოტომ, სადაც ბათუმის დელფინარიუმის ბინადარი საკუთარ მწვრთნელს კოცნის, მომენტალურად გამახსენა არსებული ვითარება და ის ჩვევა, რომელიც ქართველებს ლამის სისხლში გვაქვს გამჯდარი.ვგულისხმობ, შეხვედრისას ერთმანეთის გადაკოცნას. ცხადია, უკვე თვეზე მეტია, თუკი სადმე გავდივართ, ხელსაც აღარ ვართმევთ შემხვედრთ, მაგრამ აქამდე შემოგვრჩა უხერხულობის შეგრძნება წესად ქცეული რიტუალისთვის თავის არიდებისას.
ცოტა თემას გადავუხვიე, თორემ ჩვენს დელფინებსა და დელფინარიუმის ფუნქციონირებაზე მინდოდა საუბარი. იმის გარკვევაც ვცადე, დაზღვეული არიან თუ არა ზღვის დატყვევებული კეთილი ბინადრები ახალი კორონავირუსისგან. დელფინარიუმი ერთ-ერთი ობიექტია, სადაც არ შეიძლება მუშაობის შეჩერება, ხოლო ამ ვითარებაში როგორ ახერხებს ადმინისტრაცია დელფინებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების დაცვას, ამაზე ბათუმის დელფინარიუმის შოუს წამყვანი და პიარმენეჯერი ბერდია კუტუბიძე გვესაუბრება.
-ჩვენთვის კარანტინი უცხო არ არის, რადგან ყოველ ორშაბათს, სანიტარიული ნორმების გათვალისწინებით, იკეტებოდა «შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.» ამიტომ არ გაგვჭირვებია, დროულად გამოგვეცხადებინა უკვე სრული კარანტინი და ვიზიტორებისთვის დროებით დაგვეხურა ობიექტი. ეს მოხდა მანამ, სანამ ახლანდელ მასშტაბებს მიაღწევდა კოვიდ-19-ის გავრცელების არეალი როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. დელფინარიუმიც და აკვარიუმიც დაიკეტა ჯერ კიდევ 2 მარტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბათუმის მერიის (დამფუძნებელი) რეკომენდაციების საფუძველზე, ზემოაღნიშნული ინსტანციებიდან ახალი რეკომენდაციის მიღებამდე.
-თანამშრომლები ისევ დადიან სამსახურში?
-მომსახურე პერსონალის დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზეა გადასული, მაგრამ ჩვენი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინაარე, აუცილებელია კონტაქტური მომსახურებაც. ამისთვის დაწესდა ორი ცვლა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა საგანგებო რეჟიმში უწყვეტ მუშაობას. მოგეხსენებათ, არსებული რთული ვითარება მოითხოვს კოორდინირებულ ძალისხმევას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე საერთაშორისო დონეზე. ბათუმის დელფინარიუმი და აკვარიუმი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან და ჩვენი ბინადრების, თანამშრომლებისა და ვიზიტორთა კეთილდღეობისთვის ვიღებთ უსაფრთხოების ყველა ზომას. ცხადია, დელფინებსა და თევზებზე ზრუნვისა და მოვლის პარალელურად, მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.მაღალ დონეზე ჩატარდა ზედაპირების თუ სივრცეების ხსნარებით დამუშავება. ამასთან, ვუერთდებით კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის წამოწყებულ სოციალურ კამპანიას „დარჩი სახლში“- ჩვენ ვრჩებით სამსახურში ჩვენი ბინადრებისთვის. აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ექიმებს, რომლებიც გმირულად იღვწიან ერის და ქვეყნის მომავლის გადასარჩენად.
დელფინარიუმის მენეჯერ თენგო წეროძის თქმით, დელფინები ამჟამად კარანტინში არიან, რადგან ახლაც, ისევე როგორც მანამდე, უფრთხლდებიან მათ ჯანმრთელობას:
-20 დელფინი და 6 ზღვის ლომი გვყავს, რომლებსაც პატარა სივრცეში უწევთ ცხოვრება. მსოფლიო მასშტაბით, არსებული დელფინარიუმების მაგალითზე დადგენილია, რომ მათ ადამიანებთან კონტაქტისას ბაქტერიული დაავადებები ემართებათ. სწორედ ამიტომ მათთან მისვლამდე ხელების დეზინფექციაა აუცილებელი. რაც შეეხება ვირუსს, მსოფლიო გამოცდილებით, ჯერ არ დაფიქსირებულა დელფინების კორონათი დაინფიცირება, შეიძლება იმიტომაც, რომ დელფინარიუმებში მაქსიმალურად ვარიდებთ მათ უცხო პირებთან დაუცველ კონტაქტს.საერთოდ, დელფინებისა და ადამიანების ურთიერთობის გარკვეული პროტოკოლი არსებობს, რომელსაც მანამდეც ვიცავდით და ახლა უფრო მეტად. თუკი ეჭვი შეგვეპარა დელფინების ჯანმრთელობაში, არც ეს არის პრობლემა, ავიღებთ სინჯს და გადავაგზავნით ლუგარის ლაბორატორიაში (იცინის).
–ხომ არ გქონიათ თანამშრომლის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა?
-არა, უფალმა დაგვიფაროს, ჯერჯერობით ყველანი სახლში ვრჩებით ისინი, ვისაც უშუალო შეხება არ გვაქვს დელფინებთან ამ ეტაპზე. მართალია, ცუდი სანახავია დაცარიელებული დელფინარიუმი, სადაც ყველა წარმოდგენა ანშლაგით იმართებოდა, მაგრამ რას ვიზამთ. იმედია, ვირუსს დავამარცხებთ და ზაფხულში ისეთ ატრაქციონებს მოგიწყობთ, ქვეყანას ავალაპარაკებთ. მთავარია, გადავრჩეთ და ტურისტული სეზონი შედგეს.