ქობულეთის კლასტერის წარმოშობის მიზეზი რამდენიმე ადამიანის ურჩობაა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მედიასთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის შემოღებისა, კანონმორჩილ ადამიანებთან ერთად არიან ურჩი მოქალაქეებიც, რომელთა უპასუხისმგებლო მოქმედების შედეგია ქობულეთის რამდენიმე სოფელში ახალი კორონავირუსის გავრცელება, რის გამოც ისინი ჩაიკეტა.
– დღეს დაგვემატა 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა ქობულეთის კლასტერიდან. მასში უკვე 20 ადამიანია. საერთო ჯამში, აჭარის რეგიონში, ბათუმის „მედალფას“ კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. კლინიკიდან უკვე გაეწერა 6 პაციენტი და მათ მალე 2 ადამიანი შეუერთდება. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების და მათი ახლო კონტაქტების რაოდენობა 203-ს შეადგენს. ყველა ეს ადამიანი საკარანტინო ან თვითიზოლაციის რეჟიმშია გადაყვანილი. ისინი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. 187 მათგანს უკვე ჩაუტარდა სწრაფი ტესტები. რაც შეეხება მოსახლეობას, მათი დიდი ნაწილი იცავს ქვეყანაში დაწესებულ რეჟიმს, თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ქობულეთის კლასტერის წარმოშობის მიზეზი რამდენიმე დაუმორჩილებელი ადამიანი გახდა, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 252 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 63 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.