კაცობრიობა – ახალ რეალობაში
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69
კოვიდ-19-ის პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ადამიანების ყოველდღიურობა, ცხოვრების წესი, პრიორიტეტები, ინტერესები და სამუშაო გრაფიკიც კი. . . ახალი კორონავირუსი მთელი მსოფლიოს მტერი გახდა. ადამიანს შიში და სასოწარკვეთა იპყრობს – მაინც რამ გამოიწვია კორონავირუსის პანდემია, ხომ არ დგას ამ პროცესების მიღმა რომელიმე ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციები, რათა ზოგიერთი სახელმწიფოს ეკონომიკური აღმასვლა შეაჩეროს? ეს კითხვა ახლა ხშირად ისმის. . . ანალიტიკოსები მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას – დაიძლევა თუ არა უახლოეს პერიოდში ახალი კორონავირუსი, რა ზარალს მოუტანს ეს ყველაფერი მსოფლიო ეკონომიკას და ყალიბდება თუ არა მსოფლიოს ახალი წესრიგი? კორონავირუსსაც დაძლევს მსოფლიო, კაცობრიობა ხომ არაერთ ჭირს გაუმკლავდა შუა საუკუნეებში, რამაც მილიონობით ადამიანი შეიწირა. სამწუხაროდ, ახალმა კორონავირუსმაც უკვე ათიათასობით ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. ძალიან დაზარალდა იტალია, ესპანეთი, ირანი, აშშ. ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი სახელმწიფო არ ასაჯაროებს კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლლთა რეალურ რაოდენობას. ძირითადად, საუბრობენ რუსეთსა და ჩინეთზე. ოფიციალურმა პეკინმა კი განაცხადა, რომ კორონავირუსის პრობლემა ქვეყანაში აღმოფხვრილია. . . სხვა სახელმწიფოები ამ პრობლემას ჯერჯერობით ვერ უმკლავდება. ამ მხრივ საქართველო უკეთ გამოიყურება, რაც აღინიშნა სხვადასხვა ქვეყნის მედიისა და ხელისუფალთა განცხადებებშიც. შოკისმომგვრელია დაცარიელებული ქუჩების ხილვა ევროპის ქალაქებში. მოსახლეობა საკუთარ სახლებში შეიკეტა, ურთიერთობა ვირტუალური გახდა. რას მოუტანს ეს ყველაფერი მსოფლიოს? ეს კითხვა ყველას აწუხებს. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ახალ კორონავირუსს მსოფლიო აგვისტოში დაძლევს. იქამდე დიდი დროა, ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი დაზარალდება, სახელმწიფოებში დიდი ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. საინტერესოა, როგორ ახალ წესრიგს მივიღებთ მსოფლიოში? ამას, ცხადია, მომავალში გავიგებთ. მანამდე კი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის და ყველა ვარიანტში დადგება ახალი ეპოქა. . . კარგია თუ ახალი წესრიგი ამჟამინდელზე უკეთესი იქნება, მაგრამ იმედიც და ოცნებაც თანდათან, შაგრენის ტყავივით მცირდება. ეს კატეგორიულობა რა მოსატანია ბრიტანეთისა და გერმანიის პირველი პირების ნათქვამთან – ჩვენი მოქალაქეების სამოცი პროცენტი დაავადდება ამ ვირუსით და უნდა შეეგუოთო. . . შემდეგ კი თქვეს, რომ მათი სიტყვები არასწორად გაიგეს. არადა, აზრები მოძრაობენ ყველაზე ჩქარა, სინათლეზე სწრაფადაც კი. „უნდა ვუფრთხილდეთ უვარგის აზრებს“, – ამბობდა დიდი ინდოელი ფილოსოფოსი ოშო რაჯნეში. ყველა რომ გააცნობიერებდეს ამ ჭეშმარიტებას, ნამდვილად კარგი იქნებოდა. მაშინ იმასაც გავისიგრძეგანებდით, რომ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, როგორი იქნება მსოფლიო მომავალში.
როგორც გაცხადდა, ევროკავშირმა საზღვრები ჩაკეტა, შიდა ტურიზმი შეფერხდა, ჩინეთში სატრანზიტო გადაზიდვები განახევრდა, აშშ-ში უმუშევრობა კატასტროფულად გაიზარდა, ყველა ქვეყანა ცალ-ცალკე ცდილობს პრობლემებთან გამკლავებას. . . ბევრი იმასაც ამბობს, რომ დასავლური სახელმწიფოებისათვის გაერთიანებული ევროპა აღარ იქნება პრიორიტეტული და სხვა ქვეყნების პრობლემებს ნაკლებად მიაპყრობენ ყურადღებას, რაც საქართველოსა და უკრაინისთვის სავალალო აღმოჩნდება. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ასე ეხმაურება მწერალი შორენა ლებანიძე :- „კორონა კი არა, ბოროტების ჯადო – გვირგვინი ყველაზე მნიშვნელოვანს ანადგურებს, გვაიძულებს ინტერნეტსივრცეებსა და მობილურებს მიჯაჭვულ, სპეცაღჭურვილობით შებორკილ, იზოლირებულ ზომბებად ვიქცეთ. . . თვალით უხილავი ვირუსი, რომელიც დედამიწას ანადგურებს“ თუ გადაჭარბებულად მოგეჩვენათ მწერლის ზემოთქმული მოსაზრება, მაშინ მედიცინის მოღვაწე, პროფესორ თენგიზ ვერულავას შეხედულებას მოვუსმინოთ: „იმას, რაც ახლა ხდება, მეცნიერებმა დაარქვეს მესამე ეპიდემიოლოგიური გარდამავალი პერიოდი, რაც ძირეულად ცვლის ყველაფერს, ეკონომიკიდან დაწყებული, ადამიანური ურთიერთობებით დამთავრებული. მსოფლიო აღარ არის ის, რაც გუშინ იყო. მოგვიწევს ახალი რეალობის სწავლა და მასთან შეგუება“. ცნობილი მეცნიერი და პოეტი ცირა ბარბაქაძე კი ასეთ აზრს ავითარებს :,, ნეტა, ასე ღირსებასა და სამართლიანობას ვიცავდეთ, როგორც კორონას ვებრძვით. . . მაშინ სხვა სამყაროში ვიცხოვრებდით და არც პირაკრულებს მოგვიწევდა ცხოვრება. . . დეზინფექციას თუ რამე საჭიროებს, ეს ჩვენი აზრებია“. ნებსით თუ უნებლიეთ ჩნდება კითხვები: იქნებ ეს კაცობრიობის ერთგვარი ტესტირებაა, გვცდიან, აკვირდებიან ჩვენი აღქმის ხარისხს? ტექნოლოგიური და მენტალური გადაწყობა ცხადია, რთულია, განსაკუთრებით წინა ეპოქის ადამიანისთვის. მწარე რეალობა ნეგატიურად მოქმედებს ფსიქიკაზე, ერთ მოუზომავ სიტყვასაც კი შეუძლია გამოიწვიოს მისი შერყევა, თუნდაც ასეთსაც – დაავადება ძირითადად, მოხუცებს გაანადგურებს. ამის ხაზგასმა არაეთიკური რომაა, საკამათოა? მსოფლიო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სტრესშია, ეს ცხადია.
ისიც უდავოა, რომ ეპიდემიამ მსოფლიო ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, საუბარია ასობით მილიარდ დოლარზე. დასავლელ ექსპერტთა აზრით, თუ რამდენიმე თვეში კორონავირუსის ეპიდემია არ ჩაცხრება, მსოფლიო ეკონომიკას რეცესია ელოდება, რაც საბოლოოდ მსოფლიოს ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანს. ვნახოთ, როგორ გაუმკვლავდებიან ახალ კორონავირუსს და მის თანმდევ კრიზისებს მსოფლიოს ქვეყნები, მათ შორის საქართველოც.