„ერთ პირბადეს ლარნახევრად ვყიდულობთ, დღეში 1500 ლარი მხოლოდ ამაზე იხარჯება“
ირმა ცეცხლაძე: 27 48 93
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ ორსულები, რომლებსაც სამედიცინო კლინიკები ემსახურებიან საკუთარი და ბავშვის სასიცოცხლო თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის პერმანენტულად დასადგენად. რა თქმა, უნდა მათი გადაყვანა დისტანციურ მკურნალობაზე რაღაც ეტაპზე შესაძლებელია, თუმცა რიგი სამედიცინო მომსახურების გასაწევად აუცილებელია ადგილზე მისვლა და ექიმებთან კონტაქტი.
„მედინაში“ გვარადან წამოსული ქალბატონის დაინფიცირების დადგენამ ერთგვარად შეაშფოთა ამ კლინიკის პაციენტები. თუ როგორაა დაცული სამედიცინო ცენტრი კოვიდ-19-ისგან და რა ზომებს მიმართავს ადმინისტრაცია ორსულებისთვის საფრთხის ასაცილებლად, ამაზე სუაბრობს ჩვენთან ინტერვიუში შპს“ჯანმრთელობის ცენტრი მედინას” დირექტორი,ექიმი მეან–გინეკოლოგი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ჯუმბერ უნგიაძე.
-ბატონო ჯუმბერ, თუკი ორსულს ღამე, საკომენდატო საათებში ატკივდა მუცელი, როგორ უნდა მოიქცეს?
-პანდემიის პერიოდში გამოქვეყნდა ეროვნული გაიდლაინი, სადაც დეტალურადაა გაწერილი, როგორ უნდა მოიქცნენ ანალოგიურ ვითარებაში. რაც შეეხება ჩვენთან განხორციელებულ ღონისძიებებს, გეტყვით, რომ პერსონალის ნაწილი (ვისაც უშუალო შეხება არა აქვს პეციენტებთან), სახლში გავუშვით, დისტანციურ სამუშაოზე გადავიყვანეთ. ასევე, ყველანაირად ვცდილობთ, გადაუდებელი საჭიროების გარეშე აქ არ მოვიყვანოთ ჩვენი ორსულები, რადგან არ შეექმნათ ზედმეტი საფრთხე. ცხადია, ნებისმიერ კონსულტაციას ისინი ღებულობენ თავიანთი ექიმიდან დისტანციურად. ბევრი მედიკოსი სკაიპის საშუალებით აძლევს კონსულტაციებს, რა და როგორ გააკეთოს მისმა პაციენტმა.
-ორსულს ხომ სჭირდება ანალიზები, ექოსკოპია, რომლის მეშვეობითაც ადგენთ ნაყოფის თუ თავად ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას?
-როგორც გითხარით, უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში მოგვყავს აქ. კლინიკაში შემოსვლამდე ქალს ხვდება ჩვენი დაცვა, რომელიც უსინჯავს სიცხეს. თუ აქვს საეჭვო სიმპტომები, საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია, კონტაქტი ჩამოსულ პირთან, მაშინ ემერჯენსიდან გადმოგვყავს ცალკე პალატაში დიაგნოზირებისთვის. ასევე ორსულებს სინჯავს თერაპევტი, რომელიც ადგენს, მშობიარობისთვის მზადაა ქალი თუ არა. მოგეხსენებათ, არის ცრუ სპაზმები, როდესაც ორსულს ჰგონია, რომ მშობიარობს.
-რამდენად დაცული არიან თავად დაცვის თანამშრომლები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ შემომსვლელებთან?
– ეს საკითხი მინდა განსაკუთრებულად აღნიშნოთ, რადგან მაღალ დონეზეა ეკიპირებული დაცვის თანამშრომლები. ისინი თავად ატარებენ დეტალურ მონიტორინგს. ამ თემაზე მათ რამდენიმე ტრენინგი უკვე ჩაუტარდათ, რაც პერმანენტულად გაგრძელდება. სწორედ ამის დამსახურება იყო, იმ ქალბატონის (გვარადან) დიაგნოზის ვერიფიცირება , რომელმაც უშედეგოდ გამოიარა ორი ცნობილი კლინიკა და საშველად ჩვენ მოგვადგა.
-ის ქალბატონი კლინიკაში შემოვიდა?
-სწორედ ამას გიხსნით, ისე გვაქვს მოწყობილი კლინიკა, რომ შემთხვევით შემოსული ინფიცირებულიც კი, ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ყველა ისინჯება შემოსასვლელში. ემერჯენსში გაუწიეს ამ ქალს ყველა აუცილებელი სამედიცინო დახმარება, იქვე დაუდგინდა კორონავირუსი და გადაიყვანეს „მედალფაში“ კოვიდ-19-ის მკურნალობისთვის. რაც შეეხება პერსონალს, რომელიც კონტაქტში იყო ამ ქალბატონთან, იზოლაციაში იმყოფება სასტუმროში. როგორც ამბობენ ძალიან რთული ყოფილა გამოკეტვა ერთ ოთახში, იმის მიუხედავად, რომ ტელევიზორიც აქვთ, ინტერნეტიც და კარგი კვებაც.
ასევე, ორსულებს დაურიგდათ თბილისიდან გადმოგზავნილი ბუკლეტები, სადაც დეტალურადაა გაწერილი ამ ვირუსის ყველა სიმპტომი. ეს კეთდება დედების და შვილების დასაცავად, რადგან ორსულობის პერიოდში არის სხვადასხვა ფიზიკური მდგომარეობა, რაც აშინებს, თრგუნავს ქალს, მისი მღელვარება კი გადადის ნაყოფზე. ამიტომ მან ზუსტად უნდა იცოდეს, რას მოერიდოს და რას – არა.
-ქალბატონები ერთ ბლოკში მშობიარობენ?
-არა, აქაც გვაქვს შეზღუდვები. კერძოდ, ოთხი სამშობიარო დარბაზი ფუნქციონირებს და ყველა მშობიარე ცალ-ცალკე თავსდება. ჯერ არ გვქონია შემთხვევა, რომ ერთდროულად ოთხზე მეტს დაწყებოდეს მშობიარობა. თუკი მსგავსი რამ მოხდება, ჯერ ცალკე პალატაში განვათავსებთ და შემდეგ გადავიყვანთ სამშობიარო ბლოკში. ესეც ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია. მშობიარობას ესწრებიან: თითო ექიმი, ბებია-ქალი, სანიტარი და ბოლოს-პედიატრი, ანუ ზედმეტი არავინაა.
-თუკი შემოვიდა კოვიდ-19-ით დაინფიცირებული მშობიარე, უარს ხომ არ ეტყვით მიღებაზე?
-არა, რას ამბობთ, ამისთვის გვაქვს მომზადებული ბოქსირებული პალატა, სადაც ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი ვერ შევა, იქ მხოლოდ სპეციალურად მომზადებული მედპერსონალი დაიშვება. როდესაც ქალი იმშობიარებს, ბავშვს ცალკე პალატაში მოვათავსებთ.
-არის მოსაზრება, რომ თუკი დედა ინფიცირებულია, მან ბავშვს ძუძუ არ უნდა აწოვოს. რამდენად ეთანხმებით ამას?
-ეს ჩემთვის მიუღებელია, დედის რძე ბავშვის იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამიტომ, დედის რძეს ვასტერილებთ და ისე ვაწვდით ჩვილს. ცხადია, მოქმედებს მკაცრი სანტარიული ნორმებიც. ვაკონტროლებთ ქალების ხელების ხშირად დაბანას, მკერდის ჩამობანას კვების წინ, ჩვილთან მიახლოებისას ოთხმაგი დოლბანდის პირზე აკვრას და ა.შ. აგრეთვე, ვითვალისწინებთ, რომ შესაძლოა ვირუსი ჰქონდეს, მაგრამ სიმპტომები მოგვიანებით აღმოაჩნდეს. ამისგან თავის დასაცავად, დედებიც და ბავშვებიც დისტანციურად გვიწევს, პროტოკოლის გათვალისწინებით – ორ-ორი მეტრის დაშორებით. თუკი ვირუსმა მაინც შემოაღწია კლინიკაში, ეს თავიდან აგვაცილებს მასიური დაინფიცირების რისკს. როგორც ხედავთ, მაქსიმალურად ვაზღვევთ თავსაც, პერსონალსაც და მშობიარეებსაც. ჯერ არ გვქონია ვირუსის შემოღწევის შემთხვევა, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სიტუაციისთვის.
-როგორც ადრე, ახლაც ესწრებიან მამები ან ახლობლები მშოიბიარობას?
-ახლა ძალიან ცუდ დღეში ვართ და ხალხმაც უნდა გაგვიგოს, რომ ამ პერიოდში დასწრება შეზღუდულია. საერთოდ, მე თავიდანვე ამ პროცესის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ვერ ეგუება ქართველი კაცის ბუნება, ცოლს ამ ვითარებაში უყუროს. ადრე, სურვილისამებრ, ვასწრებდით ოპერაციასაც და მშობიარობასაც, მაგრამ ახლა ავკრძალეთ. თამამად შემიძლია განვაცხადო, ჩემი შვილიც რომ იყოს სამშობიარო, სწორედ ამ კლინიკაში მოვიყვანდი, იმდენად ვიცავთ უსაფრთხოების ყველა წესს.
-ამ სიტუაციაში ხომ არ შეგექმნათ რამე პრობლემა, რომელიც ადრე არ იდგა თქვენს დღის წესრიგში?
-კი, შეგვექმნა პრობლემა, რომელზეც არ მინდოდა საუბარი, მაგრამ რადგან შემეკითხეთ, გეტყვით. შეუძლებელია, დღევანდელ დღეს, ლარნახევარი გადაიხადო ერთ პირბადეში. დღეში ათას ცალამდე მოვიხმართ და ყოველდღიურად 1500 ლარის გადახდა გაგვიჭირდა. გარდა ამისა, ხელთათმანები, ხალათები და სხვა რამეც ხომ არის საჭირო?
-სადეზინფექციო ხსნარები?
-ეს, ღმერთს მადლობა, არ გაძვირებულა და საკმარისზე მეტიც კი გვაქვს მომარაგებული. რაც შეეხება პირბადეებს, მინდა სწორად გამიგოთ, ჩვენი მინისტრი აცხადებს- მედიცინა ბიზნესი არ არისო, აბა ფარმაციაა ბიზნესი? რა გამოდის, სარგებლობენ მსოფლიო პანდემიით და ისეთ ფასს ადებენ ერთჯერად აქსესუარებს, საშინელ მდგომარეობაში გვაგდებენ ექიმებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე ვართ. თუკი ჩვენ გვაკონტროლებენ, იმათი ფასები არ უნდა გააკონტროლონ? გულსატკენია, რაც ხდება. დღევანდელ დღეს კლინიკაში დიდი თანხები იდება, უნდა შევცვალოთ აპარატურა, ფული ჩავდოთ პერსონალის განათლებაში, შევიძინოთ ეფექტური, ძვირადღირებული წამლები. ეს ბიზნესია, აბა რა არის, რომელიც დიდ ფულთანაა დაკავშირებული. სხვაგვარად არაფერი გამოვა.
-როგორ აფასებთ ჩვენი ონფექციონისტების მიერ გაწეულ მუშაობას ამ რთულ პერიოდში?
-უნდა გითხრათ, რომ მართლაც საუკეთესოდ იმუშავეს ჩვენი თაობის ინფექციონისტებმა. გამოავლინეს უზარმაზარი ცოდნა, ორგანიზების, მობილიზაციის უნარი. ის, რაც გააკეთეს და ახლაც აკეთებენ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. მათ ყველას დაუმტკიცეს, თუ როგორი დიდი ტრადიციები გააჩნია ქართულ მედიცინას და რომ მსოფლიო გამოწვევებსაც ვუმკლავდებით აუცილებლობის შემთხვევაში. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს დედებს, პაციენტებს, ისხდნენ სახლში, მაქსიმალურად ერიდონ ნებისმიერ კონტაქტს და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოვიდნენ კლინიკაში, რა თქმა უნდა, სანამ მშობიარობა დაეწყებათ. იცოდნენ, რომ ჩვენ, კლინიკის მთელი მედპერსონალი დავიცავთ მათ და მათ შვილებს ყოველგვარი ვირუსული ინფექციისა თუ სხვა გართულებებისგან.

