ზოგი ჭირი მარგებელიაო
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14
რა სარგებლობა მოუტანა კორონავირუსმა აჭარის მთიანეთს?
ქართული სოფელი იყო და რჩება ქვეყნის გადამრჩენად. იშვიათია საქართველოს სადარი ქვეყანა, სადაც მიწა ეგზომ მადლიანია. გოდერძის უღელტეხილის ქათქათა თოვლზე თხილამურებით რომ სრიალებ, გონიოსა და ჩაქვში საადრეო ხილი ყვავილს იცვლის. ქვემო ქართლის ნოყიერ მიწაზე წელიწადში ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ორი მოსავალი მოდის. ევროპის ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ისეთი ნოყიერი მიწებით, როგორიც ჯავახეთისა და თრიალეთის ზეგნებზეა. ისეთი სამკურნალო თვისებების მქონე თაფლს ფუტკარი არსად იძლევა, როგორც საქართველოში და რაც უმთავრესია, იშვიათია იმგვარი ღვინოები, როგორიც ქართულ მიწაზე გაშენებული ვაზისაგან იწურება. ასეთ მიწას რომ მოაცდენ, ან კიდევ ინდოელს, ჩინელს, თუნდაც თურქს მრავალწლინი არენდით ხელში ჩაუგდებ, რაღა პატრიოტი და ქართველი ხარ!
ყველა ადამიანი საკუთარი მსოფლმხედველობით სულდგმულობს, მაგრამ პირად ინტერესებს ქვეყნის სიყვარული, ეროვნულობა, დღემდე ომებითა და სხვა უბედურებების გადატანით შენარჩუნებული ქართველობა არ უნდა შევწიროთ. ჩვენს ღირსეულ წინაპრებს ასე რომ არ ეფიქრათ და არ ებრძოლათ, აღარც მამული, აღარც ენა და აღარც სარწმუნოება შეგვრჩებოდა.
შეგუბებულ წყალს უცებ სადინარს რომ გაუხსნი და იხუვლებს, ისე იხუვლეს ქართველებმა სვანეთიდან, ფშავიდან, აჭარიდან და უცხოეთში სხვისი სამსახურით დაიწყეს თავის გატანა. ბევრჯერ გვითქვამს, რომ აჭარის მთიანეთის სოფლებს დაცარიელების საფრთხე ემუქრება. ეს შესამჩნევი და მტკივნეული 21-ე საუკუნის დასაწყისში გახდა. გიჟად ან რეგვენად მონათლავდნენ, ვინმეს რომ ეთქვა: სოფელი გოგაძეები დაცარიელდება და სკოლაში, სადაც ერთ დროს 150-ზე მეტი ბავშვი სწავლობდა, ერთიღა დარჩებაო. . . არადა, ასეა. მებაირახტრეთა სოფელში (ასე ეძახიან ოკისს) და მათ მეზობელ ლაკლაკეთში (ოკისი) 10 მოსახლეა. ერთიღა დარჩა სოფელ წანკალაურში, სადაც 40 წლის წინათ 8-წლიანი სკოლა იყო და თითოეულ კლასში 15 მოსწავლეზე ნაკლები არ ირიცხებოდა.
იშვიათი იყო სოფელი, სადაც გოგინაურის სადარი კულტურის სახლი, სკოლა ყოფილიყო. სოფელში ლითონის მილებით სასმელი წყალი გამოიყვანეს, მთა საბერწიაზე დენიც შეიყვანეს. ადგილობრივების დასაქმების მიზნით, 25 მეწველ, მაღალპროდუქტიულ პირუტყვზე გათვლილი მეცხოველეობის ფერმა და კოოპერატივი ,,ანგო-21″ აამოქმედეს, მაგრამ უცხოეთში წასვლის მსურველებმა საკუთარი საბუდარის პერსპექტივაზე სულაც არ იფიქრეს, ჭიშკრებზე ურდულები ჩამოჰკიდეს, სოფელს ზურგი შეაქციეს.
საბედნიეროდ, აჭარის მთიანეთში მაინც დარჩნენ ადამიანები, რომელთა მხრებზეც დგას მშობლიური კუთხის აწმყო და მომავალი. მალე 75 წელს მიითვლის შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე იური ქათამაძე. მრავალი მოფრინეთელის მსგავსად, მამისეული კერია არ მიატოვა. გული სტკივა, რომ ქათამაძეების უბანში მხოლოდ სამი სახლის საკვამურიდან ამოდის კვამლი.
-ტყე, ბუჩქი, ეკალ-ბარდი ეზომდე მოვიდა, – ამბობს ბატონი იური, – ხშირად ამბობენ საყვედურს, მეცხოველეობის პროდუქტები გაძვირდაო. რა გასაკვირია. აი, თუნდაც 50-კომლიან მოფრინეთში თხა და ცხვარი საძებარი გახდა, ძროხის ბღავილსაც ერთეულების ეზოში გაიგონებ. უცხოეთში სამუშაოდ გასულები სოფელს ზამთრობით თუ მოაკითხავდნენ, თუმცა ბოლო დროს აღარც ზამთრობით ამოდიან. მოფრინეთი, გოგაძეები, გოგინაური, წანკალაური, ლაკლაკეთი დაცარიელების ზღვარზე რომ არ იყოს, ნაყოფიერი მიწები უქმად რომ არ ცდებოდეს, ხმას არ ავიმაღლებდით. ამ სენით შუახევის მუნიციპალიტეტის 40-ზე მეტი სოფელი და 30-მდე დასახლებული უბანია ინფიცირებული. სოფელ ჯაბნიძეების გორის უბანში 15-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა. შესაშური მეურნეობები ჰქონდათ ეუბ ნატარიძეს, ქერემ მუკუტაძეს, ხუსეინ ზოსიძეს, მუხამედ ივანაძეს, ხასან ფუტკარაძეს, მათი შთამომავლები კი ისე შორს წავიდნენ, ევროპაც უკან მოიტოვეს. თითქმის დაცარიელებული სოფლის მხოლოდ ორ ოჯახში ინთებოდა ღამით სინათლე. სამაგიეროდ, ახლა მთელი უბანი გაჩირაღდნებულია. კორონავირუსის ეპიდემიას განრიდებულებმა თავის შესაფარებლად წინაპრების დედულ-მამული გაიხსენეს და მიტოვებული სახნავი ფართობები, სათიბები მოიკითხეს.
მართლაც, მეზობელ ქვეყნებში ფულის შოვნის მსურველებმა ყველაზე მეტად ქართული სოფელი დააზარალეს. 9 შვილი (სამი ვაჟი, 6 ქალიშვილი) გაიზარდა ცინარეთელი ეთერ და ნიკოლოზ აბუსელიძეების ოჯახში. ტრადიციისამებრ, მამისეულ კერიას ნაბოლარა ვაჟი, ნოდარი, პატრონობდა. იგი ცოლ-შვილთან ერთად მეზობელ ქვეყანაში მუშაობით თავს ირჩენდა. მამისეულ ოჯახს მზრუნველი ხელი ნამდვილად მოაკლდა. ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო მეზობელ ქვეყანაში გასვლა დროებით აიკრძალა. ნოდარი მამაპაპისეულ კარმიდამოს მოუბრუნდა. გატყევებული სათიბები გაწმინდა და წყალი მიუშვა, სახნავ ფართობზე საადრეო კარტოფილი დათესა, ბოსტანი აღადგინა, ეზოში სასმელი წყალი გამოიყვანა. თვალში გამოიხედა მიტოვებულმა სახლ-კარმა.
ნოდარის მსგავსად, ასობით ადამიანი, რომელიც მეზობელ ქვეყანაში გასვლითა და მუშაობით არჩენდა ოჯახს, საკუთარ კარმიდამოს კი აღარ პატრონობდა, სამშობლოში დაბრუნდა და სახლ-კარს მიხედა.
სპეციალობით მედიცინის მედდაა ნიგაზეულელთა ფურტიოელი რძალი მაყვალა მახარაძე. იგი მეუღლე ზვიად ხიმშიაშვილთან ერთად მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ მიდიოდა და ოჯახს ამ გზით ინახავდა. ასე იქცეოდნენ თანასოფლელი ცირა და ჯემალ კაკალაძეები, ფურტიოელი მარინა და ელდარ ქამადაძეები.
ზოგიერთები ფიქრობენ, თითქოს მეზობელ ქვეყანაში მონური შრომის გარეშე (არადა, ქართველებს ყველაზე დაბალ ანაზღაურებას აძლევენ) ოჯახის რჩენა შეუძლებელია.
– ჩვენმა თანასოფლელებმა ერაყსა და კუვეიტშიც ჩააღწიეს, – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა უჩამბის თემიდან ჯემალ ივანაძემ, – ახლა უმრავლესობა მშობლიურ ოჯახს მოუბრუნდა, ყანა-სათიბს შეესივნენ, რამდენიმე მათგანი თამბაქოს გაშენებაზეც თადარიგს იჭერს. მართალია, კორონავირუსი ყველას გვაზარალებს, მაგრამ უცხოეთში ,,გასტროლებზე” წასულებს ჭკუა ასწავლა. 1000-1500 ტონა თივა ჩამოგვქონდა სოფელ სხარნარის სათიბებიდან, მას სხვა სათიბებიც ემატებოდა, მაგრამ პირუტყვის იმ რაოდენობისთვის, რომელიც 30 წლის წინ სოფელში იყო, ეს საკვები გამოსაზამთრებლად არ კმაროდა. ორი წელია სხარნარის სათიბებს აღარავინ გაჰკარებია. იქ და მთა ნაცარაზე არსებული დროებითი სახლები ნადგურდება. მთელი სოფელი ზაფხულობით პირუტყვს მთა ნაცარაზე მირეკავდა. ორი წელია, აღარავინ გასულა. ჩვენს მსგავსად ქიძინიძეებლებმაც თეთრბაკი მიატოვეს. ეს ქართული ტრადიციის, ადათ-წესების მოშლა, სოფლის დაშლაა და მეტი არაფერი.
– მეზობელ ქვეყანაში გასვლა და ოჯახის სარჩენი ფულის გამომუშავება რომ არა, შიმშილით დავიხოცებით, – აცხადებენ ზოგიერთები. ამ მეზობელ ქვეყანაში სოფელს არ ავერანებენ, ჩაის, თხილის პლანტაციებს აშენებენ, ფუტკარს, ცხვარს, ძროხას, თხას უვლიან, ჩვენი თანამემამულეთა მნიშვნელოვანი ნაწილის ძალ-ღონეც ამას ხმარდება. ქართველები რას ვაკეთებთ? – ვავერანებთ საოცნებო მიწებს. აქაც შეიძლება კეთილსინდისიერი, ორგანიზებული შრომით ოჯახის რჩენა. ამის მაგალითია ნიგაზეულელი ლილი ხიმშიაშვილისა და ვაჟა ცეცხლაძის ოჯახი. ისინი მიწას დანიშნულებისამებრ იყენებენ, შვილებთან ზებურ, ზაურ ცეცხლაძეებთან, რძლებთან ციური დეკანაძესა და ზეინაბ მიქელაძესთან ერთად 10 ძროხას უვლიან, 3000 კვადრატულ მეტრზე სიმინდს, ლობიოს, ბაღჩეულ კულტურებს თესავენ, 2500 კვადრატულ მეტრ სათიბს ცელავენ. ზაფხულობით ლილი 84 წლის დედამთილთან და შვილიშვილებთან ერთად მთა ჯანჯღნარში პირუტყვს უვლის. იქ 3 ტონაზე მეტ კარტოფილს მოიწევენ. ოჯახში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ხორცის, ყველის, კარაქის რეალიზაციით შემოსავალი არ აკლიათ.
– ჩვენი ოჯახიდან უცხოეთში მხოლოდ ექსკურსიაზე თუ წავალთ. მირჩევნია აქ ვიმუშაოთ. არაფერი სჯობს ნაპატრონებ კარ-მიდამოს, მოვლილ პირუტყვს, – თქვა ვაჟა ცეცხლძემ.
ჭვანის ხეობის შორეულ სოფელ ხაბელაშვილებში ცხოვრობენ შუშანა ჭაღალიძე და მიხეილ ბერიძე. ისინი ხუთი შვილის მშობლები არიან. ოჯახის წევრებიდან საჯარო სამსახურში არავინაა დასაქმებული. თავს ადგილზე წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციით ირჩენენ. საკმაო დანაზოგიც უგროვდებათ საიმისოდ, რომ რომელიმე ქალაქში საცხოვრისი გაიჩინონ, მაგრამ სოფლის მიტოვებას არც ნოდარი და არც მისი შთამომავლები არ აპირებენ.
ქვეყანა ფეხზე რომ დადგეს ათასობით ვაჟა ცეცხლაძის, მიხეილ ბერიძისნაირები გვჭირდება. ემრავლოთ!