მეწარმეს შეუძლია ცუდი მდგომარეობა სასარგებლო საქმისთვის გამოიყენოს
ნათია იმნაიშვილი 27 48 93
არცთუ ისე ხშირად დგება დრო, როცა ორგანიზაციები, საწარმოები საგანგებო სიტუაციის რეჟიმში იწყებენ მუშაობას. თითქოს ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ, მაგრამ უცებ უკონტროლო, გაუთვალისწინებელი მოვლენებისა და რისკების პირისპირ აღმოჩნდებიან. სწორედ ასეთია რეალობა, რომელიც ახალი კორონავირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელებამ გამოიწვია. ადამანების დაინფიცირების გარდა ვირუსმა მსოფლიოს დიდი ეკონომიკური დარტყმაც მიაყენა.
როგორ უმკლავდებიან მეწარმეები დღევანდელ რეალობას და რა არის მთავარი გამოწვევა? ამ და სხვა კითხვებზე ამჯერად, კოოპერატივ „აგროგრუპის“ დამფუძნებელი და დირექტორი ზაირა ჯიბლაძე გვიპასუხებს.
-ქვეყანაში გავრცელებულმა ვირუსმა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა. გავჩერდით ერთ ადგილას, რაც აქტიური და საქმიანი ადამიანისთვის ძალიან ცუდია. ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაშიც და მთელ მსოფლიოშიც. ის გეგმები, საგაზფხულო სეზონზე რომ უნდა განგვეხორციელებინა, ვეღარ შევასრულეთ და შეიძლება ითქვას, უმოქმედოდ ჩაიარა სეზონმა. თუმცა დადებითი კუთხით თუ განვიხილავთ იზოლაციის პროცესს, რომელიც არც კი ვიცით, რა დრომდე გაგრძელდება, ამ პერიოდში ისეთ საქმეს ჩავუყარეთ საფუძველი, რისი გაკეთებაც სხვა დროს ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა. სახლში ყოფნა ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. მეტი დრო გამოვნახეთ მოცვის გასაშენებლი ტერიტორიის დასამუშავებლად, ასე რომ, გარკვეულ შემთხვევებში, ცუდი მდგომრეობა შეგვიძლია სასარგებლო საქმისთვის გამოვიყენოთ.
– ქალბატონო ზაირა, როგორ იმოქმედა კორონავირუსის პანდემიამ კოოპერატივზე ?
– ჩვენი კოოპერატივი სხვადასხვა ხილისგან აწარმოებს ჩირს, მურაბებს, ჯემებსა და წვენებს. წარმოების თვალსაზრისით, ამ ეტაპზე ხილის სეზონი არ არის, ამიტომაც ამ კუთხით ჯერჯერობით პანდემიამ ზიანი ვერ მოგვაყენა. ჩვენ წარმოებას ვიწყებთ ივნისიდან და გვიან შემოდგომამდე ვაგრძელებთ. გაზაფხულის თვეები ის პერიოდია, როცა წარმოებული პროდუქციის გაყიდვას აქტიურად ვიწყებთ, აი, ამ თვალსაზრისით კი ნამდვილად წავაწყდით პრობლემას. გაყიდვების გეგმა ფაქტობრივად ვერ შესრულდა, რადგან მაღაზიები – ჩვენი პროდუქციის გაყიდვას, ხოლო მომხმარებლები ყიდვას ვერ ახერხებენ. მოსახლეობა ძირითადად, შემოიფარგლება პირველადი მოხმარების სურსათის შეძენით. ბუნებრივია ეს ამბავი უარყოფითად აისახება ჩვენს საქმიანობაზე. იყო შემთხვევა, როცა მაღაზია, რომელიც ჩვენგან იღებდა პროდუქციას, დაიხურა. საქმეს ისიც ართულებს, რომ შეკვეთები, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, გვიანდება, რადგან შესაფუთი მასალების ყიდვა გართულდა და მოწოდების თვალსაზრისით მეტი დრო ჭირდება. შედეგი აისახა კიდეც გაყიდვებზე. ბევრი ღონისძიება გაუქმდა, რომლებიც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე იყო დაგეგმილი, მაგალითად, გამოფენა-გაყიდვა, რომელიც გაზაფხულზე უნდა გამართულიყო. ამ გამოფენებზე ჩვენი პროდუქციის გატანა გვქონდა გადაწყვეტილი. მართალია, ამ ეტაპზე გაყიდვების თვალსაზრისით, დაპაუზებული ვართ, მაგრამ იზოლაციის აუცილებლობა ზაფხული-შემოდგომის პერიოდს რომ დამთხვეოდა, როდესაც ჩვენი წარმოება აქტიურ ფაზაშია, სრულად გავჩერდებოდით და შესაბამისად, უფრო ცუდ შედეგს მივიღებდით. არა მარტო მეწარმე დარჩებოდა დაზარალებული, არამედ ფერმერიც, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შრომობს ხილის მოსაყვანად, რათა გაყიდოს. დაზარალდებოდა მათთან დასაქმებული მუშახელიც, რომელიც სეზონური შრომით ირჩენს თავს. მთავარია, კორონავირუსის გავრცელების პერიოდი ზაფხულშიც არ გაგრძელდეს.
– სახელმწიფო რეგულაციები დაგეხმარათ ამ მხრივ?
– როგორც ვიცით, საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა რეგულაცია აამოქმედა ბანკის გადასახადების გადავადების მიზნით. ვიცით, რომ მთავრობა მუშაობს ანტიკრიზისულ გეგმაზე. როგორ წარიმართება ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში, ამას უახლოესი თვეების განმავლობაში ვიხილავთ. განიხილება საგაზაფხულო სამუშაოების სუბსიდირების საკითხიც. კარგი იქნება თუ თანაინვესტირება განხორციელდება ტურიზმის სფეროში, რადგან საქართველო შესაძლოა იყოს პირველი ქვეყანა, სადაც ტურისტები დაიწყებენ მოგზაურობას პანდემიის შემდეგ.
– თქვენი აზრით, საკმარისია, რასაც სახელმწიფო აკეთებს იმისთვის, რათა ნაკლებად დაზარალდნენ მეწარმეები და შესაბამისად -ეკონომიკაც?
– ამ ეტაპზე მთავარია, ის საფრთხე აღმოიფხვრას, რასაც მსოფლიო ებრძვის. ვფიქრობ, ადვილი არ იქნება გაჩერებული ეკონომიკის ადგილიდან დაძვრა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, სხვადასხვა საშუალებით ფონს მალე გავალთ.
– რას ურჩევთ მეწარმეებს, რა არის მათთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ?
– ამ ეტაპზე უმთავარესია, თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი რეკომენდაციები, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის ფართოდ გავრცელების საფრთხე. თითოეული მეწარმისთვის მნიშვნელოვანია ხშირი კონტაქტი მომხმარებელთან, რასაც ჩვენ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით ვახერხებთ, ასევე – ხშირი კონტაქტი მომწოდებელთან, ფერმერებთან და სადისტრიბუციო არხებთან. მეწარმეებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გაწეულმა შრომამ უკვალოდ არ ჩაიაროს.
– როგორც ვიცი, თქვენი კოოპერატივი დაეხმარა იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ. . .
– ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე შოკისმომრგვრელი აღმოჩნდა მოქალქეებისათვის, განსაკუთრებით მცირე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, მათთვის, ვისაც სახლში ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ჰყავთ. კოოპერატივის ბალანსზე არსებული ფინანსებით ჩვენ 10 ოჯახს დავეხმარეთ. თითოეულს შევუძინეთ პირველადი მოხმარების სურსათი, ჰიგიენის საშუალებები და მედიკამენტები, რასაც საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებდნენ. ვცდილბთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ საერთო საქმეში, რასაც დღეს ერთმანეთის გვერდით დგომა ჰქვია. აქვე ვეტყვი ჩვენს მომხმარებლებს, რომ საგანგებო მდოგმარეობის პერიოდში მათ მიერ დისტანციურად შეძენილი პროდუქციიდან შემოსავლის 20% -ით ჩვენ დავეხმარებით ოჯახებს, რომლებსაც ამ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა, ასე რომ, მათ არა მარტო ჩვენ, არამედ დაეხმარებით თქვენც, ჩვენი პროდუქციის მომხმარებლები.