აღარაფერი იქნება ძველებურად, მაგრამ იტალიელები ოპტიმისტები არიან
ლაშა ხომერიკი:593 50 82 69
„მიდიან მარტო, უჭირისუფლოდ, საყვარელი ადამიანების ბოლო მზერის გარეშე“
ჩვენი თანამემამულე ნათია ნუცუბიძე – ღირსეული ქალბატონი, შესანიშნავი ფილოლოგი, არაერთი თაობის აღმზრდელი 20 წელია იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს. იგი სადაზღვევო კომპანია „უნიპოლისაის” თანამშრომელია. როგორია მისი თვალით დანახული იტალია პანდემიის პირობებში, ამას თავად გვიამბობს. შეიტყობთ. იგი შორეული ვიტერბოდან გვეხმიანება.
– საუკუნის დასაწყისში გაუსაძლისი პირობების გამო ბევრის მსგავსად მეც ემიგრანტი გავხდი. ოჯახთან კონტაქტი მუდმივად მაქვს, მაგრამ სკოლის გარეშე ცხოვრება ჯერაც ვერ ვისწავლე. სკოლის ზარი რომ რეკავს, თვალები ცრემლით მევსება. ვარ როგორც საქართველოს, ასევე იტალიის მოქალაქე, ამდენად – ორ ცეცხლს შუა და ორმაგი პასუხისმგებლობით. ცენტრალურ იტალიაში ვცხოვრობ, ჩვენთან დაინფიცირება და სიკვდილიანობაც ისეთი მასშტაბური არ არის, როგორც ლომბარდიაში, მაგრამ სახელმწიფო წითელ ზონადაა გამოცხადებული. . . 10 მარტს იტალიაში დრო გაჩერდა. ის, რაც აქ ხდება, საშინელებაა, ტრაგედიაა, რომელსაც მიჰყავს თავისი გმირები: ექიმები, მედდები, სასულიერო პირები და რაც მთავარია, ომგამოვლილთა მთელი თაობა. მიდიან მარტო, უჭირისუფლოდ, საყვარელი ადამიანების ბოლო მზერის გარეშე. ბევრ მათგანს ჯერ საფლავიც კი არ აქვს. გადაუდებელი სამსახურების გარდა დახურულია ყველაფერი. არ ვიცი, ბედია თუ უბედობა, მაგრამ მე ვმუშაობ. სადაზღვევო სამსახური აუცილებლობასაა მიკუთვნებული.
შეცდომა იყო, დროულად რომ არ ჩაიკეტა საზღვრები, დაგვიანდა იზოლაცია და კარანტინიც. თებერვალში მთელ იტალიაში სეზონური გრიპის პიკი იყო და მსხვერპლი „მტერს” ფაქტობრივად, განიარაღებული დახვდა და მოხდა ის, რაც მოხდა. 17000-ზე მეტია გარდაცვლილი, ასობით – დაინფიცირებული. . . . იტალიის მთავრობა აკეთებს შეუძლებელს სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის და ყველა რგოლის დახმარებისთვის. ეკონომიკის გასაჯანსაღებლად 400-მილიარდიანი პაკეტი წარადგინეს, მაგრამ ეკონომიკური კრიზისი მაინც იქნება, რადგან იტალიაში ტურიზმი ძველებურად ვეღარ იმუშავებს. შიშის ფაქტორი ამ სფეროს დააზარალებს. მთავრობის სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ უზრუნველყვეს კვების პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების შენარჩუნება. ნიღბების ნაკლებობა აქაც შეინიშნება, მაგრამ რაც აქვთ, უფასოდ გვირიგებენ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ იტალიას აქვს საუკეთესო, უფასო ჯანდაცვის სისტემა, თუმცა ასეთ ცუნამს ვერავინ გაუმკვლავდება ხარვეზების გარეშე. მედიასაშუალებები თავიდან ცოტა აჟიტირებულები იყვნენ, მაგრამ ახლა გაწონასწორებულად, მშვიდად მუშაობენ საყოველთაო პანიკის ასაცილებლად. ზოგადად, ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ ფსიქოლოგიურ ომში ვართ და ამ ეტაპზე მთავარია ფიზიკური გადარჩენა. ადამიანებს უსასყიდლოდ, ონლაინრეჟიმში აქტიურად ეხმარებიან ფსიქოლოგიური სამსახურები. ვარაუდობენ, რომ ეპიდემიის მომავალი ფაზა მაისიდან დაიწყება, რაც გულისხმობს ეტაპობრივად ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას. საკმაოდ რთული იქნება, როგორც ამბობენ, შეიძლება სასწავლო დაწესებულებები არ გაიხსნას. ერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ არაფერი აღარ იქნება ძველებურად, ისე, როგორც თუნდაც 20 თებერვალს. 21 თებერვალს გახდა ცნობილი პირველი დაავადებულის შესახებ.
იტალიელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ისინი სიცოცხლის სიყვარულით გამოირჩევიან. არავინ ფიქრობს რობოტიზაციაზე, ჩიპების ჩასმაზე და 5g ინტერნეტის დამანგრეველ გავლენებზე. . .
ვსარგებლობ შემთხვევით, თქვენი გაზეთის მკითხველებს, მთელ საქართველოს, მსოფლიოს ყველა კუთხეში მიმოფანტული ქართველებს საუფლო დღესასწაულებს ვულოცავ, მსოფლიოს აღდგომასა და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ემიგრანტებს ვთხოვ, დაძლიონ შიში და პანიკა, დარჩნენ, სადაც არიან, ამ ძნელბედობის ჟამს ნუ შეუქმნიან საფრთხეს ოჯახებსა და ქვეყანას. დაივანებს მშვიდობა და დავბრუნდებით – საქართველო ჩვენიცაა.
პ.ს ღმერთმა მშვიდობა, ჯანმრთელობა და სიყვარული არ მოგაკლოთ, ქალბატონო ნათია!

