„ამის მოლოდინი იყო – აჭარაშიც გვეყოლება პირები, რომელთა ინფექციის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდება“
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93
ბათუმში შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა-ინფიცირებული 60 წლამდე ასაკის ქალია. არსებული ინფორმაციით, მან ჯანმრთელობის ცენტრ ,,მედინას” მუცლის ტკივილის ჩივილებით მიმართა, თუმცა ფილტვების ანთებაც აღმოაჩნდა, რის შემდეგაც კორონა ვირუსზე შემოწმდა. პაციენტს ანალიზები აუღეს და პასუხი კოვიდ-19-ის ტესტზე დადებითი აღმოჩნდა. ის ასევე, ორი დღის განმავლობაში ორ სხვადსხვა კლინიკაში იმყოფებოდა, მაგრამ ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა. აღენიშნებოდა მხოლოდ მუცლის ტკივილი და დიარეა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, ამჟამად მედპერსონალი, ვისთანაც აღნიშნულ პირს შეხება ჰქონდა, კარანტინში და თვითიზოლაციაშია. ასეთი ამ ეტაპზე 7 მოქალაქეა. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, მათი ნაწილი დამცავი აღჭურვილობით ეკიპირებული იყო, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა მაინც გამოთქვა სურვილი ოჯახისგან დისტანცირებული ყოფილიყო.
– ინფიცირებული პაციენტი 60 წლამდე ასაკის პირია. მიმდინარეობდა კონტაქტების მოძიება და ამაზე ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ. ინფექციის წყარო არ არის დადასტურებული. მოხდა ყველა ახლო კონტაქტის მოძიება, რადგან პაციენტმა გასული ორი დღის განმავლობაში ორ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. ის უჩიოდა მუცლის ტკივილსა და დიარეას, ჰქონდა, ცხელებით, რესპირაციული ჩვენებებიც. მას დახმარება „ემერჯენსში“ გაეწია და ეჭვის მიტანის შემდეგ „მედალფაში“ დიაგნოსტიკისათვის გადმოიყვანეს. კონტაქტები კლინიკებში გუშინ ღამით დაადგინეს. სამედიცინო პერსონალი ეკიპირებული იყო, რადგან საგანგებო მდგომარეობაში ვმუშაობთ. ყველა ის პირი, რომელსაც არ ჰქონდა სრული ეკიპირება, იდენტიფიცირებულია და გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში, ნაწილი კი კარანტინში. ამჟამად, ხუთი კარანტინში იმყოფება, ორი-თვითიზოლაციაში. მიუხედავად სამედიცინო აღჭურვილობისა, რამდენიმემ გამოთქვა სურვილი და ისინი ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად, კარანტინში წავიდნენ. ინფიცირებული პაციენტი ბოლო დღეების განმავლობაში ქობულეთის ერთ-ერთ სოფელშიც იმყოფებოდა. იქაც მიდის კვლევები. ამის მოლოდინი იყო, ბათუმშიც და აჭარაშიც გვეყოლება პირები, რომელთა ინფექციის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდება, ამიტომ თითოეული პირი სოციალურ დისტანცირებას უნდა შეეცადოს!-თქვა ნინო ნიჟარაძემ.