5 პირის პასუხი, პირველადი კვლევით, დადებითია, თუმცა -გადასამოწმებელი
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განმარტებით, აჭარის რეგიონში ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 19 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა, სამი კი გასაწერად ემზადება. ქობულეთის კლასტერიდან გუშინ კიდევ 44 პაციენტი გაიტესტა, რომელთაგანაც პირველადი კვლევის შედეგად 5-ის პასუხი დადებითია, თუმცა, როგორც წესი, გადამოწმებას საჭიროებს.
– გუშინდელი ინფორმაციით, მოძიებული კონტაქტებიდან ლაბორატორიაში დამატებით 44 ნიმუში შევიდა, მათ შორის 5 საყურადღებო რჩება. პირველადი კვლევით, აქვთ დადებითი პასუხი, თუმცა სჭირდებათ განმეორებითი კვლევა, რათა მყარად ვთქვათ, რომ ისინი არიან ინფიცირებულები. მეორადი პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. დანარჩენის პასუხი უარყოფითია. ეს გახლავთ კონტაქტირებული პირები უკვე დადასტურებული ქობულეთის კლასტერიდან. მათი კონტაქტების რიცხვი უშუალოდ არ გაზრდილა. პროცესი გრძელდება. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული პირების ლაბორატორიული ნიმუშები აღებულია და ყველა იქნება დიაგნოსტირებული. გამოკვლევის კუთხით, რამდენიმე სოფელი იკვეთება ქობულეთის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიებზე ვინც არის კონტაქტირებული, ყველას დაევალა მკაცრი თვითიზოლაციის წესების შესრულება, დანარჩენები გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში. დამატებითი ნიმუშებიდან, რაც გუშინ იქნა აღებული, არცერთი არ არის სამედიცინო პირი, პრაქტიკულად სამედიცნო პერსონალი არის უკვე გატესტილი ან მეთვალყურეობის ქვეშ.
ამ ეტაპისთვის კლინიკა “მედალფაში” გვყავს 19 ინფიცირებული პაციენტი. ამ 19-დან სამი მალე გამოჯანმრთელდება. მათ შორის ერთი მეორად კონტროლზეა და მისი პასუხი დღეს იქნება ცნობილი. დღეს ასევე, 2 პირის პირველადი კვლევის პასუხი იქნება ცნობილი. 19 პაციენტიდან ერთი მძიმე მდგომარეობაში რჩება, თუმცა შედარებით გაუმჯობესება აღენიშნება. ერთი საყურადღებო პაციენტია, დანარჩენების მდგომარეობა კი მსუბუქი და საშუალო გახლავთ. 2 აპრილის შემდეგ კლინიკებიდან შემოსულია 316 ზარი. მათ შორის 25 ცხელების ცენტრში გადავამისამართეთ. დღეს, დილის ინფორმაციით, ცხელების ცენტრში იმყოფებოდა 12 შესაძლო ინფიცირებული, მათ შორის 11 – ინფექციური საავადმყოფოდან და ერთი – ემერჯენსიდან, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები ისევ დღის განმავლობაში იქნება ცნობილი. საკარანტინე სივრციდან უკვე ჯამში გასულია ორიათასამდე პირი, ხოლო 1800-ზე მეტი რჩება მეთვალყურეობის ქვეშ, ზოგადი მდგომარეობა არის კონტროლირებადი, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.