„ასეთი განსაცდელის დროს არც მორალურად მიმაჩნია სწორად სოფლის დატოვება და არც პოლიტიკურად“
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
მას შემდეგ, რაც ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ჩაიკეტა. სოფლებში შესვლა მკაცრად კონტროლდება, გასვლა კი 14 დღის განმავლობაში აკრძალულია. ხელისუფლება ირწმუნება, რომ იქ მცხოვრებლებს სურსათის და მედიკამენტების პრობლემები არ შეექმნებათ. იგეგმება მობილური ბაზრების მოწყობა. მოსახლეობას უტარდება თერმოსკრინინგი.
ერთ-ერთ ჩაკეტილ სოფელშია აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრი ცოტნე ანანიძე.
– ლეღვაში ვიმყოფები, მასთან ერთად ჩაკეტილია რამდენიმე მომიჯნავე სოფელი და სპეციალისტების მოთხოვნის საფუძველზე საკარანტინე რეჟიმია დაწესებული, რადგან ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კოვიდ-19 საკმაოდ ბევრ ადამიანს დაუდასტურდა. სოფელი ცდილობს გაუმკლავდეს შექმნილ მდგომარეობას და დაიცვას წესები. აჭარის მთავრობა და მუნიციპალიტეტი კოორდინირებას უწევენ პროცესებს, – აცხადებს დეპუტატი.
– ბატონო ცოტნე, მოსახლეობის შიში და წუხილი, რომ არ შეიქმნას მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების პრობლემა, ბუნებრივია.
– ცხადია, კითხვები აქვთ ადგილობრივებს, მათ შორის, აგრარულ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ხომ არ შეიქმნება პრობლემა. საუბარია შხამქიმიკატებსა და სასუქზე. ბევრი ადამიანი დამიკავშირდა იმ სოფლებიდან, სადაც საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, პროტოკოლის დაცვით. შხამქიმიკატები ახლა განსაკუთრებით სჭირდება მოსახლეობას თხილის პლანტაციებში. ქობულეთის მერიამ განცხადება გაავრცელა სოფლებში მობილური ბაზრების განთავსებაზეც. მოსახლეობას პროდუქციას მიაწოდებენ.
– ხელისუფლება აცხადებს და თქვენც ამბობთ, რომ ჩაკეტილ სოფლებში სიტუაცია კონტროლდება. თუმცა სოციალურ ქსელში წერენ, რომ მოსახლეობა სოფლიდან გასასვლელ-შემოსასვლელად ბილიკებით სარგებლობს და უკონტროლოა სიტუაცია.
– გასასვლელებთან ხდება პატრულირება. თუმცა, კონტროლთან ერთად თითოეულ მოქალაქეს პასუხისმგებლობა ეკისრება, დაიცვას რეკომენდაციები, რაც შეამსუბუქებს და გააუმჯობესებს მდგომარეობას. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს გამეორება – მნიშვნელოვანია პროტოკოლის დაცვა და სოციალური დისტანცირება. დღევანდელ მსოფლიოს მხოლოდ ეს რეკომენდაციები აქვს ვირუსთან საბრძოლველად – დისტანცია და ჰიგიენური ნორმების დაცვა. თუ დავიცავთ შესაბამის რეკომენდაციებს, ვირუსთან გამკლავებას შევძლებთ. ყველა მოქალაქეს უმორჩილესად მინდა ვთხოვო, ნუ იქნებიან ამ ნაწილში დაუდევრები. ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ პრობლემის დაძლევა.
– როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ გაკონტროლდა თავის დროზე ქობულეთში სიტუაცია სათანადოდ, რომ არ მიგვეღო ის, რაც მივიღეთ?
– ამაზე სპეციალისტები ისაუბრებენ. პირველწყარო მოძიებული არ არის, თუმცა გამოვლენილი არიან კონტაქტში მყოფი პირები. წრე საკმაოდ დიდი იყო და ამიტომ დღის წესრიგში დადგა სოფლების ჩაკეტვა. მოსახლეობას უტარდება თერმოსკრინინგი, მშვიდად რომ იგრძნონ თავი. გამიჭირდება პასუხის გაცემა, იყო თუ არა შესაძლებელი თავიდან აგვეცილებინა კორონავირუსის გავრცელება, მაგრამ ბრძოლის და პრევენციის ნაწილში ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას არ ეკისრება – ადამიანებამდეც დადის. მოგზაურობის ისტორია როცა გაქვს, კონტაქტი – ინფიცირებულ პირთან, ამ შემთხვევაში თვითიზოლაცია მოქალაქეობრივი შეგნების, სოლიდარობის საკითხია, უნდა გაიაზრო როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების დაცვის ვალდებულებაც. დაუდევარობამ საკმაოდ ცუდი შედეგი მოგვცა. მესმის, რომ არავის სურს, იყოს ვირუსის გამავრცელებელი, თუმცა მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი, შესაბამისი ზომებიც უნდა მივიღოთ.
– საკანონმდებლო ორგანოში პროცესები გაჩერებულია, თუმცა უახლოეს პერიოდში ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება. ჩაერთვებით საკანონმდებლო საქმიანობაში?
– ჩემი გადაწყვეტილებაა, დავრჩე სოფელში. ასეთი განსაცდელის დროს არც მორალურად მიმაჩნია სწორად სოფლის დატოვება და არც პოლიტიკურად. ჩემი მშობლიური და მომიჯნავე სოფლების მოსახლეობასთან ერთად შევცვლით არსებულ სიტუაციას. ეს იქნება ჩემი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება – ვიყო იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც არის მოსახლეობა.
– მოსახლეობა შეშინებულია?
– შიში არის, ბუნებრივია, მაგრამ მხნეობა, იმედი შიშზე მეტია. აუცილებლად შევძლებთ საზოგადოება და ხელისუფლება სიტუაციის ნორმალიზებას. დავრჩეთ სახლებში და დავიცვათ სოციალური დისტანცია, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისას. რეკომენდაცია ვალდებულებად უნდა ჩავთვალოთ. ნურავის ეშინია, ყველაფერს ისევე დავძლევთ, როგორც სხვა გამოწვევები დაგვიძლევია.

