კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა იმპორტირებულია
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
ორი მათგანი, დედა-შვილი, ბათუმელია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა იმპორტირებულია და წყარო ცნობილია.
მისივე თქმით, ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი ბათუმში იმყოფება.
– დილის შემდეგ დაემატა ოთხი დადასტურებული შემთხვევა, ინფიცირებულთა რაოდენობა გახდა 218. ოთხივეს შემთხვევაში წყარო ცნობილია. ეს არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა. აქედან ორი პაციენტი არის ბათუმში, ორი ჩვენთან, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ორ ახალ შემთხვევაზე კომენტარი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემაც გააკეთა.
– კოვიდ-19-ის ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან, დედა–შვილი. დედა 40 წლამდე, ბავშვი კი 10 წლამდე ასაკის. ისინი რამდენიმე დღის წინ გადმოვიდნენ თურქეთის რესპუბლიკიდან და იყვნენ განთავსებულნი საკარანტინო ზონაში. ეს არის იმპორტირებული შემთხვევა. ჩამოსვლის დღეს ჩაუტარდათ სკრინინგი, მაგრამ არაფერი აღენიშნებოდათ. დღეს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდათ, რის შემდეგაც აიღეს მასალა და კორონავირუსიც დაუდასტურდათ. მათთან ერთად სხვა ოჯახის წევრებიც იყვნენ, თუმცა მათ ჯერ არაფერი აღენიშნებათ. ინფიცირებულებს ჯერჯერობით, მხოლოდ ტემპერატურის მატება აღენიშნებათ, სხვა არანაირი მნიშვნელოვანი კლინიკური სიმპტომები მათ არ ჰქონიათ. ისინი გადაყვანილი არიან „მედალფას“ კლინიკაში,– განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 218 შემთხვევაა დაფიქსირებული. სულ გამოჯანმრთელებულია 50 ადამიანი. ამ დროისთვის გარდაცვლილია სამი ადამიანი