ლადო მგალობლიშვილი: პრემიების გაცემა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30
,,ქართუ ბანკმა” კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. ფაქტი საზოგადოების დიდმა ნაწილმა დადებითად შეაფასა, იყვნენ ისეთებიც, ეს თანხა არასაკმარისად რომ მიიჩნიეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისგან.
-ზოგადად, ბოლო 25 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდ ლარზე მეტი მოახმარა საქართველოში ქველმოქმედებას. შესაბამისად, ყველას გვქონდა მოლოდინი, ოპოზიციაშიც კი, რომ ის ქველმოქმედებას გააკეთებდა. ეს მისი ხასიათი და თვისებაა – სახელმწიფოს როცა უჭირს, დაეხმაროს. სიკეთის აქტი და უზარმაზარი ფინანსური რესურსი ნამდვილად წაადგება საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში, – გვითხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა, რომელსაც რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
– ბატონო ლადო, ეპიდემიისთვის ჩვენი ქვეყანა კი არა, მსოფლიო არ იყო მზად. რა შეგიძლიათ თქვათ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე?
– სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ძლიერი ეკონომიკის ქვეყანა. ამ წუთას საბოლოო შედეგები სახეზე არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი სამომავლოდ მძიმე დარტყმა რომ იქნება, ამაზე არავინ დავობს. მთავარია, მოვემზადოთ პოსტვირუსული პერიოდისთვის და ძირითადი აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს.
– ამ ეტაპზე აქცენტი წარმოებაზე კეთდება. შევძელით პირბადეების ადილზე გამოშვება. თუ ეს შესაძლებელი იყო, რატომ ვიყავით იმპორტზე დამოკიდებული? ხელისუფლების კეთილი ნება არ არსებობდა?
– არსებულმა მდგომარეობამ ერთგვარი ბიძგი მისცა ეროვნულ წარმოებას, რაც გამოიწვევს იმპორტის შემცირებას. ეკონომიკის გაძლიერებასთან ერთად, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ვერ ვიტყვი, რომ მთავრობა ადგილობრივ წარმოებას ხელს არ უწყობდა. ამ მხრივ იყო პროექტები, იგივე – „აწარმოე საქართველოში“. ამ დარგის ექსპერტი არ ვარ, შესაძლოა, ეს არ იყო საკმარისი, თუმცა ეროვნული წარმოების გაძლიერებას ხელისუფლება ყოველთვის ცდილობდა.
– რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ამ ეტაპზე, იმპორტირებული საკვები პროდუქტების ნაკლებობა არ არის, მაგრამ შესაძლოა, პრობლემის წინაშე დავდგეთ. თქვენ არ ხართ ამ დარგის სპეციალისტი, ცხადია, თუმცა ამ კუთხით რას ფიქრობთ?
– ვისურვებდი, აგრარული მიმართულებით არსებული რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ასეც მოხდება. ეს შეამცირებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტს. დილეტანტის დონეზე გპასუხობთ, ბუნებრივია.
– საკანონმდებლო ხელისუფლებამ, ამ ეტაპზე, უკანა პლანზე გადაინაცვლა, მუშაობთ თუ არა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად და რამდენად ხართ პროცესებში ჩართული?
– საგანგებო მდგომარეობისას წინა პლანზე აღმასრულებელი ხელისუფლებაა, მაგრამ ამ დღეებში საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად დავიწყებთ საგანგებო ბიუჯეტის განხილვას. მოსალოდნელია ბიუჯეტში ცვლილებები, საჭიროებებიდან გამომდინარე.
– მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები ხელფასების 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში რიცხავენ, ხულოს მერიაში პრემიები გაიცა. . .
– სახელისუფლებო გუნდის ხელფასების 1/3 ფონდში მობილიზდება, ეს, ერთის მხრივ, ერთგვარი სოლიდარობის კამპანიაა, რომლის მიზანია, სოლიდური თანხა შევიდეს ფონდში, მეორე მხრივ, გარკვეულწილად, სხვებისთვისაც იყოს მოტივი, ჩაერთონ ამ კამპანიაში. ამ ფონზე პრემიების გაცემა მიზანშეწონილად ნამდვილად არ მიმაჩნია. არიან ადამიანები, რომლებიც, ასე ვთქვათ, ბრძოლის წინა ხაზზე არიან და საკუთარ ჯანმრთელობას რისკის წინაშე აყენებენ. ასეთი ადამიანებისთვის პრემიაც საჭიროა და წახალისებაც, პირველ რიგში – მედპერსონალის. საჯარო მოხელეებმა კი მსგავსი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ. წლის ბოლოსაც შეიძლება გადავხედოთ, ვინ მუშაობდა პანდემიის დროს და წავახალისოთ ისინი.
– ბატონო ლადო, დისტანციური სწავლების მოდელზე რას იტყვით და ხომ არ გაქვთ მოლოდინი, რომ 2020 აკადემიურ წლად გამოცხადდეს?
– დარწმუნებული ვარ, აკადემიურ წლად არ გამოცხადდება 2020 წელი. დისტანციური სწავლება კარგად მიმდინარეობს, ტრადიციულ მეთოდს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ „ტელესკოლის“ პროექტი მომწონს. ინოვაციურიც კი შეიძლება ვუწოდოთ.
– პანდემიამ რა პროცესებს შეუშალა ხელი უმაღლეს საბჭოში?
– სასესიო პერიოდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუროს და კომიტეტის სხდომები უნდა ტარდებოდეს, მაგრამ ადამიანების სახლიდან გამოსვლა რისკებთან არის დაკავშირებული, სოციალური დისტანცია უნდა დავიცვათ. ვგეგმავდით, რომ საგაზაფხულო სესია იქნებოდა დატვირთული, თუმცა საგანგებო რეჟიმის შემდეგ, რიგგარეშე სხდომებზეც შეგვიძლია განვიხილოთ საკითხები.
– 2020 საარჩევნო წელია, იგეგმებოდა საარჩევნო სისტემის შეცვლა. არ შეფერხდება პროცესები?
– საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე ორი კვირა რჩება და ცვლილებების შეტანაც მოესწრება. ამის საშუალებას მოქმედი რეგლამენტი იძლევა.
– რეგიონის საკანონმდებლო ორგანო აპირებდა საკონსტიტუციო ცვლილებებს?
– პანდემია რომ არა, უნდა დაგვეწყო შიდა კონსულტაციები. სოციალური დისტანცირების რეჟიმში ვმუშაობთ. არ მაქვს ინფორმაცია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თუ გამართა კონსულტაციები. ამ ეტაპზე, მთავარია, ვიყოთ მშვიდად და დავრჩეთ სახლში.

