პაატა მგელაძე: ვიყენებთ გერმანულ პრეპარატს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და ჯანმრთელობისთვის – უსაფრთხო
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
ქალაქის მასშტაბით, დეზინფექციის ერთი ეტაპი დასრულდა და დაიწყო მეორე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების და ამ ფონზე ქვეყანაში შემოღებული შეზღუდვების მიუხედავად, რიგი სამსახურები ჩვეულ რეჟიმში და, შეიძლება ითქვას, უფრო მეტი დატვირთვითაც კი განაგრძობენ მუშაობას. მათ შორისაა შპს „სანდასუფთავება“, რომლის თანამშრომლები, გარდა იმისა, რომ ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავენ, ქუჩებსა და სადარბაზოებს დეზინფექციასაც უტარებენ. აქვს თუ არა ახალ გამოწვევასთან გამკლავების რესურსი საქალაქო სამსახურს? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე შპს „სანდასუფთავების“ დირექტორის მოადგილეს, პაატა მგელაძეს ვესაუბრეთ.
– ბატონო პაატა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შპს „სანდასუფთავება“ ჩვეული რეჟიმით აგრძელებს მუშაობას?
– დიახ, სწორედ, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, ისე, როგორც ადრე. უბრალოდ, პირველი და მეორე ცვლის სამუშაო საათები მოვარგეთ კომენდანტის საათს და ადამიანები, რომლებიც რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, დროებით, სამუშაო პროცესს ჩამოშორდნენ. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 220 ადამიანი მუშაობს – ორ ცვლაში, სულ კი 350 თანამშრომელი გვყავს. აქედან ნაწილი, ვისაც ნასარგებლები არ ჰქონდა და ეკუთვნოდა, ფასიან შვებულებაში გავიდა – კანონი ამის უფლებას გვაძლევდა და თავადაც გაითვალისწინეს არსებული მდგომარეობა. მეორე ნაწილი, ვისაც ნასარგებლები აქვს ფასიანი შვებულებით, თუმცა რისკის ჯგუფს წარმოადგენდნენ, სახლში არიან და ამ შემთხვევაშიც, შრომის კოდექსის შესაბამისად, კუთვნილ ხელფასს მიიღებენ. დღეს ქუჩებში მოძრაობა შეზღუდულია და, შესაბამისად, ნარჩენებიც ნაკლებია. თანამშრომლები გადავანაწილეთ ისე, რომ ქალაქში სისუფთავის მხრივ პრობლემა არ შექმნილიყო. პირველი ცვლა დილის 8 საათზე იწყებს მუშაობას, მეორე ცვლა – 15 საათზე და 19 საათამდე მუშაობს. ნარჩენების გატანაც, ბუნებრივია, მოთხოვნის შესაბამისად ხდება. რამდენიმე ერთეული ტექნიკა ემსახურება ქალაქს, დღეში ორჯერ, ქალაქის ცენტრალური უბნებიდან გააქვთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ხოლო პერიფერიებიდან – დღეში ერთხელ.
– არიან თუ არა შესაბამისად აღჭურვილები სანდასუფთავების თანამშრომლები?
– ჩვენს თანამშრომლებს სპეცტანსაცმელი ყოველთვის ეცვათ, რომელზეც დატანილია მაშუქი ლენტები, ანუ, სიბნელეში, უსაფრთხოების მიზნით, შუქი რომ აირეკლოს. ეკეთათ ხელთათმანები. დავამატეთ მხოლოდ პირბადეები.
– თქვენი სამსახური ქალაქში სადეზინფექციო სამუშაოებსაც ახორციელებს.
– ქალაქის მასშტაბით, დეზინფექციის ერთი ეტაპი დავასრულეთ და დავიწყეთ მეორე. ყველა იმ კორპუსის სადარბაზოში, რომელიც ქალაქის მერიას ექსპლუატაციაში აქვს მიღებული, არ აქვს მნიშვნელობა რამდენსართულია, კიბის უჯრედებსა და კორიდორებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა – 2-სართულიანი კორპუსით დაწყებული, 30-სართულიანით დამთავრებული.
– როგორ არიან აღჭურვილები დეზინფექციის ჩატარებისას თქვენი თანამშრომლები?
– ამ შემთხვევაში, განსხვავებული ეკიპირებით არიან, სადარბაზოებისა და ქუჩების დეზინფექციის სამუშაოებისას შედარებით დაბალი სტანდარტის მოთხოვნაა. აცვიათ სპეციალური ლაბადები, რეზინის ჩექმები, უკეთიათ აირწინაღი ფილტრიანი რესპირატორით, სათვალეები და ხელთათმანები. გაცილებით მაღალი სტანდარტით, ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, შედიან საკარანტინე ზონებში ჩვენი სპეციალისტებისაგან შექმნილი სპეციალური ჯგუფები. საკარანტინე ზონაში შესაძლოა ინფექციის კერა იყოს, ამიტომ იქ სპეციალური, ერთჯერადი აღჭურვილობა გამოიყენება. შემდეგ ის ილუქება და ნადგურდება. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ხშირად ესწრება ამ პროცესს.
– დეზინფექცია უფასოა თუ?
– გამონაკლისი შემთხევების გარდა, ამ ყველაფერს უსასყიდლოდ ვაკეთებთ. აქვე მინდა გითხრათ, ქალაქში, ავტობუსის ყველა მოსაცდელს ჩაუტარდა დეზინფექცია. ერთხელ უკვე გადაირეცხა ქუჩები და დავიწყეთ მეორე ეტაპი. რაც შეეხება ფასიან მომსახურებას, კვადრატული მეტრის დეზინფექცია 15 თეთრი ღირს, თითქმის თვითღირებულების ფასად ვატარებთ სამუშაოებს, ფასიანი სერვისით სარგებლობს კერძო სექტორი, ასევე, ოჯახები, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ.
– რამდენად უსაფრთხოა სადეზინფექციო საშუალებები ჯანმრთელობისთვის?
– ჩვენ ვიყენებთ გერმანულ პრეპარატს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და ჯანმრთელობისთვის – უსაფრთხო.
– რომელი ქუჩები გადაირეცხა ქალაქში?
– პირველ ეტაპზე, თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა. მეორე ეტაპზეც ჩატარდება ამ ქუჩებზე სადეზინფექციო სამუშაოები. ამაში 20 ერთეულზე მეტი ტექნიკაა ჩართული და 80-მდე ადამიანი. მართლაც მასშტაბურ სამუშაოებს ვატარებთ. ჩვენ არ გავჩერებულვართ არც ერთი დღე – როგორც სანდასუფთავების, ისე დეზინფექციის სამსახური.
– სადეზინფექციო საშუალებების მარაგი გქონდათ?
– დეზინფექციას მანამდეც ვაკეთებდით, განსაკუთრებით ზაფხულში ირეცხება ნაგვის ურნები და ხდება მათი დეზინფექცია. დღეში 300 ურნაც კი გაგვირეცხია და ქიმიურად დაგვიმუშავებია. პირველ ეტაპზე, მარაგი გვეყო, შემდეგ კი შესყიდვების სამსახურის მეშვეობით შევძელით შეგვეძინა სპეციალური ხსნარები და შეგვექმნა მარაგი.
– დღესაც ირეცხება ნაგვის ურნები?
– დიახ, მაგრამ ზაფხულთან შედარებით ნაკლები ინტენსივობით.
– ალბათ არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, ვის უნდა მიმართონ, თუ დეზინფექციის ჩატარება სურთ.
– ჩვენ ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე და ადლიაშიც გვაქვს ოფისი. სურვილის შემთხევაში, მოქალაქეებს, ასევე, შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე.
– ერთია სურვილი და საჭიროება, მეორე – შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა.
– არის ზურგზე მოსაკიდი აპარატები, რომლებშიც წყალში გაზავებულ ქიმიურ საშუალებას ვასხამთ, ძრავით მუშაობს საწვავზე და გამოაფრქვევს სითხეს. გარდა ამისა, არის ელექტროტექნიკა, რომელიც იმუხტება. თავის დროზე, ფაროსანასთან საბრძოლველად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიძინა სპეცტექნიკა, რომელიც ამ ეტაპზე გადმოგვცეს დროებით სარგებლობაში. აღმოჩნდა ისე, რომ ერთი პრობლემის მოსაგვარებლად შეძენილი ტექნიკა, მეორე პრობლემასთან საბრძოლველად გამოგვადგა. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც არ ჩანან, თუმცა ყოველდღიურად მუხლჩაუხრელად შრომობენ ჩვენი ქალაქის სისუფთავისთვის. მადლობა მათ! ასევე, ჩვენ გვყავს გმირები, რომლებსაც არ შემიძლია, მადლობა არ ვუთხრა – ესენი მედიცინის მუშაკები არიან, რომლებიც ხელისუფლებასთან ერთად ებრძვიან უხილავ მტერს.

