5 ახალი შემთხვევა – ბათუმში
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30
ბათუმში 5 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ გააკეთა.
– ხუთივე პირს, რომლებსაც დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსით ინფიცირება, იმ ქალბატონთან ჰქონდათ კონტაქტი, რომელსაც ბოლოს დაუდასტურდა კოვიდ-19. ინფექციის პირველწყარო ჯერჯერობით არ არის იდენტიფიცირებული. ქალბატონს, რომელსაც გუშინ დაუდგინდა კოვიდ-19, შეხება ჰქონდა როგორც სამედიცინო პერსონალთან, ისე ქობულეთის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებებთან. პირველ ეტაპზე მოძიებულია 37 კონტაქტში მყოფი პირი. აქედან 17 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელია, 20 კი ოჯახური წრიდან. ჯერჯერობით ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს 16 ნიმუში და მხოლოდ 5 პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი. ამ 5-დან 2 ინფიცირებული ქალბატონის ოჯახის წევრია, 3 კი მეზობელი, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალთან კოვიდ 19 არ დადასტურდა, მაგრამ კონტაქტში მყოფთა სია სავარაუდოდ, გაიზრდება. კონტაქტში მყოფ პირთა მოკვლევა გრძელდება როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ისე ოჯახებში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქობულეთის კლინიკაში პაციენტთა მიღება შეწყვეტილია. გავრცელებული ინფომაციით, ინფიცირებული ქალის მამა ქობულეთის კლინიკაში ფილტვების ანთებით მკურნალობდა. ის ასევე, იმყოფებოდა სოფლის ამბულატორიაშიც.
-ვსწავლობთ ვისთან ქონდათ კვეთა პაციენტებს, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში იყვნენ. შევისწავლით თითოეულ მათგანთან კონტაქტში მყოფ პირს და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება მათი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, – აცახდებს ნინო ნიჟარაძე. მისივე თქმით, მედიკოსების, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ პირველ პაციენტთან და არა ამ 5 დადასტურებულ შემთხვევასთან, ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი კი კარანტინში,
– ჩვენ შევისწავლით ამ 5 ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფ სამედიცინო პერსონალს, რის შემდეგაც მივცემთ მკაცრ გაფრთხილებას თვითიზოლაციაზე, ან გადავლენ კარანტინში, – აცხადებს ნინო ნიჟარაძე.
ამ ეტაპზე ბათუმში კოვიდ 19-ით 14 პაციენტი მკურნალობს „მედალფას“ კლინიკაში, მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა, დანარჩენების კი საშუალო და მსუბუქი სირთულის. 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება დატოვა.
ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, რაც ლოგიკურია პანდემიის დროს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს, რომ მაქსიმალურად დავიცვათ სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა და თავი ავარიდოთ საზოგადოებრივ სივრცეებს. მისი თქმით, არ არსებობს პანიკის საფუძველი.