აჭარაში კორონავირუსზე გამოკვლეული 116 ადამიანის ანალიზის პასუხი ცნობილია
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93
აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 116 პირი გამოიკვლიეს, მათ შორის, 50-მდე – ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან. გამოკვლეულია მედპერსონალიც როგორც ქობულეთში, ასევე ბათუმში. კორონავირუსი არც ერთ მათგანს აღმოაჩნდა. ყველა გამოკვლეული პირი, მათ შორის, მედპერსონალიც, კარანტინში იმყოფება.
– გუშინ, დღის განმავლობაში ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან, საკარანტინე ზონიდან, დაავადებულების ირგვლივ მყოფი კონტაქტებიდან შევიდა 116 ნიმუში და 116–ივეს პასუხი კოვიდ–19–ზე უარყოფითია. აქტიური მუშაობით, ქობულეთიდან, ჯამურად აღვრიცხეთ 108 კონტაქტირებული პირი. ამ შემთხვევაში, განიხილება ბოლო 6 ინფიცირებული პირის კონტაქტები. მათგან ლაბორატორიული კვლევისათვის ავიღეთ დაახლოებით, 40 ნიმუში და მათ შორისაა ქობულეთის სამედიცინო პერსონალის, ასევე, ოჯახური კონტაქტები. ნიმუშები აიღება გარკვეული ვადის და პროტოკოლის დაცვით, რაც მოიცავს რესპირაციულ ჩივილებზე ზედამხედველობას და კონტაქტის შემდეგ გასული დღეების რაოდენობას. ამის გათვალისწინებით, იმ რაოდენობაში, რომელიც უკვე გატესტილია, ძირითადი რისკი თითქმის გადავლილია, მაგრამ მაინც რჩება ზედამხედველობის რამდენიმე დღე. ამიტომ ყველა აღრიცხულ პირს აქვს მკაცრი რეკომენდაცია როგორც თვითიზოლაციის, ისე – კარანტინის. ისინი მუდმივად ურთიერთობენ ჯანდაცვის წარმომადგენლებთან და ხორციელდება მათი ჯანმრთელობის ყოველდღიური მონიტორინგი. კონტაქტების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, მაგრამ მხოლოდ ერთეული რაოდენობით, რადგან ძირითადი ნაწილი უკვე მოძიებულია, – განაცხადა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსის დიაგნოზით 14 პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, 70 წლის კაცი რამდენიმე დღეა მართვით სუნთქვაზეა. ინფიცირებულებიდან 6 პაციენტს პნევმონია აქვს, დანარჩენების მდგომარეობა კი სტაბილურია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.