ბულვარში სეირნობა აკრძალული არ არის
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63
ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილებისა და ბულვარის ვიზიტორთა უსაფრთხოებისთვის სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ბულვარის მთელი ტერიტორიის მორეცხვა დაიწყო. ასევე, კოვიდ-19 -ის პანდემიის გამო, ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე შეზღუდულია სპორტულ-გასართობი მოედნებით, ძველ და ახალ ბულვარში საბავშვო ატრაქციონებით, სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორებით სარგებლობა.
ამასთანავე, დახურულია სკეიტ-პარკი, ჩოგბურთის მოედანი, ვეტერანთა საჭადრაკო კლუბი „ნონა“, შეჩერებულია ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული კაფე-ბარების ფუნქციონირება.
ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეზღუდონ ბულვარში სეირნობა, განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში კი გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან სოციალური დისტანცია, ბათუმის ბულვარში არსებულ საპარკე ინსფრასტრუქტურაზე შეხების დროს კი – დეზინფექციის ნორმები.
შეზღუდვების მიუხედავად, სეირნობას მოწყურებული ბათუმელები ამინდსა და უამინდობაშიც აწყდებიან ბულვარს.
რა სიტუაციაა ამ კუთხით და რამდენად იცავენ მოსეირნეები უსაფრთხოების ნორმებს, ამაზე საუბრობს ბათუმის ბულვარის დურექტორი ირაკლი ჯინჭარაძე.
– ბულვარში ხალხი ისევ სეირნობს, არ დაიკეტა?
– არა, ბულვარი არ დაკეტილა. დაიხურა მისი ადმინისტრაცია და ყველა სამსახური გადავიდა დისტანციურ მართვაზე. მე აქ ვიმყოფები და ტელეფონით თუ ინტერნეტით ვაკონტროლებ პროცესს. დოკუმენტაციას ვიღებ და ვაგზავნი სკაიპით თუ ელფოსტით. რაც შეეხება გარე პერიმეტრს, საკმაოდ დატვირთულია ვიზიტორებით, განსაკუთრებით, როცა გამოიდარებს. ცხადია, ვატარებთ დეზინფექციას, მაგრამ თავად მოქალაქეებმაც უნდა დაიცვან დისტანცია და არ დაარღვიონ საგანგებო მდგომარეობის წესები.
– თუკი არ იცავენ მათივე უსაფრთხოების მიზნით შემოღებულ წესებს, მაშინ რატომ არ აღკვეთთ სახალხო სეირნობებს?
– დღევანდელი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სეირნობა აკრძალული არ არის. თანაც ბულვარის ჩაკეტვაც არ არის მარტივი. არ გააჩნია არც ჭიშკარი, არც ჯებირი, გაშლილია ქალაქის მთელ პერიმეტრზე და მისი გაკონტროლება რიგ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ მივიღეთ პრევენციის სხვა ზომები. კერძოდ, საბავშვო კუთხეებს, სასრიალოებს, ტრენაჟორებს შემოვარტყით წითელი სარტყელი და დავუყენეთ ფირნიშები წარწერით „აკრძალულია“, მაგრამ მაინც იყო მათი გამოყენების შემთხვევები. ამიტომ დაცვის პოლიცია დადის დილის ათი საათიდან საღამოს 6 საათამდე, ამოწმებს და აფრთხილებს ყველას, ვინც არღვევს ჩვენს მიერ დაწესებულ აკრძალვებს.
– რამდენი დააჯარიმეთ?
– სიმართლე გითხრათ, ჯერ არავინ დაგვიჯარიმებია, რადგან აქამდე არ მისულა საქმე. როდესაც შენიშვნას ვაძლევთ, გვემორჩილებიან.
– რაც შეეხება გარე პერიმეტრზე მიმდინარე სამუშაოებს, ბულვარს ხომ ყოველდღიური მოვლა-პატრონობა სჭირდება?
– ვცდილობთ, ეს პროცესი შევანელოთ, თუკი უკიდურესი აუცილებლობა არ არის. მუშების ბრიგადები შევამცირეთ. გავთვალეთ მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც არ შედის რისკის ჯგუფში. ვიძახებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც აუცილებელია ჩარევა. ეს ხალხიც ადმინისტრაციის მიერ შეძენილი სრული ეკიპირებით გამოდის გარეთ. სამზე მეტი ერთად არ მუშაობს. ვცდილობთ, არ გავაფუჭოთ ამდენი ხნის ნაშრომ-ნაამაგარი, მაგრამ იმასაც ვახერხებთ, რომ პერსონალი არ დაინფიცირდეს. მოკლედ, ლავირებას ვახდენთ და ამ ზომების მიღების შედეგად, ჯანმრთელობისთვის სახიფათო არანაირი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ჩვენს გარემოცვაში. ამას ხელს უწყობს დეზინფექციაც, რომელსაც ვატარებთ მუდმივ რეჟიმში. ამ დღეებში სპეციალური ტექნიკის საშუალებით მოირეცხა სასეირნო ზღვისპირა ზოლი და ველობილიკის გარკვეული მონაკვეთი. მთელი ბულვარი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დავრეცხეთ. ასევე, დამუშავდება სანაპიროს გასწვრივ არსებული პრომენადი, სასეირნო ბილიკები და ველობილიკი. სადეზინფექციო და მორეცხვითი სამუშაოების პროცესი ზღვისპირა ბულვარში ეტაპობრივად გაგრძელდება. ვსარგებლობ შემთხვევით და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის სახელით მადლობას ვუხდი შპს სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის.უკვე დათბა, ხალხმაც იმატა ბულვარში. ჩვენი თანამშრომლები ივლიან მთელ პერიმეტრზე მონიტორინგის მიზნით და მიკროფონით მოუწოდებენ მოსეირნეებს, დაიცვან დისტანცია.
– ყვავილებს ხომ გადარგვის თუ დარგვის თავისი სეზონი აქვს?
– ამას ჩვენი თანამშრომლები აწესრიგებენ. ისინი სრული ეკიპირებით, მაგრამ ძალიან შეზღუდული რაოდენობით გადიან სამუშაოდ. გაცელვით სამუშაოებსაც ვაწარმოებთ მხოლოდ იქ, სადაც ეს აუცილებელია, რათა ბულვარი ბალახით არ დაიფაროს. ადრე თუ 12 კაცი მუშაობდა ერთ უბანზე, ახლა იქ 2 ადამიანი მუშაობს. ცხადია, ისინი ვერ მოახერხებენ ყველაფრის გაკეთებას, მაგრამ მთავარია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, სხვას ყველაფერს მოევლება.
– ოპტიმისტები საკმაოდ „ცხელ“ ტურისტულ სეზონს წინასწარმეტყველებენ. ცხადია, იგულისხმება შიდა ტურიზმი. ამბობენ, სახლში გამომწყვდეული საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი მოაწყდებაო ბათუმს, რადგან უცხო ქვეყნების საზღვრებიც და კურორტებიც ჩაკეტილი იქნება.
– არ ვიცი, რა იქნება და როგორ. . . სიმართლე გითხრათ, არ ვარ ასეთ ოპტიმისტურ განწყობაზე, მაგრამ ერთ რამეს შეგპირდებით, რომ თუ უფლის წყალობით, უვნებლად მივაღწიეთ ზაფხულამდე, ბულვარი ჩვენს ვიზიტორებს დახვდება ისევ ისეთი ლამაზი და მოწესრიგებული, როგორიც მსოფლიო პანდემიის გამოცხადებამდე იყო. მინდა მადლობა გდავუხადო ჩვენს ექიმებს, რომლებიც მუხლჩაუხრელად ებრძვიან ახალ კორონავირუსს. ვუსურვებ მათ გამძლეობას და ჯანმრთელობას. ჩვენი ერი არასოდეს დაივიწყებს იმას, რაც ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის გააკეთეს და ახლაც აკეთებენ.