„პანდემიის პერიოდში ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირების მომართვიანობა მკვეთრად შემცირდა”
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63
ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული მსოფლიო პანდემია და არც ახალი ვირუსის შესახებ იყო ბევრი რამ ცნობილი, როცა ქართველებმა რეკლამა გაუკეთეს ჭაჭის არაყს, როგორც ანტივირუსულ საშუალებას. შემდეგ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, კომენდანტის საათი. . . სახლში გამოკეტილი ადამიანები ერთმანეთს ვირტუალურად უზიარებდნენ სადღეგრძელოებს და დისტანციურად ქეიფსაც კი ახერხებდნენ. მსგავს ვითარებაში, ცხადია, ჩნდება კითხვა, რამდენად იმატა ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშაულებებით დეტოქსიკაციის რიცხვმა და რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყანაში.
როგორც აღმოჩნდა, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, პაციენტებისა და თანამშრომლებისათვის ინფექციური კონტროლისა და უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. თუ რა გზით აწვდიან მეთადონით ჩანაცვლების პროგრამის ბენეფიციარებს პრეპარატებს და როგორ ამცირებენ შესაძლო დაინფიცირების რისკს, ამაზე და სხვა საკითხებზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე გური მენაბდიშვილი.
– ბატონო გური, როგორც ცნობილია, თქვენი ბენეფიციარები ყოველდღიურ რეჟიმში მოდიოდნენ თქვენთან მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პრეპარატების მისაღებად. შეძელით თუ არა დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა და ამჟამად რა ხდება ამ კუთხით?
-არსებული დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ, ექიმები და მთელი პერსონალი ვმუშაობთ კიდევ უფრო მეტი დატვირთვით. კონტაქტებთან დაკავშირებით, სისტემა თავიდან შევიმუშავეთ. პირველ რიგში, ცვლილება განხორციელდა პროგრამის მარეგულირებელ ბრძანებაში, სადაც აღინიშნა, რომ ჩვენს ბენეფიციარს შეიძლება ერთ ჯერზე მივცეთ წამლის 5 დღის დოზა, რის შედეგადაც ცენტრში 6 დღეში ერთხელ მოვა. ამან, ცხადია, სახლიდან გარეთ გამოსვლის პერიოდები შეამცირა. ასევე, გეტყვით, რომ ჩვენი დაწესებულება ზედმიწევნით ასრულებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, პაციენტთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით ინტენსიურად ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს. სტაციონარები (ნარკოლოგიისა და ფსიქიატრიის მიმართულებით) საკარანტინე რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ცენტრის ექიმები 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინში მოთავსებულ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტებს. ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებები გახანგრძლივებული სამუშაო დღის განმავლობაში აწვდიან სერვისს პაციენტებს რიგების თავიდან ასაცილებლად, მოქმედებს ონლაინპლატფორმა, სადაც ჩვენი ფსიქოლოგები უფასო კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს.
– რატომ აწვდით ბენეფიციართა ნაწილს პრეპარატებს სახლში?
– ბევრი ჩვენი ბენეფიციარი მოხვდა როგორც ჩაკეტილ რაიონებში (ბოლნისი, მარნეული), ისე საკარანტინო სივრცეებში, ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც არ იყვნენ ჩვენი ბენეფიციარები, მაგრამ ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ანამნეზურად საჭიროებდნენ ნარკოლოგის დახმარებას და პრეპარტის მიწოდებას. ჩვენ ამისთვისაც მზად ვიყავით ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და აღნიშნულ ბრძანებაში ეს მომენტიც გავითვალისწინეთ. უკვე შესაძლებელია პაციენტების პროგრამაში სწრაფი ჩართვა და პრეპარატის უპრობლემოდ მიწოდება. პირველი დაინფიცირებული ადამიანის შემოსვლისთანავე დაიწყო ჩვენი სამსახურის უკვე სხვა რაკურსში ამუშავება. მზად დავხვდით ამ პროცესს როგორც ფიზიკურად, ისე იურიდიულად და არ გაგვჭირვებია სხვადასხვა საჭიროებისამებრ პაციენტთა პროგრამაში ჩართვა მათი პრეპარატებით უზრუნველსაყოფად. მინდა გითხრათ, რომ ამ კუთხით არც ერთი ჩავარდნა არ გვქონია.
– სულ რამდენი პაციენტი დაგემატათ კორონავირუსის ფონზე?
-ახლანდელი მონაცემებით, ამ პერიოდში უკვე 80-მდე პაციენტი გვყავს რეესტრში გატარებული. აქედან უმეტესობა ახალია, თუმცა მათ შორის რამდენიმე მოქმედი ბენეფიციარიცაა. ასევე, რამდენიმე მათგანი სხვადასხვა კონტაქტების გამო მოხვდა თვითიზოლაციაში და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათ უზრუნველყოფასაც ვახერხებთ მედიკამენტებით. თანაც იზოლაციაში ძირითადად, ოჯახები ერთად არიან და თუ მათ შორისაა მინდობილი პირიც, ჩვენით ვაწვდით მედიკამენტებს, რაც საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგად ხდება. იცით, რომ სტაფიც არ არის იმ რაოდენობით, რომ ამ მიმართულებითაც იმუშაონ, მაგრამ შეუძლებელს ვაკეთებთ და მაინც უზრუნველვყოფთ გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩენილ ჩვენს ბენეფიციარებს მათთვის აუცილებელი წამლებით. შეიძლება ითქვას, გახუთმაგებული დატვირთვა აქვს მთელ პერსონალს, მაგრამ არც ერთი ჩავარდნა, შეფერხებაც კი არ გვქონია.
– ხომ არ გაიზარდა ალკოჰოლისტთა რიცხვი პანდემიის ფონზე. სახლში ჯდომას და მსოფლიო კატაკლიზმების მოლოდინს ყველას ფსიქიკა ვერ უძლებს. თანაც გახშირდა ჭაჭის ანტივირუსული თვისებების რეკლამა?
-არა, მიუხედავად იმისა, რომ არ შეგვიჩერებია მუშაობა და ყველას ვიღებთ, მომართვიანობა ალკოჰოლზე დამოკიდებული პირების მხრივ არ გაზრდილა. პირიქით, იკლო კიდეც. თუკი ადრე დღის განმავლობაში 30-მდე მოქალაქე მოდიოდა, ახლა ათიოდე თუ მოგვმართავს. არ გაზრდილა მომართვიანობა სტაციონარებშიც ალკოჰოლით თუ ნარკოტიკებით დეტოქსიკაციის მხრივ. პირიქით, აქაც შემცირდა მსგავსი პაციენტების რიცხვი.
– რამდენად სენსიტიურები არიან თქვენი ბენეფიციარები ვირუსის მიმართ, ქმნიან თუ არა ამ მხრივ რისკჯგუფებს?
– პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ჩვენი ბენეფიციარების მოწესრიგებულობა ჩვენთან მოსვლისას. ყველას უკეთია პირბადე, ხელთათმანები, სათვალეები. მოკლედ, მოდიან ზედმიწევნით აღჭურვილები. იცავენ დისტანციას ერთმანეთისგან. არ ეხებიან არავის. რაც შეეხებია რისკჯგუფებს, თავად არ ქმნიან, მაგრამ 9000 კაცში, ცხადია, არიან კარდიოლოგიური პრობლემებით თუ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებიც. ამ ადამიანების კუთხით, ჯერ კიდევ პანდემიის გამოცხადებამდე დავიწყეთ მუშაობა. ყველას, ქრონიკული დაავადებების მქონეს, ვაცნობეთ, რომ შეეძლოთ ესარგებლათ ჩვენი სერვისით. კერძოდ, გაეკეთებინათ მინდობილობა ოჯახის ჯანმრთელ წევრებზე, რათა ზედმეტად არ გამოსულიყვნენ ქუჩაში. რა თქმა უნდა, არავისთვის დაგვიძალებია, უბრალოდ, შევთავაზეთ ეს სვლა. ზოგმა ისარგებლა ამ სერვისით, ზოგმა – არა.
– თქვენი პერსონალი რამდენადაა დაცული?
– შევიძინეთ ერთჯერადი ხელთათმანები, პირბადეები, ხალათები და ფარები სტაციონარებში (ფსიქიატრიულსა და ნარკოლოგიურში ) დასაქმებულებისთვის. ბუნებრივია, დეზინფექტატორი გვაქვს განუსაზღვრელი რაოდენობით და დღეში ორჯერ დამლაგებლები ზედაპირებს, იატაკებს თუ კედლებს ასუფთავებენ ამ ხსნარებით. ხელების ხშირად დაბანასა და პირადი ჰიგიენის სხვა დეტალებზე აღარ ვლაპარაკობ. საბედნიეროდ, ჯერჯერობით მშვიდობა გვაქვს. ვგულისხმობ, ჩვენს ბენეფიციარებში არ დაფიქსირებულა კოვიდ-19. ძალიან გვინდა, ასე გაგრძელდეს. თუკი დაინფიცირდებიან, ეს ყველას დაგვასუსტებს და მოგვიწევს სხვა სამოქმედო გეგმის შემუშავება. რაც ისევ და ისევ თანხებთან და დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.
– იყო საუბარი, თითქოს პრეპარატის დეფიციტი შეიქმნა თქვენს უწყებაში?
-არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. არანაირი პრობლემა არ გვაქვს ამ ეტაპზე. ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით მიმდინარეობს. ძალიან ორგანიზებულად ვმოქმედებთ და მომზადებული ვხვდებით მსოფლიო დონის გამოწვევებს. ჩვენი მხრიდან ბენეფიციარებს არაფერი მიაკლდებათ, არც პრეპარატები და არც მკურნალობა. მთავარია, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ ქვეყნისთვის და კაცობრიობისთვის ამ ურთულეს პერიოდში.
– ასევე, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი საზოგადოებას ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ახალ სერვისს სთავაზობს.
– როგორც ცენტრის ფსიქიატრი თამარ ალადაშვილი ამბობს, დღეს, როგორც არასდროს, საზოგადოებისთვის ფსიქოლოგის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია: „კორონავირუსის პანდემიის გამო მოქალაქეები გარკვეული სტრესის ქვეშ იმყოფებიან, უჭირთ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ ვირუსულად გადამდებ პანიკას, განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მხარდაჭერა კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს სჭირდებათ, სწორედ ამიტომ, ჩვენი ცენტრის ფსიქოლოგები ყოველდღე, საღამოს საათებს გაატარებენ თქვენთან. სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ხშირად ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ საპასუხო რეაქცია სტრესზე ბუნებით და გენეტიკურად ჩვენს ორგანიზმში კოდირებული ადაპტაციური მექანიზმების ჩართვითაა განპირობებული (რაც საფრთხის შემცველ სიტუაციაში განსაკუთრებით მობილიზებულს და ბრძოლისუნარიანს გვხდის), ქრონიკულ სტრესს ძალუძს ამ მექანიზმების გამოფიტვა, რაც საბოლოოდ, უარყოფითად აისახება პიროვნების, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და რიგ უარყოფით, არასასურველ შედეგებს იწვევს.სხვაგვარად, სტრესი არის მდგომარეობა, რომელიც რთული სიტუაციის საპასუხოდ წარმოიშობა. ამ დროს ადამიანი ისეთ პრობლემას ეჯახება, რომლის გადაჭრა მის ფსიქიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატება და ამ დროს მას გვერდით აუცილებლად სჭირდება პროფესიონალი, ვინც ასწავლის სტრესის მართვას, დაეხმარება გაუმკლავდეს პანიკას და შინაგან შფოთს“.
zოგიერთი ადამიანი სტრესს საკმაოდ ადვილად იტანს, მეცნიერების აზრით, ამას მათი ფიზიკური მომზადება, სოციალური მხარდაჭერა (ოჯახი, მეგობრები), აგრეთვე სიტუაციის კონტროლის უნარი, გამბედაობა და თავდადება განაპირობებს.
მათ კი, ვისაც დამოუკიდებლად უჭირს გაუმკლავდეს პანიკას. ყოველ საღამოს, 19.00 საათიდან 22.00 საათამდე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქოლოგები გაუწევენ ონლაინკონსულტაციას ვებგვერდზე

