მარიკა გვიანიძე: მოსახლეობას სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნორმატივების შესაბამის წყალს ვაწვდით
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30
„რა პრინციპით დაუფარავს მოსახლეობას წყლის გადასახადს სახელმწიფო, დეტალები ზუსტდება“
კოვიდ-19-მა არაერთი სამსახურის დღის წესრიგი შეცვალა, რასაც ვერ ვიტყვით შპს „ბათუმის წყლის“ მუშაობაზე. სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი მოსახლეობას შეუფერხებლად აწვდის სასმელ წყალს და თითქმის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას. უფრო დეტალურად შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორი მარიკა გვიანიძე გვესაუბრება.
– ცვლილებები შეეხო ადმინისტრაციული რგოლის ნაწილს. არიან თანამშრომლები, რომლებიც დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ. რაც შეეხება ტექნიკურ სამსახურებს, ისინი ძველებურად განაგრძობენ საქმიანობას. შევზღუდეთ მხოლოდ ღამის საათებში გეგმური სამუშაოები, მაგალითად, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების რეცხვა. სამუშაოებს ვაწარმოებთ დღისით, ისე, რომ კომენდანტის საათის რეჟიმში ჩავჯდეთ. ამაში ხელი შეგვიწყო იმანაც, რომ ქუჩებში ავტომობილების მოძრაობა ნაკლებია. სადაც ადრე დღისით არ შეგვეძლო მუშაობა, დღეს ამის შესაძლებლობა გვაქვს, – გვითხრა შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორმა მარიკა გვიანიძემ.
რაც შეეხება წყალმომარაგებას, „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელის განცხადებით, მოსახლეობას სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიეწოდება.
-24-საათიან რეჟიმში მუშაობს წყალმომარაგების სათავე ნაგებობები, წყალარინების სატუმბი სადგურები და ადლიის გამწმენდი ნაგებობა. ჩვენს თანამშრომლებს, რომლებსაც შესაძლოა კომენდანტის საათებში მოუწიოთ ქუჩაში გამოსვლა, გადაადგილების ნებართვებიც აქვთ. მათი სიები სემეკმა გადასცა შსს-ს და სასმელი წყლის ლაბორატორიაც 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რეგულარულად ვღებულობთ წყლის სინჯებს და კეთდება ანალიზი. მოსახლეობას სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნორმატივების შესაბამის წყალს ვაწვდით, – აღნიშნა გაზეთ „აჭარასთან“ საუბრისას მარიკა გვიანიძემ.
„ბათუმის წყლის“ თანამშრომლებს, დირექტორის განცხადებით, მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად გადაეცათ მრავალჯერადი პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები.
– თანამშრომლების გადაადგილებას ჩვენივე ტრანსპორტით უზრუნველვყოფთ, დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. რაც შეეხება მათ, ვისაც ქუჩაში უწევს მუშაობა, გაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ ვალდებულები არიან, დაიცვან მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციები, – გვითხრა მარიკა გვიანიძემ.
რამდენიმე დღის წინ „ბათუმის წყლის“ თანამშრომელთა მცირე ნაწილმა ხელმძღვანელობისგან პრემია მოითხოვა.
-ამ ეტაპისთვის, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ იყო პრემიების გაცემა, საკითხის განსახილველად არ მიმიმართავს ქალაქის მერიისთვის. იცით, რომ თითქმის ყველა კომერციული ობიექტი დახურულია, ამ მხრივ შემოსავალი არ არის. ამდენად, ფინანსური და მორალური მდგომარეობის გათვალისწინებით, პრემიებს ვერ გავცემდით. ეს ყველამ უნდა გაითავისოს. სამწუხაროდ, არ ვიცით, რამდენ ხანს იქნება მინიმუმამდე დასული „ბათუმის წყლის“ შემოსავალი. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, მოსახლეობის სუბსიდირება იგეგმება და ფონს იმ რეზერვებით უნდა გავიდეთ, რაც გაგვაჩნია, – გვითხრა მარიკა გვიანიძემ. რა პრინციპით დაუფარავს მოსახლეობას წყლის გადასახადს სახელმწიფო, დეტალები ზუსტდება.
„ბათუმის წყლის“ დირექტორი ამბობს, რომ ხელფასის 1/3-ს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავს. ამასთან, კომპანიის თანამშრომლების ძალისხმევით, რამდენიმე ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. მარიკა გვიანიძის თქმით, შეძლებისდაგვარად, საქველმოქმედო აქციებს კვლავაც გააგრძელებენ.