საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება მოსალოდნელია
მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა იკლო ამ მხრივ ყველაზე საგანგაშო ვითარების მქონე იტალიაში, პანდემია უფრო და უფრო მწვავდება. ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება აშშ-სა და ესპანეთში, სიტუაცია რთულდება რუსეთის ფედერაციაშიც, სადაც ჩვენი თანამემამულეების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს.
ვირუსის გავრცელების პიკი ჯერ არ დამდგარა საქართველოში, დღეის მონაცემებით, 214 ინფიცირებული და 50 გამოჯანმრთელებული გვყავს. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვი 1000-1200-მდე გაიზრდება. ამ ფონზე, ბუნებრივია, დგება საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების საკითხიც. ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აზრი ასეთია: “ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი ამოცნაა ადამიანების ჯანმრთელობა,” – განაცხადა პრემიერმა.