მაშინ, როცა ჩვენ სახლში ვართ, ისინი ჩვენთვის მუშაობენ
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93
ახალმა კორონავირუსმა შეცვალა ყველას ცხოვრება, თავდაყირა დააყენა ყოველდღიურობა. მსოფლიო და, რა თქმა უნდა, საქართველოც, გადაეწყო ცხოვრების ახალ, განსხვავებულ რიტმზე. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაიკეტა რიგი საწარმოები, ოფისები, ადამიანებმა დაიწყეს სახლიდან მუშაობა. თუმცა, ამ ვითარებაშიც კი არიან ისეთები, რომლებიც ამ წუთამდე ზრუნავენ ჩვენზე. ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ჩვენთვის, ერთადერთი თხოვნით მოგვმართავენ: „დარჩით სახლში თქვენი და ჩვენი ჯანმრთელობისთვის, იმისთვის, რომ ხვალ უკეთესი და მზიანი დღე გათენდეს“. . .
ინგა ცეცხლაძე – კომპანია „სანტეს“ მერჩენდაიზერი:
– ჩემი საქმეა კონკრეტული ნაწარმის დახლებზე დალაგება და მათი ვარგისიანობის ვადების კონტროლი.ზოგადად, იშვიათად მიწევს მომხმარებელთან ურთიერთობა, რადგან ეს ნაკლებად შედის ჩემს მოვალეობაში, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა კონსულტანტი ადგილზე არ არის. ასეთ დროს ვითავსებ ამ როლს და მომხმარებელს სასურველი პროდუქციის არჩევაში ვეხმარები. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დისტანციას ვიცავ და ვცდილობ, მაქსიმალურად მივაწოდო ადამიანებს, მათთვის საჭირო ინფორმაცია. თავიდან, როცა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხალხის რაოდენობის შემცირება ნაკლებად შესამჩნევი იყო, რასაც დღევანდელ სიტუაციაზე ვერ ვიტყვით. იკლო ჰიპერმარკეტებში მომხმარებლის რაოდენობამ. ამაზე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც. ჩვენი კომპანია ყველანაირად უზრუნველყოფს თანამშრომლების უსაფრთხოებასა და დაცულობას პირბადეებით, ხელთათმანებით და სპეციალური ხსნარებით. ამასთან, იქ სადაც ჩვენი პროდუქციაა განთავსებული, ამ შემთხვევაში კი ჰიპერმარკეტ „კარფურში“, შემოსვლისთანავე თითოეულ ადამიანს ურიგდება დამცავი საშუალებები, საათობრივად იწმინდება შემოსასვლელი კარები და იატაკი სადეზინფექციო ხსნარებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დაცული გარემოა. ვფიქრობ, დადებითი მხარე ამ ვითარებაში ისაა, რომ მაღაზიებში ჰიგიენის უკეთესად დაცვა ვისწავლეთ, რაც აუცილებელია საკვებ პროდუქტებთან მიმართებაში, ასევე – რიგში დგომა დისტანციის დაცვით, სოციალური პასუხისმგებლობა, უფრო მეტად დავაფასეთ სიკეთე და დავიწყეთ ერთმანეთზე ზრუნვა. მიუხედავად სირთულეებისა, ვცდილობთ ადამიანებს გავუღიმოთ, თუნდაც ეს პირბადის მიღმა რჩებოდეს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო რთულია ქალაქში გადაადგილება. ჩემმა კომპანიამ ამ მხრივაც უზრუნველგვყო, მაგრამ არსებობს დაწესებულებები, რომლებიც თავიანთ თანამშრომლებს ვერ ემსახურებიან ტრანსპორტით. სწორედ ეს აიძულებს დასაქმებულებს, წავიდნენ სამსახურებიდან, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია. ამ რეალობაში აუცილებელია სახლში დარჩენა და თვითიზოლაცია, ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეძლოს ნაკლებად საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობა. დარჩით სახლში, თქვენი ჯანმრთელობისთვის, ასევე ჩვენთვისაც. გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.
თათია თევზაძე – პოლიკლინიკა „მკურნალი 2002“-ის თერაპევტის ასისტენტი და უსაფრთხოების სპეციალისტი:
– ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად მიწევს სხვადასხვა ასაკის ადამინთან კონტაქტი. პირველ ხანებში, როცა ვირუსის გამო ქვეყანაში აქტიურად დაიწყო შეზღუდვების დაწესება, პაციენტთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ახლაც არ იგრძნობა ჭარბ მომართვიანობა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია. ჩვენი კლინიკა თავიდანვე ზედმიწევნით იცავდა ყველა წესსა თუ ნორმას, ვუფრთხილდებით კლინიკის თანამშრომლებსაც და პაციენტებსაც. ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, ინტენსიურად იწმინდება იატაკები, მუშავდება ზედაპირები სპეციალური ხსნარებით. რა თქმა უნდა, გვაქვს პირბადეები და ხელთათმანები. ჩემი, როგორც უსაფრთხოების სპეციალისტის, მოვალეობაა ამ მიმართულებით ყველაფერი იყოს წესრიგში ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად. ამ ჩვენი თანამშრომლებისთვის დისტანციურად ჩატარდა პრეზენტაცია და მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. მართალია, ვათვითცნობიერებთ, რომ ვირუსმა შეცვალა ყველას ცხოვრება, სამწუხაროდ ისე აღარ არის, როგორც ადრე იყო, მაგრამ მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით ყველას ვუთხრა, რომ დარჩნენ სახლში, ძალიან მალე ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გაგვიხარდება.
მაკა გოლიაძე – სუპერმარკეტების ქსელი „ნიკორას“ ადმინისტრატორი:
– ვმუშაობ სუპერმარკეტში, ამიტომ ძალიან ხშირად მიწევს ადამიანებთან კონტაქტი, ახლაც, ამ რეალობაშიც. მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და იმისა, რომ „ნიკორა“ აღარ მუშაობს 24-საათიანი გრაფიკით, მომხმარებელთა რაოდენობა არათუ შემცირდა, შეიძლება ითქვას, საგრძნობლადაც გაიზარდა. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვართ შესაბამისად აღჭურვილები – პირბადეებით, ხელთათმანებით თუ სადეზინფექციო ხსნარებით. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ამდენი მოწოდებისა, ადამიანები არ იცავენ დადგენილ წესებსა და ნორმებს. ძალიან ხშირად, გვსაყვედურობენ იმის გამო, რომ დისტანციის დაცვას ვთხოვთ. ამაშიც ცუდსა და გასაკიცხს ეძებენ, თუმცა ყოველთვის ასე იყო. . . დადებითი მხარეც აქვს ამ ყველაფერს, გასაჭირმა დააახლოვა ადამიანები როგორც ერთმანეთთან, ასევე უფალთან. ისინი მეტ დროს ატარებენ ოჯახებში, ვიდრე ამას ადრე ახერხებდნენ. ადამიანებს, რომლებიც ჩვენგან განსხვავებით, სახლში რჩებიან, მინდა ვუთხრა, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდნენ გარეთ, დაიცვან დისტანცია და რაც მთავარია, გაითავისონ ის ვითარება, რაშიც ახლა ყველას ერთად გვიწევს ცხოვრება.

