შემოქმედი და ახალი რეალობა
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69
კორონავირუსმა ადამიანები ახალი რეალობის წინაშე დააყენა. საგანგებო ვითარებამ ჩვენი ყოველდღიურობა შეცვალა და ცხოვრების სტილი გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცია. სახლიდან მუშაობა, დისტანციური ურთიერთობა ახალ ფაზაში შედის. ამ პროცესს როგორ უწყობენ მხარს მწერლები, რას სთავაზობენ ისინი თავიანთ მკითხველებს, როგორ ეკონტაქტებიან? ამ კითხვას თითოეული შემოქმედი თავისი შეხედულებისამებრ პასუხობს. ამჯერად, ჩვენს შეკითხვებს (ცხადია, დისტანციურად) საქართველოს პოეტთა ასოციაციის ქობულეთის განყოფილების თავმჯდომარე, პოეტი მაყვალა–დავლაძე უპასუხებს.
– როგორ გადაერთეთ ცხოვრებისა და მუშაობის ახალ სტილზე ამ, ასე ვთქვათ, ჟამიანობისას?
– ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსის შესახებ ბევრი რამ წავიკითხე. იგი განაჩენი ნამდვილად არ არის. უპირველესი რაც გავათვითცნობიერე, ისაა, რომ ჩვენ არასდროს ვიცით, როდის რა შეიძლება მოხდეს, არავინ ვართ დაზღვეული ნებისმიერი საფრთხისაგან, ამიტომ რაც შეიძლება დიდი დრო უნდა გავატაროთ ადამიანებთან, რომლებიც გვიყვარს. სითბო, ზრუნვა და ერთმანეთის სიყვარული ნამდვილად გადაარჩენს სამყაროს. შანსი გვაქვს, იზოლაციისას დრო ეფექტურად გამოვიყენოთ და ის ვაკეთოთ, რისთვისაც აქამდე დრო არასდროს გვრჩებოდა. იზოლაციაში ყოფნა სტრესულია, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით, იმდენი საქმე შეიძლება გამოვნახოთ სახლში, რომ მოსაწყენად ვერ მოვიცალოთ. დაფიქრდით, რამდენი ხანია ოცნებობთ თავისუფალ დროზე, თაროზე დიდი ხნის წინათ შემოდებული წიგნები რომ გადაშალოთ და კითხვას შეუდგეთ. ახლა საუკეთესო დრო გვაქვს პიროვნული განვითარებისათვის, მოიფიქრეთ და შექმენით ახალი პროექტები, გაიარეთ ონლაინკურსები, აირჩიეთ, რისი სწავლა გსურთ. თავად როგორ ვიქცევი? ვკითხულობ, ვწერ, ვფიქრობ. . . და უფრო მეტს ვწერ. კორონას რომ დავამარცხებთ, ამ სიხარულს ჩემი კრებულის დასრულებაც დაემატება.
– ეპიდემიამდე ცოტა ადრე, საქართველოს პოეტების ასოციაციის პრეზიდიუმმა ამ ასოციაციის ქობულეთის განყოფილების ხელმძღვანელად დაგნიშნათ, რას აკეთებთ, ამ მღელვარე დღეებში, როგორ მიგაქვთ თქვენი სიტყვა მკითხველამდე?
-ეს დიდი ნდობა იყო და მადლობის მეტი რა მეთქმის. ცხადია, პასუხისმგებლობა ახლა უფრო ვიგრძენი, რადგან სწორედ კრიტიკული და მძიმე სიტუციის დროს აქვს სიტყვას, განსაკუთრებით მწერლის სიტყვას დიდი ძალა. ონლაინრეჟიმში ვმუშაობ და ვეკონტაქტები ქობულეთელ შემოქმედებს, ვეცნობი მათ შემოქმედებას. მრავალი საინტერესო პოეტი წარმოჩნდა, მათ დაკვალიანება და გულითადი მოპყრობა ნამდვილად წაადგებათ, ჰოდა, მეც ვცდილობ, ჩემი გულის სითბო გავუნაწილო. დღეს, ახალ რეალობაში პოეზია უფრო დამაფიქრებელი და შეიძლება ითქვას, მისტიკურიც კია.
– რას ეტყოდით მკითხველს, რას ურჩევდით კოლეგებს, დისტანციურად როგორ იმუშაონ?
– დისტანციური მეთოდით მუშაობა რთული არ დარჩა, რადგან ინტერნეტში ყველა პირობაა საამისოდ. უამრავი ლიტერატურული გვერდია შექმნილი. მთავარია, ფსიქოლოგიური მზადყოფნა ასეთი ურთიერთობისათვის. ახალგაზრდები ამ კუთხით უკვე დიდი ხანია მომზადებულები არიან. წინა თაობებს ცოტათი უძნელდებათ, მაგრამ დაუძლეველი არაფერია, მთავარია ჯანმრთელობა, სულის სიმხნევე შევინარჩუნოთ, შიშის ვირუსი განვდევნოთ ჩვენგან და გამოწვევებს, რომლებსაც დრო გვთავაზობს, გავუმკლავდებით. ქართველი ხომ დიდი ენერგეტიკის მატარებელია გენეტიკურად. ჯერ კიდევ კარგა ხნით ადრე, ჩვენ, ერთი წყობის მოკალმენი სწორედ ინტერნეტის შესაძლებლობებმა გაგვაერთიანა. ეს ტექნოლოგიური წვდომა რომ არა, რამდენი საინტერესო ტექსტი, მწერალი იქნებოდა ჩვენთვის უცხო. ახლა კი ეს ბარიერები გადალახულია. ყველაზე მეტად „ინგას უბანი” მიყვარს. რატომ? იმიტომ რომ ეს სიყვარულის უბანია, რომელიც ჩემმა მეგობარმა, პროზაიკოსმა ინგა გოგიბერიძემ ჩამოაყალიბა, უბნელების შემოქმედება რვა კრებულად შეკრა და სოცქსელის საშუალებით გამოაქვეეყნა. მრავალი კალმოსანი აქვეყნებს ამ გზით თავის ნაწარმოებს. გარდა ამისა, ბევრი ლიტერატურული პორტალი და საიტია, კარებს რომ გვიხსნის. . . სივრცე გახსნილია და ყველას აქვს შესაძლებლობა, თავისი უნარი და ნიჭი წარმოაჩინოს, თავისი სიტყვა თქვას.
– ამ ეტაპზე რას ეტყოდით თქვენს თანაქალაქელებს, თანამემამულეებს?
– დარჩით სახლში, დაიცავით ყველა დაწესებული ნორმა, იყავით კანონმორჩილი, ამ ეტაპზე შინ დარჩენა გადაგვარჩენს. იყავით შინ და გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას, ეს სხვაზე ზრუნვის, სხვისი სიცოცხლის დაცვის გარანტიაცაა, ამიტომ თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია.