აჭარაში 5 ახალ ინფიცირებულს შორის 9 თვის ბავშვია
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93
აჭარის რეგიონში კოვიდ-19-ის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა შორის 2 არასრულწლოვანია.
ხუთივე შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ინფიცირებულთა შორის 9 თვის ბავშვი და მისი დედაცაა, ასევე, 5 წლის ბავშვიც. არსებული ინფორმაციით, ხუთივე ინფიცირებული სოფელ ლეღვაში ცხოვრობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება ამ ეტაპზე 25 ინფიცირებული და 355 ახლო კონტაქტი. კონტაქტებიდან გამოკვლეულია 180 პირი.
როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, ისინი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ, რომლის დროსაც რესპირაციული ჩივილები დაეწყოთ. 2 დღის განმავლობაში ქობულეთში 3700-ზე მეტ პირს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი.
– დადასტურდა 5 ახალი შემთხვევა, რომლებიც ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული. 5 ინფიცირებულიდან 2 გახლავთ არასრულწლოვანი, ერთი – წლამდე, მეორე კი 10 წლამდე ასაკის. დარჩენილი 3 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდანაა. ისინი უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. მათზე მიმდინარეობდა მეთვალყურეობა და გარკვეული რესპირაციული ჩივილები გამოუვლინდათ. ჰქონდათ კლინიკური გამოხატულებაც. ამჟამად ქობულეთის კლასტერიდან არის 25 დადასტურებული შემთხვევა. ამ 25 პირის ირგვლივ მოძიებულია ყველა პირველი და მეორე რიგის კონტაქტი, რომელთა რაოდენობამ ჯამში 355–ს მიაღწია. ყველა კონტაქტირებულ პირს დაუწესდა მკაცრი თვითიზოლაციისა და ზედამხედველობის რეჟიმი. ამ 355–დან დაახლოებით 180 პირს უკვე ჩატარებული აქვს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. დარჩენილი შედეგები პროტოკოლის დაცვით ამ დღეებში გაიტესტება და მათი პასუხებიც გვეცოდინება. ქობულეთის სოფლებში მასობრივი შემზღუდავი ღონისძიებები მიმდინარეობს. თერმოსკრინინგის გარდა ყველა მოქალაქის ანამნეზის შეგროვება მიმდინარეობს, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული რესპირაციული ჩივილების გამოვლენის ერთეული ეპიზოდის შესახებაც კი. ასეთი პირები საყურადღებო პირებად არიან მიჩნეულნი. იქმნება მათი რეესტრი, ისინი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დგებიან და თითოეულ მათგანს უტარდება ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. უკვე 2 დღის განმავლობაში აღნიშნული თერმოსკრინინგის რაოდენობა 3700–ს აჭარბებს. 17 ადამიანი საყურადღებოა. აქედან ათს უკვე აუღეს ნიმუში და მათი პასუხები ხვალისთვის გვეცოდინება. წლამდე ასაკის ბავშვთან ერთად ინფიცირებულია მშობელიც. დედა-შვილი გადაიყვანეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. ბავშვი არის მსუბუქი რესპირაციული ჩივილებით, – გვითხრა ნინო ნიჟარაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით 272 ინფიცირებულია, აქედან 68 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

